მოსახლეობის ბოლო აღწერა საქართველოში 2002 წლის იანვარში ჩატარდა. მომდევნო აღწერა კი 2010 წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ გადაიდო. ოფიციალური ვერსიით ამის მიზეზი მსოფლიო-ეკონომიკური კრიზისი გახლდათ. ამის შემდეგ ლაპარაკი იყო აღწერის 2012 ან 2013 წლებში ჩატარებაზე. როგორც "საქსტატის" პრესსამსახურში ამბობენ, უნდა შეიქმნას სამთავრობო კომისია, რომელიც აღწერის ჩატარების ზუსტ თარიღს განსაზღვრავს, ჯერჯერობით კი, ეს თარიღი დადგენილი არ არის. "ჩვენი მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, ალბათ, კარგა ხანს ვერ ჩატარდება იმიტომ, რომ ამისათვის სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოებია საჭირო" - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა ბერიძე:
- ბატონო ვაჟა, ავუხსნათ მკითხველს, რა საჭიროა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა და რა მნიშვნელობა აქვს მას.
- მოსახლეობის საყოველთაო აღწერა არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომლის მიზანია განსაზღვროს ამ ქვეყნის მოსახლეობის სოციალური შემადგენლობა, დასაქმების სტრუქტურა, დამქირავებელთა და დაქირავებულთა რაოდენობა, თვითდასაქმებულთა რიცხვი, უმუშევრობისა და მიგრაციის მაჩვენებლები და სხვა საერთო-ეროვნული პრობლემები. აქედან გამომდინარე, გაერო და ისეთი სერიოზული სოლიდური ორგანიზაცია, როგორიც არის "ევროსტატი", დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მოსახლეობის აღწერას ამა თუ იმ ქვეყანაში. მასალა, რომელიც აღწერის შედეგად მოიპოვება, ძალიან ღრმა და სერიოზული განხილვის საფუძველი ხდება ხოლმე. აღწერის შედეგები უაღრესად მნიშვნელოვანია გლობალური თუ რეგიონული პრობლემების გადასაწყვეტადაც. ამიტომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა მსოფლიოში უმნიშვნელოვანეს მოვლენად არის მიჩნეული.
- საქართველოს მოსახლეობის აღწერის თარიღი დღესაც გაურკვეველია. რატომ არიდებენ თავს აღწერის ჩატარებას?
- ჩემი აზრით, საამისოდ ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ მათგან უპირველესი არის ის, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, მმართველ ძალას ხელს არ აძლევს იმ ტენდენციების დოკუმენტური დადასტურება, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, იქნება ეს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა თუ მიგრაციული პროცესები. როდესაც ამ საკითხებზე მხოლოდ ვერსიების დონეზე ვმსჯელობთ, პასუხი იოლი გასაცემია, მაგრამ როდესაც ეს ინფორმაცია სერიოზული კვლევის შემდეგ დაიდება, სიმართლეს ვერ გაექცევიან. სწორედ ამიტომ შევარდნაძის ხელისუფლებაც დიდხანს აჭიანურებდა საყოველთაო აღწერის ჩატარების საკითხს და სააკაშვილის ხელისუფლებაც აჭიანურებს. ამის უპირველესი მიზეზი იყო და არის ის, რომ რეალური ვითარება არ იქნას დოკუმენტურად დადასტურებული და ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის. ამიტომ, მმართველი ძალა ყოველმხრივ შეეცდება, რაც შეიძლება შორს გადასწიოს მოსახლეობის აღწერის თარიღი.
ჩვენ არ ვიცით საქართველოს მოსახლეობის ზუსტი რიცხვი, არ ვიცით მიგრაციული პროცესების ხასიათი და დინამიკა, რაც, ბუნებრივია, ხელს აძლევს მმართველ ძალას. ეს საუკეთესო გზაა არჩევნების შედეგების გასაყალბებლად.
- თუმცა, მიზეზად ასახელებენ, რომ მოსახლეობის აღწერას დიდძალი თანხა სჭირდება, რომ ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა უნდა გამოიყოს.
- თუ მოსახლეობის რაოდენობა და კეთილდღეობის დონე არ გაინტერესებს, თუ ამისთვის არ გემეტება თანხა, აბა რისთვისღა გემეტება? რისთვის ჩამოგყავს პლასიდო დომინგო და რა ტაშ-ფანდური გაგიმართავს?! ან რისთვის გჭირდება პარლამენტის შენობა, რომლისთვისაც 133 მილიონს "ისვრი" ბიუჯეტიდან და სტახანოვური ტემპით, დამკვრელური მეთოდებით აშენებ? ერთი რამ ცხადია - საქართველოს მოსახლეობას ეს პარლამენტი ნამდვილად არ სჭირდება. ვისთვის აკეთებ ყოველივე ამას? უნდა ვაღიარო, რომ მოსახლეობის აღწერა მართლა არ არის ისეთი მარტივი აქცია, რომ უცბად გადაწყვიტო და ჩაატარო. თუ 2002 წლის აღწერის შედეგებს გავითვალისწინებთ, მის ჩასატარებლად 24 300-ზე მეტი "სააღწერო მუშაკი" გახდა საჭირო. იმედია, ბატონ მამუკა კაციტაძეს და მის თანამოაზრეებს არ ეწყინებათ, თუ ვიტყვი: 11 ათასი კაცით აპირებენ აქცია "კარდაკარის" ჩატარებას, ანუ მოსახლეობის ფაქტობრივ აღწერას? ჩემი აზრით, ამ რაოდენობის ხალხის მიერ ასეთი მნიშვნელოვანი საქმის მოგვარება ფიზიკურად შეუძლებელია. 24 ათასზე მეტი ადამიანია საჭირო აღწერის ჩასატარებლად, თანაც ამ ხალხს სჭირდება უზრუნველყოფა შესაბამისი მასალებით, სჭირდება შესაბამისი ტრენინგები და ბევრი სხვა რამ, მომზადებულნი რომ შეხვდნენ საყოველთაო აღწერას. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ 2002 წლის აღწერის პირველი, ანუ მოსამზადებელი ეტაპი რვა წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 1995 წელს დაიწყო ეს პროცესი და 2002 წლის იანვარში დასრულდა. რა თქმა უნდა, ვადების შეკუმშვაც შეიძლება, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოებისათვის, სულ ცოტა, 3-4 წელი მაინც არის საჭირო. საქართველოში კი ჯერ მზადებაც არ დაწყებულა.
- ესე იგი, აღწერა უახლოესი ორ წლის განმავლობაში ვერ ჩატარდება?
- 3-4 წელი მაინც სჭირდება მოსამზადებელ პერიოდს და ამიტომ, სავარაუდოდ, 2016 წლამდე მოსახლეობის აღწერა არ ჩატარდება. ისევ 2002 წლის აღწერას გავიხსენებ: ის ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ, მოპოვებული მასალების დამუშავება მთელი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდა. მით უმეტეს, 2002 წლის აღწერა სულაც არ მიმაჩნია სანიმუშოდ, რადგან მას ბევრი ხარვეზი ჰქონდა. მისი მომზადება და ჩატარება გაცილებით უკეთესად უნდა მომხდარიყო და გაცილებით სანდო მასალები უნდა მოგვეპოვებინა, მაგრამ ასე იყო თუ ისე, 1989 წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის აღწერა ვერ მოხერხდა, 2002 წელს კი აღწერა ჩატარდა და რაღაც მონაცემები მაინც დაიდო.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღწერა 2014 წელს უნდა ჩატარდეს, თუმცა "საქსტატში" აცხადებენ, რომ ვადები ჯერჯერობით გაურკვეველია.
- ხელისუფლებამ უნდა თქვას, აპირებს თუ არა საერთოდ აღწერის ჩატარებას, ან როდის აპირებს და დაუყოვნებლივ უნდა შექმნას შესაბამისი სახელმწიფო კომისია, რომელიც ამ აღწერის საორგანიზაციო მხარეს უხელმძღვანელებს. მხოლოდ "საქსტატი" ამ საქმეს თავს ვერ დაადგამს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ ვერ გავიგებთ, რამდენი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან ან რამდენი შემოვიდა და ვერ შევძლებთ შესაბამისი მიგრაციული პოლიტიკა შევიმუშაოთ და ვაწარმოოთ. ეს ყველაფერი უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული და კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. ასეთი რამ კი არ ხდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ საყოველთაო აღწერის ჩატარება და მისი შედეგების განსაზღვრა ამჟამინდელ მთავრობას არ სურს.
- ცნობილია, რომ 2000 წელს აშშ-ში ჩატარებული აღწერის დროს ერთ ადამიანზე 23 დოლარი დაიხარჯა, ხოლო 2010 წელს - 54 დოლარი, მაშინ, როდესაც ბოლო აღწერის დროს საქართველოს ერთ მოქალაქეზე 1 დოლარიც კი არ დახარჯულა. როგორ მოხერხდა ეს?
- ჩვენ სახელმწიფო ფინანსების ფლანგვის დიდოსტატებიც ვართ და და ჯადოქრებიც, ისეთ მცირე თანხას ვხარჯავთ ზოგიერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. მოსახლეობის აღწერა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამ საქმეს საკმაო თანხა დასჭირდება, მაგრამ არც იმდენი, რომ აღწერის ჩატარებაზე ხელისუფლებამ უარი თქვას. დღეს ლამის ნახევარი საქართველო სამუშაოს საძებნელად არის გასული, მეორე ნახევარი კი - წასვლას აპირებს, ამ პირობებში აღწერის ჩატარება მართლაც რთულია, მაგრამ მაინც უნდა შევძლოთ. მსოფლიოს ყველა ცივილიზებული თუ არაცივილიზებული ქვეყანა ატარებს მოსახლეობის აღწერას. ყველა ხელისუფლება ცდილობს დაადგინოს, რა პრობლემები აქვს მის ხალხს, როგორია მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ამის საფუძველზე შეიმუშაოს სოციალური პოლიტიკა, თუმცა ეს არ ეხება უპასუხისმგებლო მთავრობებს.
ხათუნა ჩიგოგიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)