ხონის საავადმყოფოში გარდაცვლილ ელისო ახვლედიანს სადაზღვეო კომპანიის მომსახურების შესახებ დასტური შეუფერხებლად მიეცა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "აი სი ჯგუფის" სამედიცინო დაზღვევის მიმართულების გაყიდვების დირექტორმა, თამუნა ცქიტიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ელისო ახვლედიანი დაზღვეული იყო ონის რაიონში, თუმცა, სავარაუდოდ იმ მოტივით, რომ მისი მშობელი ხონში ცხოვრობს, თავისი სურვილით ხონის რაიონის კლინიკას მიმართა.
საკეისრო კვეთის გეგმური მოთხოვნისთანავე, როგორც ცქიტიშვილი აცხადებს, სადაზღვეო კომპანიისგან გაიცა ნებართვა, რომ სამედიცინო მომსახურება სრულიად უფასოდ, გეგმის მიხედვით გაწეულიყო.
რაც შეეხება შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, როგორც "აი სი ჯგუფში" აცხადებენ, მათ იციან მხოლოდ ის, რომ სამედიცინო მომსახურების პროცესში სიტუაცია გართულდა და 27 წლის მშობიარე ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბავშვი კი, ქუთაისის დედათა და ბავშვთა კლინიკაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას.
ამასთან, თამუნა ცქიტიშვილიმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელისო ახვლედიანს სამტრედიაში მკურნალობასთან დაკავშირებით პრობლემა სადაზღვეო კომპანიის მიზეზით შეექმნა და აღნიშნა, რომ "აი სი ჯგუფში" დაზღვეულ ნებისმიერ მოქალაქეს სამედიცინო მომსახურების მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბით უპრობლემოდ შეუძლია.
ხონის საავადმყოფოში საკეისრო კვეთისას 27 წლის ქალი გუშინ გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.