დემურ გიორხელიძე: "ხელისუფლება იძულებული შეიქნა, "ქართული ოცნებისთვის" მიებაძა"

დემურ გიორხელიძე: "ხელისუფლება იძულებული შეიქნა, "ქართული ოცნებისთვის" მიებაძა"

ახალმა მთავრობამ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს მოსახლეობას თავისი პროგრამა წარუდგინა. დასაქმება, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა - ეს ის ძირითადი მიმართულებები, რომლებსაც ეყრდნობა არა მარტო მთავრობის, არამედ "ქართული ოცნების" ეკონომიკური კონცეფციაც. საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი პროგრამა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ბიძინა ივანიშვილის პროგრამას. საფუძვლიანია ეს მოსაზრება? მართლა იმეორებენ "ქართული ოცნების" კონცეფციას "ძლიერნი ამა ქვეყნისა"? - ამ და სხვა კითხვებით მივმართეთ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ფინანსური ჯგუფის ხელმძღვანელს, ექსპერტ დემურ გიორხელიძეს:

- მოსაზრება, რომ საქართველოს ახლად არჩეულმა მთავრობამ გაიმეორა ის, რასაც "ქართული ოცნება" ამბობდა, ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული, თუმცა მთავრობის მიერ შემუშავებულ პროგრამაში არ ჩანს ის გზები და საშუალებები, რომლებითაც ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს. "ქართული ოცნების" პროგრამაში კი ყველაფერი მკაფიოდ ჩამოყალიბებული, წინასწარ გათვლილი და დაგეგმილია. ჩვენს პროგრამაში ყველაფერი დაფუძნებულია რეალურ გაანგარიშებებსა და ეკონომიკის განვითარების ძირითად კანონზომიერებებზე. გათვალისწინებულია ის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაც, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება. ბუნებრივია, როდესაც ქვეყნის მთავრობამ დაინახა პოლიტიკური ოპონენტი, რომელსაც რეალური, ჩამოყალიბებული გეგმა აქვს, თვითონაც იგივე გააკეთა: ანუ, ქვეყნის პრობლემებიდან და საერთო ვითარებიდან გამომდინარე, ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. თუმცა აქ ჩნდება სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური კითხვა: ამ წლების განმავლობაში რა უშლიდათ ხელს, რატომ ვერ შეძლეს, იგივე გაეკეთებინათ?

ახლა 2003 წელი რომ იყოს, გაგებით მოვეკიდებოდი მათ დაპირებებს, უფრო მეტიც, შეიძლებოდა ეს ყველაფერი რეალურად და სრულიად მისაღებად ჩამეთვალა, ცხრა წლის შემდეგ კი მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება - ხელისუფლებამ ძალიან დააგვიანა. ამ დაგვიანების შედეგი კი სავალალოა: საქართველოს მოქალაქეები საარსებო წყაროს საშოვნელად საზღვარგარეთ გარბიან, ხოლო ჩვენ, ვინც აქ დავრჩით, ბუნებრივი რესურსებით საკმაოდ მდიდარ ქვეყანაში ძალიან ღარიბულად ვცხოვრობთ.

- ბატონო დემურ, ხელისუფლება ადრეც გვპირდებოდა უმუშევრობის დაძლევას, ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, ახალ სამუშაო ადგილებს და ა.შ...

- უმუშევრობა და სიღარიბე უკვე კარგა ხანია, ჩვენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, მათ დაძლევასა და დამარცხებაზეც კარგა ხანია ლაპარაკობენ ჩვენი ხელისუფალნი და დაპირებებსაც იძლევიან, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობა ბოლო წლებში საკმაოდ მომწიფდა იმისათვის, რომ ყალბი დაპირება გაარჩიოს რეალური, წინასწარ გათვლილი გეგმისაგან, გაარჩიოს, რომელია შავი და რომელი - თეთრი. ადამიანებს გაუჩნდათ ლოგიკური კითხვა: "რა გარანტია მაქვს, რომ ამ დაპირებებს შემისრულებენ და კიდევ ერთხელ არ მომატყუებენ?" ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან არც ერთი სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ, რა გზით აპირებენ უმუშევრობის პრობლემის დაძლევას და სიღარიბიდან ქვეყნის გამოყვანას, არ თქმულა. ამას სჭირდება ახალი საწარმოების გახსნა, ბიზნესის ხელშეწყობა და მისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა მაშინ, როდესაც ბევრი საპირისპირო მოვლენის მოწმენი ვართ: ბოლო წლებში უამრავი ბიზნესმენი გაკოტრდა და ბევრი საწარმო დაიხურა, რის გამოც სამუშაო ადგილები გაქრა. კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც მთავრობამ დაასახელა, ჯანდაცვის სისტემის სრულყოფაა, თუმცა მათ მიერ აგებულ საავადმყოფოებში ადამიანი სამკურნალოდ ვერ მიდის, რადგან იქ ფასები კატასტროფულად მაღალია.

- ხელისუფლება პენსიების მომატებაზეც ალაპარაკდა...

- საქართველოს მოქალაქეები იღებენ პენსიას, რომლის ოდენობა, სამწუხაროდ, ოდნავაც ვერ უახლოვდება საარსებო მინიმუმს. "ქართულმა ოცნებამ" შეიმუშავა სოციალური პოლიტიკა, როგორ უნდა მოგვარდეს ქვეყანაში ეს საკითხი. ამის შემდეგ გაიმეორეს ბევრი რამ, რაც ბატონმა ბიძინამ მოსახლეობასთან შეხვედრებისას გაახმიანა. რაც შეეხება 100-დოლარიან პენსიას, ამ საკითხში "ქართულ ოცნებას" თავისი მოსაზრება აქვს: უნარდაქვეითებულ ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში შრომობდნენ და უკვე ამოწურეს თავიანთი შრომითი რესურსი, სჭირდებათ არა 100-დოლარიანი პენსია, არამედ ისეთი, რომელიც საარსებო მინიმუმის ტოლფასი იქნება. ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური და სამართლიანი გადაწყვეტა ამ საკითხისა.

- მთავრობის ეს სამი მიმართულება - დასაქმება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა, თქვენი შეფასებითაც "ქართული ოცნების" პროგრამიდან არის გადმოღებული?

- ამ სამ მიმართულებას მართლაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია "ქართული ოცნების" პროგრამაში. ბუნებრივია, ხელისუფლებამაც ჩვენი კონცეფცია გაიმეორა, იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" პროგრამაში გათვალისწინებულია ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც დღეს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე დგას. ძლიერმა პოლიტიკურმა ოპონენტმა სერიოზული პროგრამა შეიმუშავა და ხელისუფლებაც იძულებული შეიქნა, "ქართული ოცნებისთვის" მიებაძა.

- თუმცა თავდაპირველად, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" თავისი გეგმები გამოაქვეყნა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას პოპულიზმი უწოდეს...

- ხელისუფლებამ შესანიშნავად იცოდა და იცის, რომ არავითარი პოპულიზმი ბიძინა ივანიშვილის პროგრამაში არ არის, მაგრამ ეს პოლიტიკური ტექნოლოგიაა: დააკნინო ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც შენი ოპონენტი ამბობს. მერე მიხვდნენ, რომ ამის გარეშე ფონს ვეღარ გავიდოდნენ და გაიმეორეს ის მთავარი მიმართულებები, რომლებიც ჩვენმა გუნდმა უკვე დაასახელა. მერწმუნეთ, ეს პრობლემები ჩვენ არ მოგვიგონია, ისინი დღევანდელმა სინამდვილემ გვიკარნახა, სხვათა შორის, თვითონაც შესანიშნავად იციან, რა პრობლემებია დღეს საქართველოში. არადა, საქართველოს მოქალაქეები არ უნდა ცხოვრობდნენ ასეთ პირობებში, არ უნდა იყვნენ დარჩენილი ღირსეული სამუშაოსა და ნორმალური შემოსავლის გარეშე, არ შეიძლება არსებობდეს მონოპოლიები, რომლებიც განუკითხავად ძარცვავენ ხალხს და ა.შ... ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუკი ხელისუფლება გონივრულ, მიზანმიმართულ ნაბიჯებს გადადგამს თავისი ხალხის საკეთილდღეოდ, მაგრამ ამას მხოლოდ პასუხისმგებლობის მქონე, სერიოზული პოლიტიკური ჯგუფი მოახერხებს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა