სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო პოლიტიკური ნიშნით სპორტსმენების შევიწროების ფაქტებს უარყოფს.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, არც ერთი სპორტსმენის უფლებები პოლიტიკური ნიშნით არასოდეს შელახულა.
"ჩვენ ვთვლით, რომ ყველა სპორტსმენი ამავე დროს თავისი ქვეყნის მოქალაქეა და შესაბამისად, სრული უფლება აქვს, გამოხატავდეს თავის მოქალაქეობრივ ან პოლიტიკურ შეხედულებას. ამ მხრივ სამინისტროს არასოდეს შეუზღუდავს არც ერთი სპორტსმენი, არც ერთი მათგანის მიმართ არ გატარებულა არანაირი საჯარიმო სანქცია მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, უფლებების შელახვის შესახებ სპორტსმენთა ჯგუფის მიერ გაკეთებული განცხადების ყველა ხელმომწერი კონკრეტული პოლიტიკური კოალიციის წევრი და მხარდამჭერია, შესაბამისად, სამინისტრო მათ განცხადებას ამ კოალიციის საარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.
"მათ კამპანიაში მონაწილეობის სრული უფლება აქვთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამის გზად არჩეულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ძალიან ადვილად შეიძლება გადამოწმდეს, რომ ეს სპორტსმენები დღემდე იღებენ მათთვის სპორტული მიღწევებისთვის სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ანაზღაურებას და არც ერთი მათგანი პოლიტიკური შეხედულებების გამო ეროვნული ნაკრებიდან არ გაურიცხავთ. რაც შეეხება სპორტსმენის პოლიტიკაში ჩართვის უარყოფით ასპექტს - ასეთი ასპექტი მხოლოდ ერთია - პოლიტიკაში აქტიურად ჩართვამ შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს სპორტულ დისციპლინაზე. ხშირ შემთხვევაში, სხვა ვალდებულებებისთვის დროის დიდი ნაწილის გამოყოფა არღვევს პირადად სპორტსმენის და ნაკრების სპორტულ რეჟიმს, რაც ნეგატიურად აისახება ქართული სპორტის შემდგომ მიღწევებზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, შესაბამის სპორტულ ფედერაციებთან ერთად მხოლოდ რეკომენდაციების დონეზე მიაწოდა ინფორმაცია აქტიურ პოლიტიკაში ჩართულ სპორტსმენებს, რომ მათმა ჩართულობამ აქტიურ პოლიტიკაში სპორტული დისციპლინა არ დაარღვიოს", - აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ მწვრთნელის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული სპორტსმენები ხშირად ნაკრების საწვრთნელ შეკრებას არ ესწრებიან.
სპორტსმენების პოლიტიკური ნიშნით დევნისა და ზეწოლის შესახებ საზოგადოებრივმა მოძრაობა "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო მიმართვა შეიმუშავა, რომელიც გუშინ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაერო-ს, ევროკავშირს, ასევე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და სხვა სპორტულ ორგანიზაციებს გადაეგზავნა.
როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში სპორტისა და სპორტსმენთა პოლიტიზირება მოახდინა და სპორტსმენები არა სპორტული მიღწევების, არამედ მისდამი მორჩილების მიხედვით, კატეგორიებად დაყო - ეს კი სპორტისა და სპორტსმენების ღირსების შელახვას იწვევს.
მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლება სპორტსმენებს პოლიტიკური ოპონენტებისა და მმართველი გუნდით უკმაყოფილო ადამიანების დასაშინებლად იყენებს. მიმართვას 130-მდე მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენი შეუერთდა. მათ შორის არიან ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები.