რეზო ესაძე - "მიშა, შენი დრო ამოიწურა, გაიგე?!"

რეზო ესაძე - "მიშა, შენი დრო ამოიწურა, გაიგე?!"

"არ ვიცი, რამდენად სჭირდება თქვენს მკითხველს ჩემი გულწრფელი აღსარება, მაგრამ ეს არის ინტერვიუ იმ კაცისა, რომელსაც საუბარი არ უნდოდა, მაგრამ ბევრი სალაპარაკო აქვს თავის ხალხთან, თავის პოზიცია-ოპოზიციასთან. ხან ძალა არ შემწევს, ხანაც კი ვფიქრობ, რას შეცვლის ჩემი ლაპარაკი-მეთქი. ხშირად უარით ვისტუმრებ თქვენს კოლეგებს, მაგრამ ეს ხუშტური არ არის, უბრალოდ, ძალიან ცუდად ვარ და სუსტი ჯანმრთელობის გამო მიწევს მათთვის უარის თქმა, მაგრამ გულს მაინც არ ვიტეხ ეს მოხუცი კაცი... ფანჯრიდან ვუყურებ სამყაროს, რადგან გარეთ ძალიან იშვიათად გავდივარ. გული მტკივა, რომ ასეთ ქვეყანას, ქალაქს, ქუჩასა და ადამიანებს ვუყურებ. ხეებიც კი მოწყენილია...", - ამბობს კინორეჟისორი რეზო ესაძე და თვალებზე მომდგარ ცრემლს ჩუმად იწმენდს. ცოტა ხანს ჩაფიქრებული გაჰყურებს ფანჯარას და შემდეგ დინჯად განაგრძობს იმაზე ლაპარაკს, რასაც ხედავს, როგორც აღიქვამს, რაც სტკივა და რაც იმედს აძლევს.

- ჩემი ფანჯრიდან დანახული სამყარო, ქუჩა, ხეები, მთებიც კი გალახულია, ადამიანებისგან გალახული. ადამიანები კი ერთმანეთის ბოღმითა და ბოროტებით ვართ სავსე და ეს ყველას სახეზე გვაწერია. მე ამას მათში ყოველ წამს ვკითხულობ, პირისპირ შეხვედრებში, სატელევიზო გამოსვლებში, საგაზეთო ინტერვიუებში...

ყველაზე დიდი და მტკივნეული პრობლემა რა არის, იცით? - ყველას პირველობა უნდა და ერთმანეთს არ ინდობენ. სხვაგან ნასწავლი, უცხო ხრიკებითა და ილეთებით ეჯიბრებიან. მახინჯ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ხედავთ, დღეს რა ხდება? - შე დალოცვილო, რამ დაგბოღმა და დაგაბრმავა ასე? როცა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, ეს ერთი შეხედვით უბრალო, ჩვეულებრივი კაცი გამოჩნდა, ისე შეზანზარდა მიშა, როცა მოწინააღმდეგის ასეთი ძალა და პოტენციალი იგრძნო, ყველაფერი ადამიანური გადაივიწყა და ამ კარგ ადამიანსაც არ ებრძვის ღირსეულად.

- პოლიტიკაში ღირსეული მეტოქეობა გამართლებულია?

- ღირსება ყველგან გამართლებულია და საჭირო. იქ, სადაც ღირსება არ არის, ვერც პოლიტიკა იქნება სწორი და ვერც კარგი სახელმწიფო აშენდება... ბიძინას დაშინებით ვერ გააჩუმებენ და მით უფრო, ვერ გააქცევენ. ვერც დაჯარიმებით დაასუსტებენ. ეს ის კაცია, რომელიც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს და ძალიან დროული იყო მისი გამოჩენა.

ისე კი, პირადად ჩემი და კიდევ სხვების, ბევრი ჩემნაირის დანაშაულია, რომ ის ამ ადგილზეა და ასე გვექცევა. ჩვენ მოვიყვანეთ ის, რადგან მიამიტები და მიმნდობები ვიყავით.

- ანუ, მათ კარგად ითამაშეს, ბატონო რეზო?

- მათ კი არ ითამაშეს კარგად, მე ვითამაშე ცუდად. ჩვენ, ქართველი საზოგადოება აღმოვჩნდით გულუბრყვილოები... არადა, სააკაშვილსა და მის გუნდს ბოროტება და სიბილწე ჰქონდათ განზრახული და პირველ რიგში, მეტოქეობა კი არა, ღირსეული მტრობაც კი არ შეუძლიათ.

- ბატონო რეზო, გზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აირჩია, რამდენად ახლოს არის "სახალხო კრების" არჩევანთან?

- ჩვენ სასწაულის მოხდენას კი არ ვაპირებდით, ამ ბოროტების მოშორება გვინდოდა. იმავეს აპირებს ეს კაცი და საწინააღმდეგო ვის უნდა ჰქონდეს?.. უშეცდომო კაცი არ არსებობს. ვინც ცხოვრობს და მოქმედებს, შეცდომასაც უშვებს. საბედნიეროდ, ივანიშვილის მხარდამჭერთა რაოდენობა თანდათან მატულობს და ეს იმედს მაძლევს, რომ მალე ჯოჯოხეთური შიმშილის, შიშისა და ღალატის დრო დასრულდება. ამას განიცდის სააკაშვილი და იმიტომაც დადის ასეთი სახეშეშლილი.

- საზოგადოების ერთი ნაწილი გეტყვით, - ხელისუფლება შეცდომებს კი უშვებს, მაგრამ რაღაც ხომ კეთდებაო...

- დიახ, ასეა, მათ მეც ვეთანხმები, რაღაცები კეთდება, მაგრამ მათი მუშაობა ზოგადია, ფასადური. მათ გაკეთებულს სიღრმე არ აქვს. არ მინდა ასფალტი, როცა ვხედავ, რომ მშიერი ბავშვების დანახვაზე სასოწარკვეთილი დედა ფანჯრიდან გადახტომას აპირებს, არ მინდა შადრევანი, როცა ვხედავ, რა დღეშია ჩემი მეზობელი გადასახადების გადახდისას. ასე ქართული სახელმწიფო ვერ აშენდება. მათი განათებები, შადრევნების, შეღებილი და ახალაშენებული მინის შენობების ერთადერთი მიზანი ის არის, რომ იმ ვითომ სინათლით ტვინი დაუბნელოს საზოგადოებას. ის მცირედი, რასაც თანამედროვეობის აყოლა ჰქვია, ისედაც მოხდება, ამას გვერდს ვერც ქართველი ერი აუვლის, მაგრამ ამხელა წარსულის მქონე ქვეყანას რომ ეუბნები, 2003 წლამდე არაფერი ყოფილაო, ნამუსი გაქვს?! მიხვდი, გაიარე და წადი რა. გაიგე, რომ შენი დრო ამოწურულია.

- რამდენიმე წელი გვაცადეთ და რაც გასაკეთებელი დაგვრჩა, იმასაც გავაკეთებთო...

- ჩემს მტერს, რაც ჩვენ დაგვემართოს, რამდენიმე წელი რომ დავაცადოთ. მან უკვე დაკარგა იმათი ნდობა, ვისაც ეუბნება დრო მომეცითო. თან იმის დამთავრება თუ უნდა, რაც დაიწყო, დავღუპულვართ და ეგ არის. საკმარისია უკვე. ნამეტანი გასუქდნენ და სახეების მოყვანილობით, პროფილით, ღიპით, ერთმანეთს დაემსგავსნენ. ყველაზე დიდი სიკეთე და ვაჟკაცური საქციელი მათ მხრიდან, რაც კი ამ წლების განმავლობაში ბოროტება გაუკეთებიათ, არის წასვლა. შემდეგ კი შეიძლება ერმა მათი წლების განმავლობაში ჩადენილი ბოროტებაც აპატიოს. პრეზიდენტის სკამიდან კი არა, რიგითი მოქალაქის პოზიციიდან უნდა შეხედოს ამ ქვეყანას და მიხვდება, რამდენი დაუშავებია. ექვსსართულიანი დედის გინებაც კი ვერ შეურაცხგვყოფდა ისე, 2008 წლის ომის დროს გორში შეშინებული სააკაშვილის საქციელმა რომ შეურაცხგვყო. ამას რომ ერი ჩაყლაპავს და შეგინდობს, ამის საფასური ერთხელ მაინც უნდა გადაიხადო, ერთხელ მაინც უნდა მოიქცე კაცურად...

- დასასრულ, ვიცი, რომ ახალ ფილმზე მუშაობთ...

- დიახ, "ჭერი" - ასე ჰქვია ორსერიიან ფილმს, რომელიც ჯიბრით გავაკეთე... ეს მომავლის ფილმია და ამიტომ არ ვცდილობ მის პუბლიკაციას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი ჩვენების დროც დადგება.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"