"გლობალ ტვ"-ს ამერიკელის მეწილის ალექსანდრე რონჟესის ქართველი მეგობარი მისი დაკავების დეტალებს იხსენებს. როგორც "ინტრეპრესნიუსის" კორესპონდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იუწყება,რონჟესის მეგობარმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ რონჟესთან პროკურატურის დაახლოებით 7-8 თანამშრომელი მივიდა და აეროპორტის პირველ სართულზე ჩაიყვანეს. მანამდე რონჟესი იმყოფებოდა იმ დარბაზში, სადაც უცხოეთიდან ჩამოფრენილი ადამიანები გამოდიან.
რონჟესის მეგობრის განმარტებით, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტის შესახებ მედიას შეატყობინა, პროკურატურის წარმომადგენლებმა ამერიკელ ბიზნესმენს სთხოვეს, მათ გაჰყოლოდა. რონჟესმა უარი უთხრა, რის შემდეგაც მას პროკურატურის თანამშრომლებმა ხელი მოჰკიდეს და იძულებით წაიყვანეს.
მისი თქმით, რონჟესი დაახლოებით 15.45 საათზე დააკავეს, თანამშრომლების ოთახში შეიყვანეს, სადაც უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. იქ რონჟესს რამდენიმე ზარის განხორციელების საშუალება მისცეს.
რონჟესი პერიოდულად თავის ქართველ მეგობარს უკავშირდებოდა და ატყობინებდა, რომ მას პროკურატურის თანამშრომლებმა მოწმის უფლებები განუმარტეს.
ამ დროისთვის რონჟესი იმავე ოთახში რჩება, სადაც იგი პროკურატურის წარმომადგენლებმა დაკავების შემდეგ შეიყვანეს.
ცოტა ხნის წინ მასთან შეუშვეს ადვოკატები არჩილ კბილაშვილი და ლილი გელაშვილი, რომელთა თანდასწრებითაც სავარაუდოდ, ამ წუთებში რონჟესის მოწმის სტატუსით დაკითხვა მიმდინარეობს.
"გლობალ ტივის" დირექტორის ზურაბ ბაზლიძის ცნობით კი ამ დროისთვის თბილისის აეროპორტში მიდის ამერიკის საელჩოს ატაშე.