გასულ კვირას ეკა ბერიძემ ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვა და სამუშაოდ "მეცხრე არხზე" გადავიდა. ყოველდღიური გადაცემა "პირდაპირი საუბარი" ამჯერად მუსიკოს ზაზა ხუციშვილს მიჰყავს. ახალ ამპლუაში ზაზამ "მაესტროში" გვიმასპინძლა, სადაც მამუკა ღლონტი და შალვა რამიშვილი "ზაზა მასწავლებელოს" ძახილით შეხვდნენ და პირველი გადაცემის მაღალი რეიტინგი მიულოცეს...
- ზაზა, "მაესტროში" ზაზა მასწავლებელს რატომ გეძახიან?
- (იცინის) ამას დამსახურება უნდა. დიდი ხანია, "მაესტროს" მთელი კოლექტივი მასწავლებელს მეძახის. ბევრი რამ ვასწავლე - მწვადის შეწვა, ღვინის დაგემოვნება, ხორცის შერჩევა... ხორცი სწორად უნდა შეარჩიო, რომ მწვადი გემრიელი გამოვიდეს.
- ამჯერად მწვადზე საუბარს თავი დავანებოთ და თქვენს ახალ ამპლუაზე ვისაუბროთ, ვისგან მიიღეთ შეთავაზება, რომ "მაესტროზე" ეკა ბერიძე შეგეცვალათ?
- ჩემი ერთ-ერთი მთავარი გატაცება ნადირობაა. ხალხმა ნადირობისა და ბრაკონიერობის ერთმანეთისგან გარჩევა უნდა ისწავლოს. ამ თემაზე გადაცემა რადიო "უცნობში" მიმყავდა. ორი წლის განმავლობაში ვიმუშავე და კარგი საეთერო გამოცდილება დამიგროვდა. ცოტა ხნის წინ "მაესტროზე" ერთი კვირა შალვა რამიშვილისა და დიანა ტრაპაიძის თანაწამყვანი ვიყავი. მოეწონათ, კარგად საუბრობ (იღიმება), იქნებ, რადიოშიც სცადო ბედიო. მაშინაც ეკა ბერიძე შევცვალე.
- მგონი, გადაეკიდე ამ ჟურნალისტს...
- ეკა ბერიძეს გადავეკიდე აშკარად (იღიმება). არა, მე არ გადავკიდებივარ, ორივე შემთხვევაში თავად წავიდა. რადიოში დაახლოებით სამი თვე ვიმუშავე, მე მგონი, ისევ გავაგრძელებ. ამის შემდგომ მივიღე ტელევიზიიდან შეთავაზება.
- ვისგან მიიღეთ ეს წინადადება?
- ხომ ნახეთ, აქ ყველა ჩემი მეგობარია. ბაჩო კიკაბიძე, ეკა აკობია, მამუკა ღლონტი... მე მგონი, ერთად გადაწყვიტეს. სერიოზული გამოწვევაა იმიტომ, რომ ეკა ბერიძე ძალიან კარგი წამყვანია და მისი შეცვლა ადვილი არ იქნება. საკუთარი თავის იმედი მაქვს, გადაცემაზე კარგი საპროდიუსერო ჯგუფი მუშაობს.
- თან კარგად ერკვევით პოლიტიკაში.
- დიახ, მაგრამ ამას ცოტა სხვანაირად ვუყურებ. როდესაც ჟურნალისტს ეთერში რომელიმე სფეროს სპეციალისტი მოგყავს, მისგან უნდა გაიგო რაღაც და გააგებინო მაყურებელსაც. თუმცა არ უნდა მისცე საშუალება, მისი საუბარი დემაგოგიაში გადავიდეს და მაყურებელი შეცდომაში შეიყვანოს, ამისთვის მზად უნდა იყო.
- მეუღლე როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას, მუსიკოსს გაჰყვა ცოლად...
- (იღიმება) ძალიან მოეწონა. მუსიკა და ჟურნალისტიკა რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. ორივე შემთხვევაში ცნობილი სახე ხდები და ორივე სამსახური საღამოს საათებშია.
- ახლა რამდენად დაგრჩებათ დრო მუსიკისთვის?
- სამსახურში ექვს საათზე მოვდივარ და მანამდე დიდი დროა.
- მუსიკალური წრე როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
- არავისთვის მითქვამს, მე მგონი, პირველად ეთერიდან გაიგეს (იცინის). პოლ მაკარტნის დაბადების დღეზე დამირეკეს, კონცერტზე გამოდიო. უარი ვუთხარი ახალი სამსახურის გამო. ერთხელ უკვე ვუღალატე მუსიკას. სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდოდა ამ კონცერტზე გამოსვლა, მაგრამ ვერ მოვახერხე.
- ნერვიულობდით პირველი ეთერის დაწყებამდე, როგორ მოემზადეთ?
- არ მინერვიულია, მაგრამ მეგობრებმა მითხრეს, ეთერის დროს ოდნავ აღელვება გეტყობოდაო. პირველი გადაცემისთვის სავსებით ნორმალურია.
- ზაზა, ეკა ბერიძეს იცნობდით, მისგან რაიმე რჩევა თუ მიიღეთ ეთერამდე?
- ეკას ვიცნობდი, "მაესტროში" ხშირად შემომივლია და რადიოშიც მინახავს, თუმცა პროფესიული საუბარი არასოდეს გვქონია.
- ეთერი არ გადმოგაბარათ?
- არა, ოფიციალურად თავისი ბოლო ეთერის დროს გადმომაბარა (იღიმება).
- მოეწონა თქვენი კანდიდატურა შემცვლელად?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით. წინასწარ ალბათ ვერ იტყოდა და რამდენიმე გადაცემას რომ ნახავს, მერე ვნახოთ...
- პირველი ეთერის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიდან ვინ დაგირეკათ?
- ყველაზე ცნობილი, ვინც დამირეკა, "ჭიჭიკო და ბიჭიკოს" შოუდან ჭიჭიკოა. მოეწონა... სიმართლე გითხრათ, ჩანაწერი არ მინახავს. რთული პერიოდი მაქვს, გერმანიიდან სტუმრები მყავს და მათ დავყვები. მინდა, ყველაფერი ვაჩვენო.
- დღეს საქართველოში ჟურნალისტებს ყველაზე ხშირად პოზიციის გამო აკრიტიკებენ. თქვენ მკვეთრად ოპოზიციურად ხართ განწყობილი, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებთ ეთერში ამის დაბალანსებას?
- ძალიან რთული იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი მთავრობაა. როდესაც ოპოზიციონერი გეუბნება, რომ ვერაფერს ცვლის, რადგან ამის ბერკეტი არ აქვს, პასუხს ვერ მოსთხოვ.
- როგორ ფიქრობთ, რომელიმე სტუმარი თქვენ გამო ეთერში მოსვლისგან თავს თუ შეიკავებს. რამდენად სერიოზულად აღიქვამენ თქვენს ჟურნალისტურ ამპლუას?
- მე მგონი, პირიქით. მე ვიცი მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრის განწყობა ჩემ მიმართ და ეს უარყოფითი არ არის. მათ კარგად იციან, რომ არ ვიტყუები და ამას რაღაცის გამო არ ვაკეთებ. უამრავი საცდური იყო ჩემს ცხოვრებაში და ეს თავადაც კარგად იციან. თუ თავად მართალი კაცია, არ შეიძლება, მართალი ადამიანის მიმართ სიმპათია არ ჰქონდეს. მოწინააღმდეგე მხარეს მდგომ ადამიანსაც ყოველთვის უნდა აფასებდე, თუ ის ღირსეული ადამიანია. დღესაც ვამბობ, ვინც სააკაშვილს მხარს ანგარების გამო არ უჭერს და მართლა სჯერა პრეზიდენტის, მის არჩევანს პატივი უნდა სცე, მაგრამ როდესაც იცის, რომ ამისათვის თვის ბოლოს რაღაც უნდა მიიღოს და ჩუმად არის, ეს კატასტროფაა.
- დღეს ძალიან მოდური გახდა ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს ჩაწერა, თან "მაესტროზე" არის ამის საშუალება. გაქვთ თუ არა მისი ეთერში მოწვევის სურვილი?
- აუცილებლად, იმიტომ, რომ ეს ადამიანი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერია. მას თუ არ ჩაწერ, აბა, ვინ უნდა ჩაწერო. დადგება მომენტი, როდესაც თემები დაგროვდება და იმ მომენტში იქნება აქტუალური ივანიშვილის სტუმრობა.
- სააკაშვილზე რას იტყოდით, ერთხელ თეა სიჭინავას ჰქონდა მისი დაპატიჟების მცდელობა.
- ეს იყო გამოწვევა გამოწვევისთვის. მეც სიამოვნებით გამოვიწვევდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ მოვა. ის არ დაჯდება იმ ჟურნალისტთან ეთერში, რომელიც უხერხულ კითხვებს დაუსვამს. ასეთთან იჯდა ორჯერ, ერთხელ "ბიბისიზე", მეორედ "სიენენზე" და ორივეჯერ ისე გამოვიდა წყობიდან, რომ წამყვანთან ჩხუბით დაამთავრა. თან იმათ იმდენი პრეტენზია არ აქვთ, რაც ჩვენ, ქართველებს.
- რა შეკითხვას დაუსვამდით პრეზიდენტს?
- ბევრი შეკითხვა მაქვს, 2008 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დადებული პირობები რატომ არ შესრულდა. როდესაც აცხადებს, რომ კორუფცია დაამარცხა, ღია ეთერში დავუმტკიცებდი, რომ ელიტური კორუფცია ყვავის საქართველოში.
- პარლამენტარ გურამ ჩახვაძესაც ჰქონდა ამის დამტკიცების მცდელობა პარლამენტში, მაგრამ...
- ჩახვაძემ ვერ შეძლო კი არა, არ შეძლო. მისი ოპოზიციონერობის მანდატი იქ მთავრდება, რამდენიც გამოსვლისას თქვა. ჩემი აზრით, იქ ყველაფერი გათვლილია, ვის რამდენის უფლება აქვს.
- მეგონა, პირველ სტუმრად თქვენს კოლეგა უცნობს მოიწვევდით. ის დიდი ხანია, საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. რამდენად ობიექტური იქნებით მეგობრების სტუმრობისას?
- გია ამ ეტაპზე არ აქტიურობს, ეს არ არის ცხელი თემა. მასთან ეთერი შეიძლება სამი შეკითხვის შემდგომ დასრულდეს. უცნობს რაღაც პროექტი აქვს და როდესაც განახორციელებს, აქტუალური იქნება და დავპატიჟებ, მაგრამ ამ ეტაპზე ის გარიდებულია მოვლენებს... საერთოდ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ჩემი ქვეყნის მომავალს პირდაპირ ვანდობ თუნდაც ბიძინა ივანიშვილს და არაფერს ვკითხავ. თუნდაც იმ მილიარდიან ფონდზე ვკითხავ, რას უნდა მოაკლდეს ეს თანხა ბიუჯეტიდან. სადღეგრძელოების დრო დამთავრებულია. შეიძლება, მის პროგრამაში ისე იყოს ყველაფერი ჩამოყალიბებული, რომ ნაკლები შეკითხვა გაგვიჩნდეს, ან პირიქით.
- თუმცა ბიძინა ივანიშვილი არ არის თქვენი მეგობარი, მე გკითხეთ, რამდენად ობიექტური იქნებით მეგობრებთან?
- უახლოეს სამეგობრო წრეში პოლიტიკოსები არ მყავს, ამიტომ ეთერში მოწვევისას ვერც დაძაბულობას ვიგრძნობ.
- ახალი იმიჯი როგორ მოირგეთ?
- ერთი წელია, რაც კითხვის დროს სათვალე მიკეთია, რაც შეეხება კოსტიუმს, აქაური გადაწყვეტილება იყო.
- პირველ გადაცემას როგორი რეიტინგი ჰქონდა?
- როგორ ითვლიან, არ ვიცი, მაგრამ ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა. შეიძლება აინტერესებდათ, როგორ გავართმევდი თავს. შეიძლება, სეირის მომენტიც იყო. ძალიან მინდა, ეს ნელ-ნელა ინტერესში გადაიზარდოს და შევინარჩუნო რეიტინგი.
- თავს უკვე ჟურნალისტად გრძნობთ?
- ჟურნალისტობას არასოდეს დავიბრალებ. საერთოდ, მივეჩვიეთ, ადამიანი კლიპს რომ გადაიღებს, რეჟისორს ვეძახით. მუსიკის გარდა თუ სადმე ვიმუშავებდი, ეს არის ჟურნალისტიკა, მაგრამ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა.
- ზაზა, ეს თქვენი დროებითი გაჩერებაა?
- ვერ გეტყვით, შეიძლება, მერე სხვა გადაცემაც წავიყვანო, სხვა ჟანრში. საქართველოში მუსიკოსისათვის მხოლოდ თავისი პროფესიით არსებობა რთულია. სხვა მიმართულებით აქტიურობას აქ მირჩევნია. მუდმივი სამსახური ძალიან კარგია.
- სერიოზული გადაცემა მიგყავთ... ამის შემდგომ როგორ წარმოგიდგენიათ, იმღეროთ ვერა ქობალიას მოზელილ ღომზე?
- უკეთესად გაიყიდება, უფრო მეტი ადამიანი მოისმენს და კონცერტებზე დასწრებაც გაიზრდება. ეთერში თუ მოვა სტუმრად, თქვენ ის თქვით, ერთად ხომ არ მოვზელთ ღომს (იცინის).
- კახელმა კაცმა მთლად ღომი არ უნდა დაახვედროთ.
- ვხუმრობ, რა თქმა უნდა... არ ველოდები, იმიტომ რომ ნაციონალებს ასეთი პრინციპი აქვთ - აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არავის უშვებენ. მგონია, რომ არ ენდობიან. მხოლოდ რამდენიმე კაცი მოდის პარლამენტიდან, ისინი, რომლებიც კარგად არიან მომზადებული.
- კითხვას გაგიმეორებთ, ახალი სტატუსის გამო არ შეიზღუდებით სიმღერისას, ისევ იმღერებთ პრეზიდენტზე?
- ეს ამპლუა ჩემს მოქალაქეობრივ პოზიციას ხელს არ შეუშლის. ეთერში ობიექტური უნდა ვიყო, ყველასადმი მომთხოვნი და ისეთი შეკითხვები უნდა დავსვა, რაც მოქალაქეებს აინტერესებთ.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)
ასევე იხილეთ | ვიდეორეპორტაჟები