ნინო ნადირაძე: "ჩემი ქმარი მეუბნება, უინტერესო არსება ხარო"

ნინო ნადირაძე: "ჩემი ქმარი მეუბნება, უინტერესო არსება ხარო"

ნინო ნადირაძე პირველია ჩემს რესპონდენტებს შორის, რომელსაც მოგზაურობა დიდ დისკომფორტს უქმნის და სადაც უნდა იყოს, მეხუთე დღეს თბილისში უნდება დაბრუნება. მას დასვენებაზე მეტად სამუშაო პროცესი უყვარს. ახლახან ერთ-ერთი დიდი მშენებარე კლინიკის მთავარ ექიმად დაინიშნა, ამიტომაც უწევს აქეთ-იქით სირბილი. ინტერვიუს ბოლო ნაწილს მისი მეუღლე, პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი დაესწრო, რომელმაც ერთი საინტერესო რეპლიკაც ისროლა მეუღლესთან დაკავშირებით. მხიარულ ინტერვიუს თავად გაეცანით.

- რას ნიშნავს თქვენთვის მოგზაურობა?

- ჩემთვის რომ გავიფიქრებ, სადმე წასასვლელი ვარ, უკვე ვიტანჯები. ვერ ვიტან მოგზაურობას, უნდა აბარგდე, მოშორდე შენს ოჯახს, სახლს, საწოლს, ტუალეტს, გარდერობს. თან, როცა მიდიხარ, სამი დღეა თუ ათი, მაინც ბევრი რამ მიგაქვს. ყველა ქალმა იცის, რა საშინელებაა, როცა ამდენი რამ გაქვს წასაღები. ჯერ ვფიქრობ, რა წავიღო, ბოლოს, რაც უცებ მომივა თავში, იმას ვყრი ჩემოდნებში. თავიდან მთელი გარდერობი მიმქონდა და მაინც ერთ ჯინსსა და ბოტასს ვიცვამდი. მეორე მხრივ, როცა არაფერი მიმაქვს, მაინცდამაინც მაშინ გეპატიჟებიან ყველანაირ წვეულებაზე. მერე სულ თავ-ბედს ვიწყევლი. ამას ისიც ემატება, რომ სადაც უნდა წავიდე, იქაური წყალი მწყენს, გამომდის მუწუკი სახეზე, თმა მეჩეჩება და მოკლედ, ვარ ასეთ ტანჯვაში. ჩემი ქმარი სულ მეუბნება, უინტერესო არსება ხარო. თუმცა ასე არ არის, ჩემთვის უფრო საინტერესოა მუშაობის პროცესი, ვიდრე სადმე რომ ვარ გართხმული და ცაში ვიყურები. სახლს რომ ვარ მოწყვეტილი, ობოლი ბავშვის განცდა მეუფლება.

- ბავშვობიდან ასე ხართ?

- პატარები ზაფხულს რომ ელოდებოდნენ დიდი სიამოვნებით და გამოწერილი რომ ჰქონდა ლიკანი და ზღვა, მაშინაც არ მიყვარდა. ჰო­როსკოპით ვე­რძი ვარ და ვერძები ვერ იტანენ გარემოსა და ადგილის ცვლილებას. ჩაბარგების ტანჯვას რომ გადაიტან, მერე კიდევ არა უშავს, იწყებ ახალი ადგილების დათვალიერებას, თუმცა სადაც უნდა ვიყო, მეხუთე დღეს საშინელი ნოსტალგია მეწყება ჩემს სახლზე, სამუშაო გარემოსა და გრაფიკზე. ერთი სული მაქვს, ჩავჯდე მანქანასა თუ თვითმფრინავში და გამოვიქცე სახლში. ჭიანჭველსავით გრაფიკი მაქვს და ამოვარდნას ვერ ვიტან.

- ფრენასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ძალიან დიდხანს მოვუნდი, რომ ეს შიში გადამელახა. ვერ ვიტანდი ფრენას და სასმელით ვიქარვებდი ამ შეგრძნებას. მე და გუგა "დიუთი ფრიში" "ჯონი უოკერს" ვიღებდით ხოლმე. მე დავძლიე შიში და მგონი, გუგას გადავდე, ახლა მას აღარ უყვარს ფრენა (იცინის).

- პირველად საზღვრებს გარეთ როდის გახვედით?

- მამაჩემს პანიკა ჰქონდა, დედაჩემს მარტო უშვებდა ხოლმე, თვითმფრინავი რომ ჩამოვარდეს, შვილები არ დამეღუპონო. როგორც იქნა, 90-იან წლებში გავაღწიეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მოსკოვში. მერე დაიწყო ევროპული მოგზაურობები. კარგია პარიზი, ბარსელონა, ის ქალაქები, სადაც ვყოფილვარ, შეიძლება, ვიღაცას სულელი ვეგონო, მაგრამ რომ მითხრან, აჰა, შენ ბევრი ფული და თბილისში იყავიო, არსად არ გავემგზავრები არასდროს.

- მაინც რომელ ქალაქს გამოარჩევთ?

- სადაც ჩავდივარ, ის ქალაქი მომწონს ხოლმე ყველაზე მეტად. არასდროს არ მიჩნდება სურვილი, დავბრუნდე იმ ადგილას, სადაც ერთხელ უკვე ვიყავი. ყოველთვის ვცდილობ, ახალი ვნახო და არ ამოვიჩემო უკვე ნანახი. მუზეუმებზეც მინდა ვთქვა - ვცდილობ, დავათვალიერო თითო ჩასვლაზე არაუმეტეს ორი გალერეა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავში სრული დომხალი გაქვს. მხოლოდ ლუვრი რომ დაათვალიერო, დიდი ხანი გჭირდება, შემორბენით ნახვას აზრი არ აქვს. ერთი დღის ექსკურსია არაფერს მოგცემს. თუმცა ორსეს მუზეუმში სამჯერ მისვლა არ არის აუცილებელი, მაინც დავათვალიერებდი კიდევ და კიდევ. სულ მაინტერესებდა, რატომ გიჟდებოდა ხალხი მონესა და მანეზე. რეპროდუქციებიდან გამომდინარე ვფიქრობდი ამას, მაგრამ მათი ნამუშევრების ნახვისას აზრი შემეცვალა. როცა გალერეაში მოვხვდი, მერე ვნახე, ვან გოგი რატომ არის ძალიან დიდი - ვიდექი მის ნახატთან და ვტიროდი. ვან გოგი იმდენად გამოირჩევა, უხეშ შედარებას მოვიყვან, მაგრამ ბევრ ლამაზ ქალს შორის მერილინ მონრო ხომ განსაკუთრებული იყო?!..

- ვიცი, რომ ამსტერდამიც ნანახი გაქვთ.

- (იცინის) ამასთან დაკავშირებით აღიარებითი ჩვენება მივეცი ყველა მედიასაშუალებას (იცინის). "ფეისბუქზე" ფოტოებიც კი მედო, სადაც მე და გუგა იმ ცნობილ ნამცხვრებს მივირთმევთ, მაგრამ მერე გუგამ ამაღებინა. ფოტოზე ვიხეოდით სიცილით. დაგიჭერენ, გოგოო, გუგა მეუბნებოდა. ვპასუხობდი, რა ვქნა, მანახე ერთი ადამიანი, რომელიც ამსტერდამში იყო და არაფერი გაუსინჯავს-მეთქი. ამსტერდამი კიდევ სხვა არის, კანი, ნიცა ნანახი მაქვს, ჩუმი ქალაქებია, იქიდან სან-რემოში რომ გადავედით, ყველაფერი ახმაურდა. იტალიელებს ოღონდ შეკითხვა დაუსვი და ყველაფერზე გიპასუხებენ. ამსტერდამიდან მანქანა დავიქირავეთ და ბელგიასა და ლუქსემბურგში გახლდით. ბელგიაში მართლა დგას ფუნთუშებისა და შოკოლადის სუნი. ბრიუსელში რომ ჩავედით, ოპერიდან იქაური მაცხოვრებლები გამოვიდნენ, საღამო იყო, ასაკოვანი ქალები, რაფინირებული მამაკაცები, სუფთა სისხლის ევროპელები... ქალბატონები სადად იყვნენ ჩაცმულები, ევროპაში ყველგან იგრძნობა ძველი ევროპული სისადავე, ისინი არავის არაფერს უმტკიცებენ, მათი თვალებიდან სიმშვიდე მოდის, ტურისტსა და ადგილობრივ მალევე გაარჩევ ერთმანეთისგან. ამ სიმშვიდის ძალიან მშურს. სხვათა შორის, ლუქსემბურგში ძალიან ლამაზი ქალები ჰყავთ. კარგი აღნაგობა აქვთ.

ყველაზე სასაცილო, რაც ლუქსემბურგში შეგვემთხვა, ის იყო, რომ ტუალეტში გვინდოდა და გავაჩერეთ "მაკდონალდსთან". ამ ქვეყანაში ყველაფერი ძალიან ძვირფასია, მაგრამ "მაკდონალდშიც" კი "ვილეროი და ბოხის" ტუალეტი იდგა (იცინის). ევროპაში ამას სხვაგან ვერსად ნახავ.

- ეგზოტიკურ ქვეყნებში თუ ყოფილხართ?

- თურქეთსა და დუბაიში. თურქეთი მაქვს არა ტურისტის თვალით ნანახი. ჩვენი ახლობელი ოჯახი ცხოვრობს იქ და გუგას კლიენტია ამ ოჯახის უფროსის ორი ცოლი. გუგამ მათთან მარტო გამიშვა სამოგზაუროდ. ჩემი ქმარი ისეთია, მამაჩემს არ მატანდა ღამე სახლში და იმათთან გამიშვა. თურქეთში ვნახე ის ადგილი, სადაც მარიამ ღვთისმშობელი გარდაიცვალა. ამიყვანეს სადღაც მთებში, სადაც გაკეთებულია რესტორნების ქსელი, პირდაპირ მიწაზეა დაყრილი რბილი დასჯდომები, მოაქვთ ისეთი გემრიელი საჭმელი, რომელიც კუჭს არ გატკენს. იქ იყვნენ მდიდარი თურქები ძალიან ლამაზ ქალებთან ერთად. ტრაბზონში ასევე მთებში აქვთ კურორტი, ბახმაროს მსგავსი. წიწვოვანი ტყეებია, მზეზე იხრუკები და ჩრდილში იყინები, არნახული ჰაერია, დგას მარმარილოს შენობები შიგნით ცხელი აბანოებით. დიდი სვეტებიანი აუზებია, რამდენადაც ვიცი, სამკურნალო წყლებით. ქალებისთვის ცალკეა აუზი, მამაკაცებისთვის ცალკე. ძალიან ცხელ წყალში ბანაობის შემდეგ გამოდიხარ ძალიან მშიერი, იქვე გახვედრებენ შესანიშნავ კერძებს. აბანოდან კი თითქოს სულიერადაც და ფიზიკურადაც თავისუფალი. ასე რომ, ყოველთვის ვცდილობ, წავიდე იმ ქვეყანაში, სადაც მასპინძელი გხვდება. თურქეთში, რადგან ჩემი თავი ჩაიბარეს, ჯარი დამსდევდა უკან, რომ არავის არაფერი ეკადრებინა (იცინის).

- მარტო გუგა სხვაგან არ გიშვებთ?

- მარტში მაქვს დაბადების დღე, ამ დროს ლატვიაში მივდივარ. ერთ-ერთ კომპანიას აქვს ხოლმე ფასდაკლებები, როცა ლატვიიდან იტალიაში გადაფრინდები 20 დოლარად, ოღონდ სამ დღეში უკან უნდა დაბრუნდე. ასეთი აქციებით ვსარგებლობთ ხოლმე. ჩემი მეგობარი ჩემზე ერთი დღი ადრე არის დაბადებული, მისი კიდევ ერთი დაქალი ასევე ერთი დღით ადრე. მოკლედ, სამი დღით ადრე ვიწყებ აღნიშვნას მათთან ერთად, იურმალაში ჩავდივართ, სადაც ამ დროს თოვლია, მივდივართ აბანოში... ვუყურებთ ვიტრაჟებიანი ფანჯრებიდან იურმალის პატარ-პატარა სახლებს.

- მოგზაურობის დროს უცნაური ამბავი თუ შეგმთხვევიათ?

- არასდროს არ მომიყოლია პრესაში. 2004 წელს ჩემი მაზლის დისერტაციის დაცვაზე ვიყავით მე და ჩემი დედამთილი მოსკოვში. იქიდან მოვფრინავდით. მე, რასაკვირველია, ისევ შიშსა და ჟრიალში ვიჯექი. გვერდით დავით ონოფრიშვილი მეჯდა. მე რომ მიყურებდა, სურვილი გაუჩნდა, თავისი სასმელიც ჩემთვის შემოეთავაზებინა. როცა მე საკმაოდ შეზარხოშებული ვიყავი, ვიღაცამ უცბად დაიძახა, ექიმი ვინ არისო. მე ვზივარ გაშლილი თმით, ქურქით და ძალიან მოკლე ქვედაბოლოთი და ვამბობ - მე ვარ!.. (იცინის). თან, გალეწილი მთვრალი ვარ. თურმე, ერთ-ერთ მამაკაცს ინფარქტი აქვს, წნევის ვარდნით, პულსი არ ისინჯება... დათო ონოფრიშვილს ბედად წნევის აპარატი აღმოაჩნდა. ხალხის სახე უნდა გენახათ. გავიხადე ქურქი და მივასკდი იმ ადგილს, სადაც ეს კაცი იჯდა. იატაკზე დავაწვინე, ფეხები ავაწევინე და ვარ ერთ ამბავში. ყველამ მიმატოვა და დავრჩი მარტო. თურმე უკვე უნდა დაჯდეს თვითმფრინავი. ისე დავფრინდით, მე ვერც გავიგე. დასმული დიაგნოზით სასწრაფო გამოვაძახებინე. ის მამაკაცი უკვე მოსულიერებული იყო. აი, სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ მომეხსნა ფრენის შიში. ასეთი რამ მხოლოდ კინოში მქონდა ნანახი...

- საოცნებო ქვეყანა გაქვთ?

- ბევრი ფულით ჯიბეში მანჰეტენზე გასეირნება მინდა. ფულის გარეშე მაწანწალა ხომ არ ვარ (იცინის). ასე უფულოდ შემიძლია ჯოკონდას ვუყურო, ნიუ-იორკში უფულოდ ჩასვლა არ მინდა. საოცნებო კი იმიტომ არის, რომ თერთმეტი საათი არ შემიძლია თვითმფრინავში ჯდომა. როდესაც მექნება იმის საშუალება, რომ პირველი კლასით გავფრინდე, მერე გავემგზავრები. ახლა ამისი ფუფუნება არ მაქვს.

- შოპინგი ალბათ ძალიან გეყვარებათ.

- მიუხედავად იმისა, რომ ქალი-ბურჯი, ქალი-დედა და ქალი-ექიმი ვარ, ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ რომელიმე სუსტი სქესის წარმომადგენელს არ უყვარს მაღაზიებში წოწიალი. ფული მომეცი და ყველგან მოვნახავ კარგ რაღაცას. დამიჯერე, ბაქოშიც ისეთი მაღაზიებია, როგორიც პარიზში. გუგა ამბობს, რომ ერევანშიც არანაკლებია, თუმცა იქ არ ვყოფილვარ. ბაქოში ის მომეწონა, რომ ყველა ბრენდის მაღაზია ცალ-ცალკეა და როცა 70%-იანი ფასდაკლებაა, ზუსტად ამდენს აკლებენ და არა ისე, როგორც ჩვენთან ხდება. ამსტერდამში ის მომწონს, რომ ჰოლანდიელი და ბელგიელი დიზაინერების განსხვავებული და კარგი სამოსის შეძენა შეიძლება. საქართველოში ყველა ერთნაირად იცვამს. თბილისშიც შემიძენია ინდური "კრუჟავჩიკებიანი" სამოსი და ძალიან მომიხდენია. მთავარია, კარგად გამოიყურებოდე და 30-ლარიანის ყიდვისა და ჩაცმის პრობლემაც არ მაქვს.

- დაბოლოს, სამზარეულოზე გკითხავთ. მოგზაურობისას ახალ კერძებს თუ სინჯავთ?

- საშინელი გურმანი ვარ. ქართველებს კარგი სამზარეულო გვაქვს, მაგრამ სხვებისაც არ არის ნაკლები. ევროპაში ხორცისა და რძის ნაწარმი უმაღლესი ხარისხისაა. ჩვენ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება, რომ აქ მსგავს ხარისხს მივაღწიოთ. კარაქსაც კი სხვა გემო აქვს. საფრანგეთში მიჭამია თევზეული, რომელიც ძალიან გემრიელია. მიყვარს რიგაში ნამცხვრები და ასევე წითელი თევზი. ყველაფერს ვსინჯავ მანის ფაფის გარდა.

გუგა:

- და ყველაფერს სვამს... მათ შორის, ჩემს სისხლსაც (იცინის)!..

ნინო:

- ეს აუცილებლად ჩაურთეთ ინტერვიუში (იღიმება).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"