ამ წლიდან ატესტატების გაცემა იუსტიციის სახლებში მოხდება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გაზეთ "ვერსიასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროსთან ხელშეკრულება რამდენიმე დღეში გაფორმდება.
"რამდენიმე დღეში იუსტიციის სამინისტროსთან ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას და ამ წლიდან ატესტატების გაცემა სკოლებში კი არა, იუსტიციის სახლებში მოხდება ", - აცხადებს შაშკინი.
შაშკინი გაზეთთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა განათლების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის, მაია მიმინოშვილის ბრალდებას, რომლის მიხედვით, გასულ წელს განათლების მინისტრმა 600-მდე ყალბი ატესტატი გასცა.
მინისტრის თქმით, ეს ინფორმაცია ტყუილია, რეალურად კი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის სპეციალური 298 ატესტატი დამზადდა იმის გამო, რომ მიმინოშვილმა მინისტრის ბრძანება არ გაითვალისწინა და უმცირესობებისთვის ქართული ენის ჩასაბარებლად ლოიალური სისტემა არ აამუშავა.
"შარშან წამოვიწყეთ პროექტი "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის", რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლების გაძლიერებას გულისხმობს, ანა ქებაძემ - პროგრამის ხელმძღვანელმა ბრწყინვალების ორდენი მიიღო ამისთვის. შარშან ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების 60% ჩაიჭრა, წელს - 10%-ზე ნაკლები. აი ესაა ამ პროგრამის შედეგი. მაიას არაერთხელ დაჟინებით ვთხოვე და ვუბრძანე კიდეც, რომ წელს ქართულ ენაში სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებისათვის მოგვეფიქრებინა ისეთი სისტემა, რომელიც მაქსიმალურად ლოიალურად შეაფასებდა ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სამწუხაროდ მიმინოშვილმა ჩემი ეს თხოვნა თუ მოთხოვნა არ გაითვალისწინა და შედეგად, ბავშვები მაინც ჩაიჭრნენ. მათ შორის იყო 298 ბავშვი", - განაცხადა შაშკინმა.
მისი თქმით, სპეციალური სერიის მხოლოდ 298 ატესტატი დაიბეჭდა და არა მიმინოშვილის მიერ დასახელებული - 600.
" მაია ხვალ იტყვის, რომ სატანა ვარ და შეიძლება ახალი რიცხვი თქვას, მაგალითად - 6000. არ ვფიქრობ, რომ ცუდი იურისტი ვარ. უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე, ასე რომ, ზუსტად ვიცი, რაც არის ყალბი დოკუმენტი. ეს სპეცსერიის ატესტატები დამტკიცდა ფინანსთა სამინისტროს მიერ, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია, გაიარა საჭირო პროცედურები, მაგრამ გამოყოფილია მოსწავლეთა იმ ბაზიდან, ვისაც საქართველოში სწავლის უფლება აქვს. ყველამ იცის, რომ როცა ეს ატესტატი გაქვს, ისწავლი ბაქოში, ერევანში, მოსკოვში, მაგრამ არა საქართველოში, რადგან ჩვენ ჩვენი საატესტატო სისტემა გვაქვს", - აცხადებს შაშკინი.
იხილეთ: გამოცდების ცენტრის ყოფილი თანამაშრომლები მათ მიმართ ზეწოლასა და დაშინებაზე საუბრობენ
ასევე იხილეთ:
- დიმიტრი შაშკინის ნებართვით 600-მდე ყალბი ატესტატი გაიცა - მაია მიმინოშვილი (ვიდეო)
- მიმინოშვილის შემცვლელის "კომფორტის ფორმულა" - სეფერთელაძის ერთი პასუხი ყველა კითხვაზე (ვიდეო)