Summer Job-ში დასაქმებულ სტუდენტებს "ნაცმოძრაობის" აქციებზე სიარულს ავალდებულებენ

 Summer Job-ში დასაქმებულ სტუდენტებს "ნაცმოძრაობის" აქციებზე სიარულს ავალდებულებენ

დღეს სტუდენტური დასაქმების პროგრამაში (Summer Job) მონაწილეობის მსურველთათვის ხელახალი რეგისტრაცია დაიწყება. თუმცა, როგორც "მთელი კვირისთვის" გახდა ცნობილი, ამჯერად პროგრამაში გარანტირებულად მოსახვედრად სტუდენტებს ერთ პირობას უყენებენ - ისინი მუდმივად უნდა დაესწრონ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციებსა თუ შეხვედრებს.

ამ წინადადებით სტუდენტებს "ნაციონალურ მოძრაობის" კოორდინატორები უკავშირდებიან.

"3 დღის წინ მეზობელმა - "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორმა დამირეკა, იცოდა რა ჩემი ოჯახის გაჭირვების ამბავი, ჩემი სტუდენტი შვილის დასაქმება და სოციალური პაკეტი შემომთავაზა. მითხრა, რომ ჩემს შვილს ერთი თვით დაასაქმებდა. ანუ საზაფხულო დასაქმებაზეა ლაპარაკი, 500 ლარს გადავუხდითო, რომ თქვა სააკაშვილმა. თან ისიც მითხრა, რომ საშემოსავლო ჩამოეჭრებაო და მთლიანად მაგ თანხას ვერ აიღებსო. ოღონდ როცა დაგირეკავთ, ჩვენ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე უნდა მოვიდესო.

"სხვათა შორის ეს პირველი შემთხვევა არ არის, ბევრი ასეთი შემთხვევა გამიგია. ეს ყველაფერი მასიურად ხდება, თუმცა, ძირითადად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სთავაზობენ და ამ გზით მათ გადაბირებას ცდილობენ", - გვითხრა ნინომ, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა.

"არ მინდა, პრობლემები ამ ადამიანს შევუქმნა. თვითონ პარტიის კორდინატორები და აქტივისტებიც ცუდ დღეში არიან - წამოსვლა უნდათ, თუმცა ისინიც დაშინებულები არიან და იძულებულები არიან ხელისუფლების დავალებები შეასრულონ", - განუცხადა "მთელ კვირას" ნინომ.

მმართველ პარტიაში კი კოორდინატორების მიერ სტუდენტებისათვის დასაქმების შეთავაზებას გამორიცხავენ. "ნაცმოძრაობის" პრესსამსახურის წარმომადეგენლი გიორგი პატარაია აცხადებს, რომ ასეთი დავალება არავისთვის არ აქვთ მიცემული.

საარჩევნო საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კი ამას კანონდარღვევად აფასებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნებისათვის" თავმჯდომარე ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ეს ადმინიტრაციული რესურსების გამოყენებაა, რაც მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია.

"თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. დასაქმების პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, პარტიას კი საბიუჯეტო პროგრამების გამოყენება თავის ინეტერესებისთვის ეკრძალება.

"თუ ასეთ დაპირებას და შეთავაზებას ჰქონდა ადგილი, ეს, რა თქმა უნდა, არის კანონდარღვევა და ადმინსიტრაციული რესურსის პარტის მიზნებისთვის გამოყენება", - უთხრა "მთელ კვირას" ლომჯარიამ.

საია-ს იურისტის, ლელა ტალიურის თქმით კი ასეთი დაპირებები, შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვათაც ჩაითვალოს.

"ის დასაქმების პროგრამა, რომელიც ხორციელდება, არ არის რომელიმე პარტიის პროგრამა. ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ხელისუფლება და მას კურირებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. შესაბამისად, პროგრამაში მონაწილეებს, გარდა იმისა, რომ იმუშავებენ ერთი თვე და ანაზღაურებას მიიღებენ, სხვა რაიმე დამატებითი ვალდებულება არ წარმოეშვებათ.

"აქედან გამომდინარე, თუ ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა, ეს კანონდარღვევად ჩაითვლება. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა არ ნიშნავს რომელიმე პარტის სასარგებლოდ აქტივობებში მონაწილეობას. ეს არის ნებაყოფლობითი დასაქმება და ის თანხაც ბიუჯეტიდან გამოიყოფა, რომელსაც შემოსავლის სახით აიღებენ. თუ ვინმე ამ პირობით ჩართავს ამ ადამიანებს, ესეც არ შეიძლება.

"რაც შეხება დაპირებას სოციალურ პროგრამების ჩართვასთან დაკავშირებით, ეს შეიძლება შეიცავდეს მოსყიდვის ნიშნებს იმიტომ, რომ თუ ეს ადამიანები მოქმედებენ, ამ შემთხვევაში, რომელიმე პარტიის სახელით და სანაცვლოდ ჰპირდებიან სოციალურ დახმარებებს, ასეთი ქმედება კანონმდებლობით აკრძალულია და შეიძლება შეიცავდეს ამორჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.

"ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთი ფაქტები უნდა გახმაურდეს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ შემდეგ ამას რეაგირება მოჰყვეს. შეიძლება კანონით განვმარტოთ და ვთქვათ, რომ ესა თუ ის პარტია იყენებს ადმინისტრაციულ რესურს რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ, მაგრამ იმისათვის, რომ სამართლებრივი შეფასება და რეაგირება მოჰყვეს, პრევენცისთვის და ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს, საზოგადოება ამის შესახებ აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული", - ამბობს ტალიური.

შეგახსენებთ, რომ დღეს პროექტში Summer Job მონაწილეობის მსურველი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის პირველი რეგისტრაცია 20 მარტს შედგა. თუმცა, როგორც პროექტის ორგანიზატორები განმარტავენ, დარეგისტრირებულ სტუდენტთა ნაწილის გეგმები შეიცვალა, რის გამოც ისინი პროექტს გამოეთიშნენ. გამოთავისუფლებულ სამუშაო ადგილებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელახალ რეგისტრაციას იწყებს.

ამ ეტაპზე სტუდენტებისთვის 1500-ზე მეტი ადგილია ვაკანტური.

პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში სულ 25 000 სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტური დასაქმების პროგრამა თბილისში 2006 წელსაც, თვითმმართველობის არჩვნებამდე რამდენიმე თვით ადრე განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ერთი თვით დასაქმებულ თითოეულ სტუდენტს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 300 ლარი გადაუხადეს.

თიკო ოსმანოვა

გაზეთი ”რეზონანსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"