გიორგი თარგამაძე: "ივანიშვილს თავი ახალი ზვიადი ჰგონია და წინამორბედებივით დაასრულებს"

გიორგი თარგამაძე: "ივანიშვილს თავი ახალი ზვიადი ჰგონია და წინამორბედებივით დაასრულებს"

მხოლოდ საქართველოში შეიძლება ჯაშუშომანიას სამოქალაქო მშვიდობა და ადამიანების სიცოცხლე ყველა ახალი მთავრობის პირობებში შეეწიროს და პრინციპი - "ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია'', მომავალი ხელისუფლებისთვის მაინც აქტუალურად დარჩეს. ცოტა ხნის წინ, "ქართული ოცნების'' ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შტატების სახელმწიფო მდივანთან ვიზიტზე უარი ამ მიზეზით განაცხადა - მაგიდას მიხეილ სააკაშვილთან ალიანსში შესულ, მის ჯაშუშ ორ ლიდერთან ერთად არ მივუჯდებიო. "ჯაშუშთაგან'' ერთ-ერთი, ტრადიციულად, ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარე აღმოჩნდა. "ვერსიის'' რესპოდენტი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძეა, რომელთან საუბარიც ქუთაისში გადატანილი პარლამენტის მშენებლობაზე დატრიალებული ტრაგედიით დავიწყეთ:

- როდის აპირებთ პრეზიდენტისთვის იმ ჩაფხუტის დაბრუნებას, რომელიც პარლამენტის დასამთავრებელი შენობის საზეიმო გახსნაზე გადმოგცათ?

- სააკაშვილის პირობებში, პოლიტიკური და ფიზიკური თვალსაზრისითაც, ჩაფხუტისა და თავდაცვის სხვა საშუალებების გამოყენება აქტუალურია. ამ ჩაფხუტის გახსენებაზე, არ მგონია, პრეზიდენტი ახლა ხუმრობის გუნებაზე დგებოდეს. ისტორია ტრაგედიით დასრულდა და ეს პრობლემა ყველა დაჩქარებულ მშენებლობას უკავშირდება საქართველოში. განსაკუთრებული აჟიოტაჟი პარლამენტის შენობის გამო ატყდა, თორემ, თითქოს მივეჩვიეთ-კიდეც, რომ კვირაში 2-ჯერ მაინც მშენებარე ობიექტს ან სარეაბილიტაციო სამუშაოს ხალხი ეწირება, ამიტომაც ვითხოვდით მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას, ნაციონალები კი გვპასუხობდნენ, ამით მშენებლობების გაძვირება გინდათო. განვითარებულ ქვეყნებში ჩვენზე უკეთ იციან ფულის დათვლა-დაზოგვა, მაგრამ იქ ადამიანის სიცოცხლე ყველაფერზე ძვირად ფასობს, აქ კი ადამიანი კონკრეტულ თარიღებსა და მათი საზეიმოდ აღნიშვნის სურვილებს ეწირება!

- ჰილარი კლინტონთან შეხვედრას ოპოზიციის უპირობო ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრო, არგუმენტად კი სააკაშვილის ჯაშუშები დაგასახელათ...

- ეტიკეტისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, ამაზე დიდი არასერიოზულობა, რაც ივანიშვილმა გამოავლინა, ქართულ პოლიტიკაში 20 წლის მანძილზე არ მინახავს. ლოგიკურად, იქ არა თარგამაძის, არამედ ამერიკის საელჩოს მიწვევით, ქალბატონ კლინტონთან უნდა მოსულიყო. უარი მაშინ იქნებოდა ახსნადი, ივანიშვილისთვის მე რომ დამერეკა და მეთქვა, ჩემთან სტუმრად აშშ-ს სახელმწიფო მდივანი იქნება და შენც ხომ არ მოხვიდოდი-მეთქი. ჯაშუშობის ბრალდებით ჩემი მისამართით გამოსვლა, დაახლოებით, იმას ჰგავს, შუშის კონსტრუქციაში მცხოვრებმა ივანიშვილმა შუშის ხიდი რომ ამოიღო მთავარ სამიზნედ. ერთი ძველი გამოთქმაცაა - შუშის სახლის პატრონმა სხვას კენჭების სროლა არ უნდა დაუწყოსო! იგი ახლა თვითონაა მსხვრევად მდგომარეობაში, პოლიტიკური გაგებით და თუ ვინმეს მიმართ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები, ასეთი სწორედ ბიძინა ივანიშვილია.

- ეს ბრალდებები ჩვენთვის არახალია. ისიც ვნახეთ, როგორ ამთავრებენ მსგავსი მანიით შეპყრობილი ლიდერები, იგივე გვესმოდა ზვიად გამსახურდიას დროსაც და მას მერეც, სულ იმ ინერციით მოვდივართ, რომ ოპოზიციაში მხოლოდ მტრები და აგენტები არიან. პარალელის გავლება ამ კუთხით შეგიძლიათ?

- საერთოდ, ძალიან გულგრილად ვუყურებ ივანიშვილის ამ ტიპის გამონათქვამებს. მეტიც, რაც მეტად იძაბება პოლიტიკური ვითარება და ბიძინას კრიტიკულ სიტუაციებში საკუთარი თავის გამოვლენა უწევს, მით მეტად ემსგავსება სააკაშვილს - საზოგადოების პოლარიზება, რადიკალიზმი, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია, მათთვის წინდაუხედავი იარლიყების მიწებება, მოწინაღმდეგეების განადგურება ნებისმიერი მეთოდით, ცილისწამება, აგენტომანია, ჯაშუშომანია... აგენტობა და ჯაშუშობა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკაში სიახლე ხომ არ არის?! ბოლო 20-წლიან ისტორიასაც რომ გადავხედოთ, როგორც ჩანს, ეს მაინც ბუდობს ჩვენ ხასიათში. დღეს ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ ახალი ზვიადია, როგორც მიშას ეგონა და აღარ დამთავრდა ამ ქვეყანაში ზვიადთან შეჯიბრი. ამ შეჯიბრში კი ყველამ წააგო, მარტივი მიზეზის გამო - ისტორიას ვეღარ შემოაბრუნებ! იმ შინაარსისა და მიზნის ეროვნული მოძრაობა, როგორიც საქართველოში 90-იან წლებში იყო, ვეღარ იქნება. ახლა სხვა ამოცანები აქვს ქვეყანას, მაგრამ ლიდერი, ვისაც გამსახურდიას კომპლექსი აქვს, უბრალოდ, განწირულია დამარცხებისთვის! ეს გაკვეთილი გამსახურდიას მერე ყველას უნდა გამოეტანა, მაგრამ სამწუხაროდ, ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ. ის მთავარი შეცდომა, რასაც დღეს ივანიშვილი უშვებს, საქართველოში არაერთს დაუშვია, შევარდნაძით დაწყებული, სააკაშვილით გაგრძელებული. ივანიშვილიც წინამორბედებივით დაასრულებს, თუმცა ჩემთვის მთავარი ბიძინას ბედი კი არა, ისაა, იგივე შედეგი ხალხმა არ მიიღოს.

- ანუ, დაწყებული პროცესი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეებთან გვაბრუნებს, ამას ამბობთ?

- ჩვენ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. როცა პოლიტიკური პროცესის რადიკალიზება და პოლარიზება იწყება, ხოლო წინასაარჩევნოდ აქცენტი ორ პოლუსზე ხდება ორიენტირებული, როგორც წესი, შედეგად ერთპოლუსიან ხელისუფლებასა და სამოქალაქო დაპირისპირებას ვიღებთ არჩევნების შემდეგ!

- მძიმე პროგნოზია, მაგრამ შეფასებებიც მძიმე მიიღეთ. კითხვა არ გაგიჩნდათ, "რვიანშიც'' ჯაშუშები იყავით თუ არა, ივანიშვილის მთავარ დასაყრდენ ძალებთან ერთად? ან მაშინ, როცა ალეკო შალამბერიძემ "ტროას ცხენი'' გიწოდათ და ამის გამო პარტიიდან გარიცხეს? ამ ბრალდებების პირობებში, ხვალ პარლამენტში თანაცხოვრებას როგორ აპირებთ?

- დარწმუნებული ვარ, "ჯაშუშომანიით'' დაავადებულებისადმი ჯანსაღ საზოგადოებას არჩევნების დღეს ჯანსაღი შეფასება ექნება. და კიდევ - გვარებს ვერ გეტყვით, მაგრამ როცა ივანიშვილის კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებს ვხვდები, აგენტომანიის თემაზე ერთად ვშაყირობთ. ისინი პოლიტიკოსები არიან, განსხვავებით ივანიშვილისგან, რომელმაც თავად არ იცის, რა უნდა. ელემენტარულად, ის უნდა გათვალო, რომ პოლიტიკაში არ არსებობს მუდმივი მტრები - არსებობს მუდმივი ინტერესები! კარგი, თავიდან ბიძინას ეგონა, რომ ქდმ-ს, სხვა დანარჩენებივით, გაანადგურებდა. ახლა იმდენსაც თუ ვერ ხვდება, რომ ეს საქმე არ გამოუვა და არც მის მიერვე დაფინანსებული კვლევები ეუბნება რამეს, მაშინ მართლა ცუდად ჰქონია საქმე. არჩევნებამდე ვითარება ფუნდამენტურად ვეღარ შეიცვლება, ამიტომ იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ მისი შანსი, მიაღწიოს საპარლამენტო უმრავლესობას, ძალიან გაზვიადებულია, თუკი რეალობის გრძნობა ოდნავ მაინც შეინარჩუნა. თუ არადა, ჩათვალეთ, გარემოცვა დღემდე გუნდრუკს უკმევს, რომ მთელი საქართველო ივანიშვილზე ლოცულობს და ოცნებობს. არსებულ ოპოზიციურ ჯგუფებთან საერთო ენის გამონახვაზე თუ არ ფიქრობ, ე.ი. პოლიტიკასთან გვერდითაც არ ჩაგივლია! თანაც, ვინც დღეს ივანიშვილის უახლოესი გარემოცვაა, მისივე თამადობით, ცოტა ხნის წინ, სააკაშვილის უახლოესი გარემოცვაც იყო. ჩვენ კი სააკაშვილის ნავში არასდროს ვმსხდარვართ.

- სამაგიეროდ, თქვენ ეფექტურად თანამშრომლობდით და თანამშრომლობთ.

- ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს არც არასდროს ვიტყვი. რაც მეტი შესაძლებლობა მექნება, ამით ჩვენ მიზნებს მივაღწიო და ხალხის პრობლემები მოვაგვარო, მით მეტს ვითანამშრომლებ! ივანიშვილი პოლიტიკური პროცესის ლოგიკური განვითარების ფარგლებში არ ჯდება და თვითონ ბადებს მრავალ ეჭვს, როცა უარს ამბობს, მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებაზე. იგი თავად ახდენს დისტანცირებას ლეგალური და მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესებიდან.

- ანუ, მშვიდობიან და ლეგალურ პოლიტიკას თქვენ აკეთებთ და, ამ შემთხვევაში, დისტანცირებას ივანიშვილი თქვენგან ახდენს?

- მარტო ჩვენ კი არა - ყველა, ვინც პროცესში მონაწილეობს. კლინტონის გამონათქვამებს თუ კარგად დავუკვირდებით, საჯაროდაც არაერთი მინიშნება გააკეთა - ყველამ პატივი უნდა ვცეთ პოლიტიკურ პროცესსო. ივანიშვილი კი არათუ ამ პროცესებს იყენებს, რათა გახდეს მათი აქტიური მონაწილე, არამედ საკუთარ თავს ხელოვნურად აშორებს. დაფიქრდით, იგი ამბობს, რომ ერთადერთ მიზნად პრემიერობა აქვს - იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ეკლექტური პოლიტიკური გაერთიანება საკონსტიტუციო უმრავლესობით მოახერხებს პარლამენტში შესვლას, ხდება კი ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი? ხომ ვერ ამიხსნით, როგორ?!

- მას ნებისმიერMშემთხვევაში ხელი სააკაშვილმა უნდა მოუწეროს...

- აგაშენათ ღმერთმა! თუ იმას გავიხსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 2012 წლამდე პრეზიდენტად რჩება, ივანიშვილი კი უარს ამბობს ამ დროებითი, დიახ, არაორდინალური გადაწყვეტილების გამოყენებაზე, მაშინ ვერც ერთ შემთხვევაში პრემიერი ვერ გახდება! განსხვავებით ზოგიერთებისგან, ვინც ივანიშვილს ხისთავიანს ეძახის და უფრო მწარე ეპითეტებით ამკობს, მასზე და მის მაღალანაზღაურებად იურისტებზე მე უფრო მაღალი წარმოდგენის ვარ. გამომდინარე იმ დაშვებიდან, რომ სინამდვილეში, ივანიშვილი ხისთავიანი არ არის, იგი ამ ყველაფერს ხვდება და თავად გადის სამართლებრივი ველიდან, ამიტომ თეორიულად, "ოცნების'' უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაშიც კი, ივანიშვილი აღარსად ფიგურებს, პარლამენტში ვიღებთ იმ ძალებს, ვისაც ხალხი ბიძინას გარეშე მხარდაჭერას არასდროს გამოუცხადებდა და ამომრჩეველი რჩება მოტყუებული, რადგან არავინ იცის, სად იქნება ამ დროს ივანიშვილი! დარწმუნებული ვარ, მისი მხარდამჭერების სოლიდურ რაოდენობას საერთოდ არ აქვს იმის იმედი, რომ სააკაშვილი არჩევნებით შეიცვლება. ისინი არჩევნების თარიღს სააკაშვილის შეცვლის სცენარის განსავითარებლად ელიან და ჰგონიათ, რომ ივანიშვილი ამაზე წამვლელია. ოქტომბერში შედარებით რეალური შედეგები დაიდება და ყველა ნახავს, რომ ვინმეს მიმართ მოლოდინის გაზვიადება და მერე ამ მოლოდინის მძევლად ქცევა, იგივე შედეგს მოიტანს, რაც გაერთიანებულ ოზოზიციასა და სხვა რადიკალურ ჯგუფებს მოუტანა!

- "შედარებით რეალური'' შედეგების პირობებში, როცა პრეზიდენტი და აშშ ერთდროულად "თანხმდება'' მომავალ მრავალპარტიულ პარლამენტზე, როცა "ახლებს'' და სხვა ძალებს, ბარიერის გადალახვის შანსი უჩნდებათ და ოქროს 7%-ის მქონე "ლეიბორისტები'' დაშლის საკითხს აყენებენ, თქვენი აზრით, ვინ მოხვდება 2012 წელს პარლამენტში?

- მაინც დადებითად ვუყურებ ამ ყველაფერს, რადგან მომავალი პარლამენტი უფრო საინტერესო, დაბალანსებული და დინამიკური იქნება, ვიდრე მოქმედი. რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, მას პიროვნულად პატივს ვცემ, მიუხედავად დიდი განსხვავებისა ჩვენ ხედვებს შორის. გაუმართლებლად მიმაჩნია მემარცხენე ფლანგის ასე მოსუფთავება, იმ შემთხვევაში, თუ "ლეიბორისტების'' ლიდერის პოლიტიკიდან დროებით ან სამუდამოდ წასვლა მართალი აღმოჩნდება. თუ მემარცხენე ფლანგი აბსოლუტურად ცარიელი დარჩება, ეს, რა თქმა უნდა, ივანიშვილის დამსახურება იქნება! ზოგადად, ჩემი წარმოდგენით, 2012 წელს ოთხპარტიული პარლამენტი გვექნება. უბრალოდ, არ ვიცი, ვინ იქნება მეოთხე.

- აჰ, მმართველი გუნდისა და "ქართული ოცნების'' მერე პრეტენზია გაქვთ, იყოთმესამე?

- პრეტენზია გვაქვს ვიყოთ პირველები! ბიძინა ივანიშვილი, როგორც მოვლენა, სპილოს ჰგავს, მაღაზიაში რომ შევა და გარშემო ყველაფერს ამტვრევს! ის, რაც არაბუნებრივად ვითარდება, ყოველთვის განწირულია მარცხისთვის და არასდროს მოაქვს პოზიტიური შედეგი. ხელისუფლებამ ვაკუუმი გააჩინა პოლიტიკაში, რომელიც იმ ხელოვნურმა პროცესმა შეავსო, რასაც ივანიშვილი ჰქვია. ასე თუ გაგრძელდა, ივანიშვილის ვითომ ალტერნატიულ კოალიციას, რომელიც შინაარსით იგივეა, რაც ნაციონალური მოძრაობა, გრძელვადიანი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, უბრალოდ, არ აქვს!

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა