პატრიარქის ქადაგების შესაბამისად, ბაგრატის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები დროებით უნდა შეჩერდეს. ამის შესახებ საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის პრესმდივანმა თამარ კვანტალიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
"უწმინდესის სიტყვა გადამწყვეტია და ბაგრატში სარეკონსტრუქციო სამუშაოები უსიტყვოდ უნდა შეჩერდეს. ეკლესია არის მესაკუთრე ყველა ტაძრის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, რასაც კონსტიტუციური შეთანხმება ითვალისწინებს", - აღნიშნა კვანტალიანმა.
მისი თქმით, ბაგრატის აღდგენის პროექტი მრავალწლიან კვლევებსა და ანალიზს ეფუძნება.
"უბრალოდ, მოხდა რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით და რეკონსტრუქცია არ ხორციელდება ამ პროექტის შესაბამისად. არსებულის გადაკეთება უკვე ზედმეტ ხარჯს მოითხოვს", - აღნიშნა კვანტალიანმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინდელი ქადაგებისას ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერება მოითხოვა.
როგორც ილია მეორემ აღნიშნა, მან ტაძრის რეაბილიტაციის შეჩერების ბრძანება უკვე გასცა. მისი განმარტებით, ტაძრის რეაბილიტაცია საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაგრატის ტაძარი "იუნესკოს" კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებს. ასეთია საკითხზე წინასწარი შეფასება, რომელიც "იუნესკოს" კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე განიხილება.
36-ე სესიისთვის მომზადებული წინასწარი დასკვნის შესაბამისად, 2011 წლის ნოემბრის მოლაპარაკებების საფუძველზე, "იუნესკომ" საქართველოს მთავრობას სარეაბილიტაციო გეგმაზე უარი უთხრა და ბაგრატის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აკრძალა.
ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია 2009 წელს დაიწყო და მისი საზეიმო გახსნა 2012 წლის შემოდგომაზე იყო დაგეგმილი. პროექტი, რომლის ავტორი არქიტექტორი ივანე გრემელაშვილია, საპატრიარქომ მოიწონა. თუმცა არსებული ინფორმაციით, შემდეგ ტაძრის რესტავრაცია ისე წარიმართა, რაც პროექტით არ იყო გათვალისწინებული. კერძოდ, ტაძრის რესტავრაცია თანამედროვე ელემენტების გამოყენებით მიმდინარეობს, რაც ექსპერტების შეფასებით, ძეგლს მხატვრულ-ისტორიულ ღირებულებას უკარგავს.
ამასთან, არქიტექტორი ივანე გრემელაშვილი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
იხილეთ ვიდეო: პატრიარქი ბაგრატის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების შეჩერებას ითხოვს