ლაშა ნაცვლიშვილი: "სააკაშვილის ლეგიტიმაციამორღვეული ხელისუფლება ხალხს ვეღარ შეაკავებს"

ლაშა ნაცვლიშვილი: "სააკაშვილის ლეგიტიმაციამორღვეული ხელისუფლება ხალხს ვეღარ შეაკავებს"

როგორი იქნება ძალოვანი სტრუქტურების როლი ქვეყანაში მიმდინარე რთულ პროცესებში? - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ყოფილი დეპუტატი, სახელმწიფო უშიროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი გვესაუბრება:

- ქვეყანაში ახალი ხელისუფლება იბადება, ჩვენ ამ პროცესის თანამონაწილეები და მომსწრენი ვართ, ეს ისე აშკარაა, ძალზე უნდა დაიბრმავო ადამიანმა თვალი, რომ ვერ დაინახო. ზვავის პრინციპით, პროცესი თანდათან ძალას იკრებს. ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არჩევნებამდე 3-4 თვით ადრე საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი დემოკრატიის წესით გამოდიან და თავის საკუთარ პოლიტიკურ ნებას დაუფარავად გამოხატავენ. გამოხატავენ ნებას, არა მხოლოდ შეცვალონ ხელისუფლება, არამედ შეცვალონ ის კონკრეტული ადამიანით - ბიძინა ივანიშვილით და ეს პროცესი შეუქცევადია. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა აქციამ ქუთაისში, რომელიც "ქართული ოცნების" მოსალოდნელი ტრიუმფით დასრულდა, რითაც სააკაშვილის რეჟიმის აპოლოგეტების უკანასკნელი იმედიც დაიმსხვრა. თუ აქამდე ამბობდნენ, რომ თბილისი გამონაკლისია, ქუთაისის აქციამ დაადასტურა, რომ ეს ტენდენციაა და არა გამონაკლისი.

- დღევანდელი ხელისუფლება, მმართველი გუნდი, ასე ადვილად დათმობს პოზიციას?

- როგორც ერთ ცნობილ ანეკდოტშია, არავის არავისთვის მიუცია პირობა, რომ ეს ადვილად, დაბრკოლებების გარეშე მოხდება. რა თქმა უნდა, დღევანდელი რეჟიმი შეეცდება, ყველანაირად შეუშალოს ხელი საკუთარი მოქალაქეების ნების აღსრულებას, მაგრამ პროცესი ისეთ ფაზაში შევიდა, რომ წინ ვეღარაფერი აღუდგება. სააკაშვილის ლეგიტიმაციამორღვეული ხელისუფლება ხალხს ვეღარ შეაკავებს. ერთადერთი, რაც მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, საკუთარი ბედის გადაწყვეტაა - აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე, წავა ემიგრაციაში თუ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება, თუ დამორჩილდება ხალხის ნებას და მშვიდობიანად დათმობს ხელისუფლებას. ამ ხელისუფლების მოქმედების არეალი ახლა ამითღა შემოიფარგლება, ვნახოთ, სადამდე ეყოფათ კეთილგონიერება. რაც შეეხება ახალი ხელისუფლების ფორმირებას, ეს პროცესი მათი კომპეტენციის, უფლებამოსილებების და ხელმისაწვდომობის მიღმა წარიმართება.

- დღევანდელ რთულ პროცესებში როგორი იქნება ძალოვანი სტრუქტურების როლი, არის თუ არა ის დეპოლიტიზებული? "ვარდების რევოლუციის" დროს მათ გადამწყვეტი როლი შეასრულეს პოლიტიკურ პროცესებში.

- საქართველოს სამართალდამცავი სისტემა თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულია. ეს ხელისუფლება დგას ძალადობაზე, რომელსაც ამ სტრუქტურების მეშვეობით ახორციელებს. ძალადობა და სიცრუე - ადამიანებზე ზემოქმედების ეს ორი იარაღიღა შერჩა ამ რეჟიმს. თუმცა, ვინც მოქალაქეებს აშინებენ, ატერორებენ, აშანტაჟებენ, ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან და როგორც კი გარე და შიდა სახელისუფლებო რყევების შედეგად მითი სააკაშვილის უძლეველობის შესახებ საპნის ბუშტივით გაქრება, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ამ ადამიანების განწყობაზე. რა თქმა უნდა, იქნებიან კლინიკური იდიოტებიც, რომლებიც ვერაფერს მიხვდებიან და ამ გამონაკლისისგან თავის დასაცავად ოპოზიციამ პრევენციულ ზომებს უნდა მიმართოს.

- სოციალური ქსელებით ხშირად ქვეყნდება ინფორმაცია, ფოტოები (მათ შორის, პარლამენტარების) სხვადასხვა ზონდერ-დაჯგუფებების შექმნის შესახებ. მართლაც თუ იქმნება ამგვარი ჯგუფები და წარმოადგენენ თუ არა ისინი საშიშროებას?

- ერთია, არსებობენ თუ არა ამგვარი დაჯგუფებები და მეორე - რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ამგვარი ინფორმაციის "გაჟონვა". ბოლო რვა წლის განმავლობაში არაერთხელ ვნახეთ, რომ ხელისუფლება, სამართალდამცველი სტრუქტურები, ადგილობრივი თვითმმართველობა ძალადობის ერთ მუშტად შეიკრა, სადაც ყოფილი კრიმინალი, ზონდერი თუ მაღალჩინოსანი პოლიციელი, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს გარშემო თავმოყრილი კუნთმაგარი ადამიანები ერთად არიან თავმოყრილი. ასე წარდგა თავისი მოქალაქეების წინაშე დღევანდელი სახელმწიფო მანქანა, რომლის მთელი "ბრწყინვალება და სიღატაკე" პირველად 2007 წლის 7 ნოემბერს ვნახეთ და რისგანაც დაზღვეულები არც დღეს ვართ... რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, რომელთაც უკანდასახევი გზა არ ექნებათ, მაგრამ მათ ხელკეტიანი თუ სხვა იარაღიანი ხელი სააკაშვილის შიშისგან ფერდაკარგული სახის დანახვისთანავე აუკანკალდებათ, ეს გარდაუვალია, რასაც სხვა, უფრო სრულყოფილი დიქტატურული რეჟიმების ბედიც ადასტურებს, - ხისტი მმართველობები, რომელიც ერთი საათის წინ ურღვევ მონოლითად წარმოჩნდებიან ხოლმე, მუყაოს ხუხულასავით ინგრევიან წუთში, რადგან მოქნილობა არა აქვთ.

- ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოქტომბრის არჩევნების პარალელურად, საზღვრის სიახლოვეს რუსეთი სამხედრო წვრთნებს ატარებს. იქონიებს თუ არა ეს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე და სად გადის ზღვარი დემოკრატიულ ქვეყანაში ქვეყნის უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის?

- რუსეთის სახელმწიფოს არსებობას ვერსად გავექცევით, ის ისეთივე მოცემულობაა, როგორც ქარი, წვიმა თუ სხვა ბუნებრივი მოვლენები. პასუხი კითხვაზე, როგორ შეიძლება ქვეყნის უსაფრთხოებისა და შიდა დემოკრატიის ურთიერთშეთავსება, დღევანდელი ისრაელია, სახელმწიფო, რომელიც ყოველი მხრიდან მტრულ გარემოცვაშია, მაგრამ ისრაელის ხელისუფლება ამით არ სპეკულირებს... თუ შემოდგომაზე არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ, საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, საფრთხე კი არ გაიზრდება, შემცირდება.

- წინასაარჩევნოდ, რომელი მხარის უპირატესობით მიმდინარეობს საინფორმაციო ომი?

- ამ რეჟიმის გაკოტრების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ის, რომ მან საინფორმაციო წყაროების დაბლოკვა დაიწყო, - თუნდაც, "მე-9 არხთან" დაკავშირებული მოვლენები, "ანტენების ომი", სამარშრუტო ტაქსებში რადიოსიგნალების გათიშვა. ასე ახშობდნენ საბჭოურ ეპოქაში უცხოეთის რადიოსადგურებს იმ საბაბით, რომ ისინი საბჭოურ სისტემას ცილს სწამებდნენ, დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, ამაზე პოეტ ალექსანდრე გალიჩის ირონიული სტრიქონები მახსენდება, ამ რადიოსადგურებს რომ მიმართავდა: გამოჩნდით, დაგვწამეთ ცილიო. და აი, მარაზმის ასეთ სტადიამდე მივიდა დღეს დასავლეთში განათლებამიღებული, ინგლისურად და არამარტო ინგლისურად მოლაპარაკე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტერმინოლოგიით საუბრობს, თავისი არსით, ჩამორჩენილი, რეგრესიული და დემოკრატიული, ცივილიზაციური პროცესებიდან არის ამოვარდნილი.

- როგორ აფასებთ "ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონის იმ მუხლს, რომლითაც სამართალდამცველებს ენიჭებათ უფლება, ინტერნეტსივრცის დახურულ საუბრებს სასამართლო ნებართვის გარეშე მოუსმინონ?

- პოლიტიკური პროცესი სისხლის სამართლის კოდექსის ჩარჩოშიც უნდა ჯდებოდეს, თუმცა, ამ ჩარჩოს დაუსრულებელი გაფართოება დაუშვებელია, ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, პოლიტიკურ ალქიმიას მიმართოს, მას უნდა პროკურატურის დერეფნებში ჩაატიოს საჯარო პოლიტიკური პროცესი, მაგრამ არაფერი გამოსდის - ხომ არ შეიძლება ნაგვისგან ოქრო გამოადნო?

- ბოლო ხანს უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, შეიძლება ამან გარკვეული კორექტივები შეიტანოს საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესში?

- ყარაბაღის პრობლემა უმნიშვნელოვანესია როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე სომხეთისთვის. ეს სახელმწიფო იდენტობის, თვითმყოფადობის პრობლემაა და არა მხოლოდ ტერიტორიული. ახალი სომხეთის იდეა სწორედ ქვეყნის გაერთიანებას ეფუძნება, ასევეა აზერბაიჯანში, რომლის კონსტიტუციაში, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე საპრეზიდენტო ვადის რიცხოვნობის შეზღუდვა გააუქმეს. ამასთანავე, სამი რეგიონული ლიდერი სახელმწიფო - ირანი, თურქეთი და რუსეთი ცდილობს საკუთარი სახელმწიფო ინტერესის გატარებას. რასაკვირველია, არ არის გამორიცხული, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტმა ამიერკავკასიაში მოახდინა როგორც ამ მოთამაშეების, ისე სომხური და აზერბაიჯანული მხარეების გააქტიურება. რაც შეეხება ამ პროცესების გავლენას საქართველოს შიდაპოლიტიკურ სამზარეულოზე, რა თქმა უნდა, მშვიდობა სჯობს ომს. არც ის მგონია, სააკაშვილის ხელისუფლებამ აქედან რაიმე დივიდენდის მოპოვება შეძლოს, მაგრამ არც ამის ბოლომდე გამორიცხვა შეიძლება, ამიტომ მეტი სიფრთხილეა საჭირო.

- თუ აპირებთ რომელიმე საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრებას?

- არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი არ ვარ, დღეს "თვითდასაქმებული საზოგადოებრივი აქტივისტი" გახლავართ.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა