კოალიცია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, გოგა ჟვანიას ირაკლი ალასანიასთან ერთად სამეგრელოში წინასაარჩევნო პროცესებში აქტიური მონაწილეობა და მონიტორინგი დაევალა... გოგა ჟვანია ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე გვესაუბრება.
- ბატონო გოგა, თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, ვისაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ შეხვდა და თანამშრომლობა შესთავაზა. თქვენც მაშინვე დათანხმდით. რა იყო ეს თქვენი მხრიდან - ნდობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, თუ ხელისუფლებაზე განაწყენებული ადამიანის საქციელი?
- ნამდვილად არ ვნანობ ჩემს საქციელს, რადგანაც მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყანა გამოიყვანოს მძიმე მდგომარეობიდან. ქართველი ხალხის ნდობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ კარგად გამოჩნდა 27 მაისს, როდესაც ასეულობით ათასმა ადამიანმა მხარი "ქართული ოცნების" ლიდერს დაუჭირა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბატონი ბიძინა "ქართულ ოცნებასა" და ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს.
- 27 მაისის შემდეგ "ქართული ოცნების" ოფისებსა და მის წევრებზე ზეწოლა გაძლიერდა. დაარბიეს და გაძარცვეს გორის ოფისი, დედოფლისწყაროს ოფისიდან პიროვნება გაიტაცეს და სცემეს...
- ხელისუფლება კუდს იქნევს, აგონიაშია. მსგავსი ფაქტები იქნება, მაგრამ უნდა შევძლოთ ქართველებმა და ეს მოძალადე ხელისუფლება არჩევნების გზით მოვიშოროთ. ამ ხელისუფლების უსამართლობისა და უკანონობის მსხვერპლია ჩემი ოჯახი. ჩემი ძმა, ზურაბ ჟვანია, მხუთავი აირით არ დაღუპულა, ის მოკლეს და მკვლელობა დღემდე გაუხსნელია.
- იმედი გაქვთ, რომ თქვენი ძმის მკვლელობის საქმე ოდესმე გაიხსნება?
- ამ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში აუცილებლად გაიხსნება.
დოკუმენტებისა და სამხილების გარეშე არავის დავადანაშაულებ, უბრალოდ, ერთი რამ ვიცი დანამდვილებით: ჩემი ძმა, ზურაბ ჟვანია, მოკლეს და მის მკვლელებს ხელისუფლება დღემდე ხელს აფარებს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი მკვლელობის დამკვეთებიცა და შემსრულებლებიც აუცილებლად დაისჯებიან. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ხელისუფლება წავა, ის პროცესები, რაც დაიწყო 27 მაისს დედაქალაქში, შეუქცევადია და მას ვერაფერი შეაჩერებს.
- თქვენ, ირაკლი ალასანიასთან ერთად, კარგა ხანია სამეგრელოში იმყოფებით. რა მდგომარეობაა საქართველოს ამ რეგიონში?
- სამეგრელოში 2 თვეა ვიმყოფები. მე და ირაკლი ალასანიამ, რეგიონული ოფისების აქტივთან ერთად, ყველა სოფელი ფეხდაფეხ მოვიარეთ. ხალხს შიში გადალახული აქვს, ეს შიში მათ იმედმა დააძლევინა. მათი იმედი კი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. უმეტესობა გვსაყვედურობს, რატომ ამბობთ, სამეგრელოში ხალხი დაშინებულიაო. ერთი წლის წინ კი სხვა მდგომარეობა იყო. ახლა გამოჩნდა პიროვნება, ვინც მართლა შეძლებს ამ ხელისუფლებას გაუწიოს კონკურენცია და მოუსავლეთში გაუშვას. "ჩვენ ბიძინა ივანიშვილს მხარს დავუჭერთ!" - აი, ასეთი პოზიცია აქვს სამეგრელოს მოსახლეობის უმეტესობას.
ასევე იხილეთ: კონსპირაციული ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა გაქირავებულია (ვიდეო)
დარეჯან ლიპარტელიანი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)