დავით სანაკოევი - ცხინვალს დამოუკიდებლობის აღიარებაზე აზრების თანხვედრა რამდენიმე ახალ სახელმწიფოსთან აქვს

დავით სანაკოევი - ცხინვალს დამოუკიდებლობის აღიარებაზე აზრების თანხვედრა რამდენიმე ახალ სახელმწიფოსთან აქვს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით სანაკოევის განცხადებით, ცხინვალს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით, აზრების თანხვედრა რამდენიმე ახალ სახელმწიფოსთან აქვს.

ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა "იზვესტიასთან" ინტერვიუში განაცხადა.

სანაკოევის თქმით, მისი უწყების პრიორიტეტია, ე.წ. სამხრეთ ოსეთი უფრო მეტმა ქვეყანამ აღიაროს და ამ კუთხით აქტიური მუშაობა განხორციელდება.

"ამასთან დაკავშირებით აზრების თანხვედრა ჩვენ რამდენიმე ახალ სახელმწიფოსთან გვაქვს. თუმცა ჩვენ იმ ქვეყნებთანაც გავაგრძელებთ მუშაობას, რომელთანაც ჯერ კონსტრუქციული დიალოგი არ გვაქვს", - განაცხადა სანაკოევმა.

სანაკოევს არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყნებთან აქვთ ამ ეტაპზე კონსულტაციები, თუმცა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით აქცენტი ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში გაკეთდება.

ხოლო კითხვაზე, იყო თუ არა შეთანხმებული მათთან სერბეთის ახალი პრეზიდენტის ტომისლავ ნიკოლოჩის განცხადება, რომ სერბეთის პარლამენტმა, შესაძლოა, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს, დავით სანაკოევმა აღნიშნა, რომ "ეს საკითხი მასთან არ განხილულა".

"მე ახლახან შევუდექი ამ პოსტზე მუშაობას და ჯერ არ მაქვს სრული ინფორმაცია საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში მე მექნება ინფორმაცია იმის შესახებ, რამ უბიძგა ნიკოლიჩს ასეთი განცხადებები გაეკეთებინა", - დასძინა დავით სანაკოევმა.

მანვე ისაუბრა საქართველოსთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე და ამისთვის პირობები დაასახელა.

" სანამ საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების გარანტია არ იქნება, პირდაპირი მოლაპარაკებები შეუძლებელია. დღეისთვის საქართველოსთან ურთიერთობის ერთადერთი ფორმაა ჟენევის მოლაპარაკებები", - განაცხადა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?