დაკავებული ადამიანები მუდამ თავისუფალ დროსა და შვებულებას ნატრობენ, სტუდენტები და მოსწავლეები კი არდადეგებს მოუთმენლად ელიან, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იმდენი თავისუფალი დრო აქვს, რომ აღარ იციან, რა გააკეთონ.
თბილისში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავისუფალ დროს სახლში ატარებს. აღნიშნულს "ეისითის" კვლევაც მოწმობს. გამოკითხულთა 76%-სთვის თავისუფალ დროს სახლში ყოფნა ჩვეული ამბავია, 13% - სტუმრად დადის, ქალაქგარეთ გასვლას მხოლოდ 2% ახერხებს და ამდენივე რესტორნებსა თუ კაფე-ბარებში სიარულს. გამოკითხულთა მხოლოდ 2% მიდის კონცერტებზე, 1% - თეატრში და ამდენივე, ბოულინგ ცენტრსა და საბილიარდოში.
რთული სათქმელია ეს მაჩვენებელი ეკონომიკური ფაქტორებითაა გამოწვეული თუ სხვა მიზეზებით. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში დასაქმების პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას, ბევრი თავისუფალი დრო უამრავ ადამიანს აქვს. მათ შორის არიან როგორც ახალგაზრდები, ისე ასაკში შესულებიც. ახალგაზრდები დროის გაყვანის ახალგაზრდულ გზებს ირჩევენ - მეგობრებთან ერთად დადიან კაფეებში, დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებენ, უყურებენ ფილმებს და ალაგ-ალაგ კითხულობენ.
თეონა ჭიტაძე