გოგა გოლეთიანისა და მარიამ ყანდაშვილის დაღუპვის მიზეზი თოკის დამჭერი მექანიზმის დაზიანება გახდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "როუფ ჯამფინგის" ორგანიზატორებმა განუცხადეს.
"როუფ ჯამფინგის" ორგანიზატორთა ჯგუფის, Extreme Team-ის ერთ-ერთი წევრის, მთამსვლელ ტატო ნადირაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი თოკის გაწყვეტა გახდა, არასწორია. ასევე არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყვილში ხტომა არ შეიძლებოდა და ტრაგედიის მიზეზი ზედმეტი წონა გახდა.
მისი თქმით, ოთხმაგი ალპინისტური თოკით, რომელთაგან თითო 5 ტონის სიმძიმის დარტყმას უძლებს, ხიდიდან ჯამში 1 200-მდე ხტომაა განხორციელებული, აქედან 500-მდე ხტომა წყვილში.
რაც შეეხება უშუალოდ ტრაგედიას, როგორც ტატო ნადირაძე განმარტავს, მიზეზი დამჭერი მოწყობილობის დაზიანება გახდა. კერძოდ, ხიდის ქვეშ განთავსებულ სადგურში თოკები დამაგრებული იყო ავტომობილის სავარძლის ღვედებით, რომლებიც თოკების სწრაფად ჩახსნის საშუალებას იძლეოდა. ღვედებზე დამატებით დამაგრებული იყო 5 ტონის დარტყმის გამძლეობის ორმაგი თოკი, რომლითაც გაკეთებული იყო ალპინისტური რვიანები და შემდეგ დახვეული იყო სპეციალურ მუხრუჭზე.
ტატო ნადირაძის ვერსიით, გოგა გოლეთიანისა და მარიამ ყანდაშვილის გადახტომისას, გაურკვეველი მიზეზით პირველმა დარტყმამ ავტომობილის სავარძლის ღვედის ჩამკეტი სისტემა გატეხა, შემდეგ კი მუხრუჭებიც დაცურდა.
"როუფ ჯამფინგისას" უბედური შემთხვევა, რომელსაც 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი ემსხვერპლა 15 ივლისს მოხდა. უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ჩავარდნის შემდეგ მარიამ ყანდაშვილი ადგილზე, გოგა გოლეთიანი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა "როუფ ჯამფინგის" ინსტრუქტორები გუშინ დაკითხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 116 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გააუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.