კონტროლის პალატის ახალი არითმეტიკა, ანუ 216 ტოლია 25-ის?!

კონტროლის პალატის ახალი არითმეტიკა, ანუ 216 ტოლია 25-ის?!

საქართველოს ხელისუფლების მთავარ ოპონენტს, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, 72 მილიონ 500 ათასი ლარით (დაახლოებით 44 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი) დაჯარიმება ემუქრება. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 7 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, "საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სამართალდარღვევის სუბიექტად განისაზღვრა გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი."

განცხადებაში ნათქვამია: "ფინანსური მონიტორინგის სამსახური აწარმოებდა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ კომპანიების "ბურჯის", "ელიტა ბურჯისა" და "გლობალ კონსალტინგ გრუპის" ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებების, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების საკითხის შესწავლას. საქმე ეხება ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულათასობით სატელიტური ანტენების დარიგებისა და 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანებით შეღავათიანი მომსახურების ფაქტებს. მონიტორინგის პროცესში მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს პოლიტიკური კოალიციის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის ზემოაღნიშნული კომპანიების მომსახურების კანონსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტებს, რაც განაპირობებს პოლიტიკური სუბიექტის მიერ კანონით აკრძალული ფინანსური უპირატესობის მიღებას, და რაც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემადგენლობას ქმნის.

საუბარია დაახლოებით 14,5 მილიონი ლარის ოდენობით დახარჯულ თანხაზე. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის თანახმად, ამგვარი დარღვევისთვის ჯარიმა, დახარჯული თანხის ხუთმაგი ოდენობით განისაზღვრება."

ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულათასობით სატელიტური ანტენის დარიგებაში, კონტროლის პალატა, სავარაუდოდ, გულისხმობდა რეგიონებში საკაბელო კომპანია Global TV-ის ქსელის მნიშვნელოვან გაფართოებას. მოსახლეობას ანტენები და რესივერები, ციფრული სიგნალის მიღების მიზნით, შეღავათიან, ზოგან - სიმბოლურ ფასებში, მრავალწლიანი განვადების პირობით ეძლეოდა. ბიძინა ივანიშვილის ძმის საკუთრება კომპანია Global TV ერთადერთი პროვაიდერია საქართველოში, რომელმაც ივანიშვილის მეუღლის კუთვნილი ტელეკომპანია "მე-9 არხი" პაკეტში ჩასვა. სხვა პროვაიდერებმა ტელეკომპანიის გადაცემების გავრცელებაზე უარი თქვეს, "მე-9 არხს", კი მხოლოდ თანამგზავრული და საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზია გააჩნია.

საინტერესოა ივანიშვილის ჯარიმის გამოთვლის წესი. კონტროლის პალატამ დაადგინა, რომ (ციტატა): "ამ კომპანიამ მოსახლეობაში სატელიტური ანტენების უფასოდ ინსტალაცია და შეღავათიანი პირობებით შეთავაზება დაიწყო, რაც ერთი წლის განმავლობაში აბონენტების უფასო მომსახურებას, ხოლო მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში თვიური გადასახადის - ოთხი ლარის გადახდას გულისხმობს. გამოკვლევამ ცხადყო, რომ "გლობალ კონსალტინგის" ეს ნაბიჯი მოგებაზე ორიენტირებული არ არის, რადგან გამოთვლებით დადგინდა, რომ იმ პროდუქციის საბაზრო ფასი, რომელსაც აღნიშნული კომპანია ყიდის, ერთ ერთეულზე 115 ლარია, ხოლო კონტრაქტის მიხედვით კომპანიის მისაღები თანხის დღევანდელი ღირებულება - მხოლოდ 25 ლარი. "გლობალს" შემოტანილი აქვს 107 ათასი რესივერი და ანტენა. მოსახლეობას და "გლობალ კონტაქტ კონსალტინგს" შორის დადებული კონტრაქტი, როგორც უკვე ვთქვით, ითვალისწინებს ერთწლიან საშეღავათო პერიოდს და შემდგომი ცხრა წლის მანძილზე (108 თვე) ყოველთვიური ოთხი ლარის გადახდას, რაც სულ არის 432 ლარი, თუმცა რადგან ეს თანხა კომპანიამ უნდა მიიღოს 10 წლის განმავლობაში, მისი რეალური ღირებულება სამეწარმეო სუბიექტისთვის, ფულის დროში ღირებულების პრინციპის გათვალისწინებით, შეადგენს 25 ლარს, რაც ნიშნავს, რომ კომპანია 432 ლარის ნაცვლად დროის 10-წლიანი პერიოდის გათვალისწინებით რეალურად მიიღებს 25 ლარს, ეს კი ცხადყოფს, რომ აღნიშნული ბიზნესპროექტი არაკომერციული ხასიათისაა" (სტილი დაცულია). საქართველოს კონტროლის პალატის დასკვნაში მოყვანილია სპეციალური ფორმულა, რითაც, კონტროლის პალატის მტკიცებით, დღევანდელი ღირებულების გამოთვლა ხორციელდება. ამ ფორმულით დღევანდელი ღირებულების გამოთვლა ხდება პერიოდების რაოდენობის, ფულადი ნაკადების ოდენობისა და ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკის საქართველოს ბაზარზე გრძელვადიან დეპოზიტზე არსებული საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა