ილია მეორე - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ეს არის ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანისთვის

ილია მეორე - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ეს არის ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანისთვის

ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ეს არის უდიდესი სიწმინდე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"ჩვენმა დიდმა წინაპარმა, ილია ჭავჭავაძემ წარმოსთქვა ასეთი სიტყვები - "ენა, მამული, სარწმუნოება", რომელიც ჩვენ ცოტათი გავაფართოვეთ და ასე ვთქვით - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს არის ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანისთვის", - აღნიშნა ილია მეორემ და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ადამიანმა ბოლო პერიოდში ღვთისა და სარწმუნოების შიში დაკარგა, ასევე, დაკარგა პატივისცემა მოყვასის მიმართ და ადამიანები შეიცვალნენ.

პატრიარქის განცხადებით, ეს შეცვლის პროცესი მოდის უძველესი საუკუნეებიდან. მან რომაული ანდაზა მოიშველია - "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით", მაგრამ უწმინდესის განცხადებით, ადამიანმა უნდა განსაჯოს, "როგორ ვიცვლებით, საით მივდივართ, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ვინ ვიქნებით მომავალში".

უწმინდესის თქმით, ადამიანის სიცოცხლე არის უძვირფასესი, რადგან ის ერთხელ მოდის დედამიწაზე, ამიტომ ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ სიცოცხლეს და ერთმანეთს. "ის კარგი იქნება, თუ ცუდი იქნება, არის ხატება ღვთისა", - ბრძანა პატრიარქმა.

მისივე განცხადებით, დღეს უნდა იფიქროს ყველამ, თუ რას აკეთებს და რა უნდა აკეთოს. პატრიარქმა მწუხარებით აღნიშნა, რომ თითქმის ყოველდღე რადიოსა თუ ტელევიზიაში ისმის, რომ ადამიანმა მოკლა ადამიანი ან ადამიანი გარდაიცვალა ძალადობით. "ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავკარგეთ კრძალვა ღვთის წინაშე. უფალი ბრძანებს - "არა კაც ჰკლა" და ჩვენ ამას არ ვასრულებთ. დღეს ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა იფიქროს, რას ვაკეთებთ სამშობლოსთვის, ოჯახისთვის ან პირადად ჩვენთვის", - ბრძანა ილია მეორემ.

უწმინდესმა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის მიერ წარმოთქმული ისტორიული სიტყვებიც მოიშველია - "თქვენ ნუ ფიქრობთ იმაზე, თუ რას მოგცემთ თქვენ სამშობლო. იფიქრეთ იმაზე, თქვენ რას მოუტანთ თქვენს სამშობლოს". პატრიარქის განცხადებით, ეს სიტყვები უნდა ახსოვდეს ყველა ადამიანს.

ილია მეორის თქმით, სამწუხაროდ ადამიანი ეჩვევა უსაქმობას, სიღარიბეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანი სიღარიბეს არ უნდა შეეჩვიოს, თუნდაც იმის გამო, რომ სჭირდება საზრდო და "ჩვენ უნდა დავეხმაროთ სხვა ადამიანებსაც".

დღესვე პატრიარქმა სამებაში რამდენიმე გვარი და საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გამართულ მოსწავლეთა საგნობრივი ოლიმპიადის გამარჯვებულებიც დალოცა. უწმინდესის განცხადებით, ამავე უნივერსიტეტში ფერეიდნელებისთვის იქმნება ქართული ენისა და ისტორიის შემსწავლელი ჯგუფი და იქ სწავლის მსურველებმა უნდა მიმართონ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"