ალავერდის ტაძარი საფრთხეშია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მონასტრის მღვდელმონაზონმა იოსებმა განუცხადა.
მისი თქმით, კახეთში 19 ივლისის სტიქიის შედეგად ალავერდის მონასტრის ტერიტორია ორჯერ უკვე დაიტბორა და ტაძარი კიდევ ერთ დატბორვას ვეღარ გაუძლებს.
მღვდელმონაზონის ცნობით, უხვი ნალექის შედეგად ზემოხოდაშენის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა წყალმა მონასტრის მიმდებარედ წინა წელს აშენებული დამცავი დამბები ამოავსო და მონასტრის ტერიტორია დატბორა.
"მონასტერთან ახლოს მდინარეს ღვარცოფი, ნატანი მოაქვს. საშიშროება თანდათან იზრდება. თუ ასე გაგრძელდა, ნატანი კალაპოტში აღარ დაეტევა და იმაზე უარესი მოხდება, რაც გუშინ იყო", - აცხადებს მონასტრის მღვდელმონაზონი.
მღვდელმონაზონ იოსების თქმით, მდინარის კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები დროულად უნდა დაიწყოს. მისი აზრით, ტაძრის გადასარჩენად სასწრაფო ღონისძიებების მიღებაა საჭირო, კომისიის მონიტორინგის პროცესი კი დროში გაწელილია, რაც პრობლემის მოგვარებას აჭიანურებს.
მე-11 საუკუნეში აგებულ უძველეს ალავერდის ტაძარს სტიქიამ სერიოზული საფრთხე გასული წლის გაზაფხულზეც შეუქმნა. ჰოლანდიის "პრინც კლაუსის ფონდმა" კომპლექსის გადასარჩენად 2011 წელს 30 ათასი ევრო გაიღო. ამ თანხით მონასტრის გარშემო მდინარის კალაპოტი გაღრმავდა და დამცავი დამბები მოეწყო.
ეს დამბები 19 ივლისის ღამით მომხდარმა სტიქიამ ქვა-ღორღით ისევ ამოავსო. სტიქიამდე რამდენიმე დღით ადრე პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად და სიტუაციის შესასწავლად ადგილზე სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები ჩავიდნენ. ისინი ალავერდში ერთი კვირა დარჩებიან. კომისიის შემადგენლობაში გეოლოგიც არის.
იხილეთ ვიდეო: ალავერდის ტაძარს დატბორვა ემუქრება - სპეცრეპორტაჟი კახეთიდან