ჟურნალისტი მარინა სალუქვაძე და მისი მეუღლე, მუსიკოსი ზაზა მარჯანიშვილი ეგვიპტელ ბიზნესმენებს თაღლითობაში ადანაშაულებენ. მარინა სალუქვაძე და ზაზა მარჯანიშვილი აცხადებენ, ისინი ეგვიპტელი ბიზნესმენების - ჰაბიბების ოჯახის ბიზნესპარტნიორები იყვნენ. აბაშიძის ქუჩის #35-ში მდებარე, რესტორან "ზაზანოვაში" ბიზნესის აწყობისა და ქართველი პარტნიორების ინტელექტუალური რესურსის გამოყენების შემდეგ, ეგვიპტელებმა ისინი დაითხოვეს.
რესტორან "ზაზანოვაში" გუშინ ეგვიპტელ ბიზნესმენებსა და მათ ქართველ პარტნიორებს შორის კონფლიქტი მოხდა. მარინა სალუქვაძის ახლო მეგობარმა, ლალი მოროშკინამ მენიუს დაფაზე უწმაწური ფრაზა დატოვა.
რესტორნის მფლობელის, სემეჰ ჰაბიბის თქმით, "გუშინ საღამოს რესტორან "ზაზანოვასთან" მარინა სალუქვაძესთან ერთად მისი მეგობარი, ლალი მოროშკინა მივიდა. მათ გაანადგურეს ნერგები, დაპუტეს ყვავილები და ბზები, აბრაზე ლალი მოროშკინამ დაწერა "ეგვიპტელებო გვაკოცეთ ტრაკზეო და ბოლოს ხელიც მოაწერა".
ლალი მოროშკინას თქმით, "ეგვიპტელებმა მარინას და მის მეუღლეს სთხოვეს, აგვიმუშავეთ დაწესებულებაო. აუმუშავეს და ერთ თვეში ძალიან დიდი მოგებაზე გავიდნენ. მერე გადაწყვიტეს, რატომ ხარჯონ ფული ზაზა და მარინაზე. არაბებს ზოგადად სჩვევიათ ასეთი ქცევა. ვერ გათვალეს, რომ ზაზა და მარინა, უბრალოდ ზაზა და მარინა არ არიან. ერთი ცნობილი ჟურნალისტია, მეორე კი ამერიკელი ჯაზმენია. საქმე პროკურატურაში იქნება ხვალიდან. იმედი მაქვს, ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდება, და არა ჩამოსული ადამიანების, რომლებიც არც ერთ კანონმდებლობას პატივს არ სცემენ".
ლალი მოროშკინამ რესტორნის მენიუს დაფაზე უხამსი წარწერის გაკეთება დაადასტურა: "დიახ დავწერე - ეგვიპტელებო გვაკოცეთ ტრაკზე", - ამბობს მოროშკინა.
ელენე ცინცაძე