საპატრიარქო სასტუმრო "ამბასადორში" მიმდინარე კონფერენციასთან - "ღმერთის სიტყვა - სულიწმინდა - განკურნება!" კავშირს უარყოფს და მოსახლეობას აფრთხილებს , რომ მის უკან კონკრეტული სექტა დგას.
"უკანასკნელ დღეებში თბილისის ქუჩებში ვრცელდება ანონიმური მოსაწვევები კონფერენციაზე - "ღმერთის სიტყვა - სულიწმინდა - განკურნება!", რომელიც სასტუმრო "ამბასადორში" 23-24 ივნისს ტარდება. მოსაწვევში არ არის მითითებული, თუ რომელი კონფესია აწყობს ამ შეკრებას. ამ მოსაწვევს ე.წ. "ევანგელისტ-ორმოცდაათიანელთა" სექტა ავრცელებს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
მათივე ცნობით, თბილისის ქუჩებში ვრცელდებოდა პლაკატები, რომლის თანახმადაც, 23 ივნისს, მაჩაბლის ქუჩაზე "მაჰარიშის ტრანსცენდენტული მედიტაციის ცენტრი" და "დევიდ ლინჩის საქველმოქმედო ფონდი" აწყობდნენ ღია კარის დღეს.
"აღნიშნული ცენტრი და ფონდი ერთ-ერთ ტოტალიტარულ სექტას წარმოადგენს. ქუჩაში მოწოდებული ერთი შეხედვით გაურკვეველი წარმოშობის ფურცლებისა თუ ბროშურების უკან, როგორც წესი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მოწინააღმდეგე რომელიმე სექტა დგას", - აღნიშნულია განცხადებაში.