”იცი, რატომ დაკარგე შენი ძმა?” - რატომ მოკლეს ლევან კალაძე

”იცი, რატომ დაკარგე შენი ძმა?” - რატომ მოკლეს ლევან კალაძე

ამა წლის 11 ივლისს გორის რაიონის სოფელ კარალეთში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა შეხლა-შემოხლით დასრულდა. ვიდეომასალიდან კარგად ჩანს, რომ ინციდენტის მაპროვოცირებელი ვინმე გოგიტა გოჩაშვილი გახლდათ, რომელმაც მსოფლიოში სახელგანთქმულ ფეხბურთელს, კახა კალაძეს განუცხადა: "იცი, რატომ დაკარგე შენი ძმა? - ფული რომ არ გადაუხადე!" მეორემ ქვების წვიმაში მოყოლილ კახას მკვახედ დააწია - "შე ძმის გამყიდველო, მოღალატე!"

ამ ამაზრზენი სცენარის ავტორმა გამხმოვანებლებზე კარგად იცოდა, რომ კახა კალაძეს ნასროლ ქვაზე მეტად ამ ტრაგედიის ხსენება ატკენდა გულს... ოფიციოზს და მის დაქვემდებარებულ ტელევიზიებს ყურში მხოლოდ გამწარებული კალაძის გინება მოხვდათ, ინციდენტშიც ის დაადანაშაულეს და "მოთმენის ვალდებულებაზე" ალაპარაკდნენ. საუბედუროდ, ზოგიერთისთვის პოლიტიკაში მიზნის მისაღწევად ყველა ბინძური ხერხი გამართლებულია. ვინაიდან გარემოებამ მოიტანა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით საუკუნის დასაწყისში მომხდარი ყველაზე შემზარავი დანაშაულის პერიპეტიებს.

2001 წლის 23 მაისს, ფულის გამოძალვის მიზნით, გაიტაცეს კახა კალაძის ძმა, სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი ლევან კალაძე. მომხდარზე უამრავი ვერსია გაჩნდა... ხუთწლიანი ლოდინის და ძებნის შემდეგ, საქმე საბოლოოდ გახსნილად გამოცხადდა და ოჯახს ლევანის ნაცვლად მისი რამდენიმე ძვალი დაუბრუნდა. როგორც საქმეში ჩახედულები ამბობენ, გატაცება-მკვლელობის საქმე არც გახსნილია და არც გამოძიებული, ამიტომ სიმართლის გარკვევას მომავალში შეეცდებიან...

ლევან კალაძეს გამტაცებლები რკინიგზის #2 საავადმყოფოს ეზოს შესასვლელთან დახვდნენ და ძალით ჩასვეს თეთრ უნომრო "ნივაში". გამტაცებლებმა ოჯახს ლევანის თავისუფლების სანაცვლოდ 600 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს მერაბ ამისულაშვილი, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაული აღიარა, რის გამოც, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ამისულაშვილს სასჯელის მინიმალური ზომა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ამისულაშვილის ჩვენების საფუძველზე, საზღვარგარეთიდან ექსტრადირებულ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ სამი წევრი: შვეიცარიიდან - დავით ასათიანი, სანკტ-პეტერბურგიდან - ლევან ცინცაძე, საფრანგეთიდან კი - თემურ გაგნიძე. სასამართლომ მათი ბრალი დადასტურებულად ცნო და დავით ასათიანსა და ლევან ცინცაძეს - 25-25 წლით, ხოლო თემურ გაგნიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა (მან ამისულაშვილის მსგავსად ითანამშრომლა გამოძიებასთან და დანაშაული აღიარა).

საბრალდებო დასკვნის თანახმად, გამტაცებლებმა ლევან კალაძე თავდაპირველად თბილისში, ვერაზე, დავით ასათიანის ბინაში მიიყვანეს, მეორე დღეს კი კვალის არევის მიზნით, ვაზისუბნის დასახლებაში, ამისულაშვილის ბინაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ დაურეკეს გატაცებულის მამას, კარლო კალაძეს და 65 ათასი დოლარის გადახდაზე დაითანხმეს. კარლო კალაძემ პროკურატურას მიმართა, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის გახდა ცნობილი. პროკურატურის მტკიცებით, ლევან კალაძე გამტაცებლებმა 2001 წლის 14 ივნისს, გამთენიისას მოკლეს და მისი ცხედარი ვაზისუბნის ტერიტორიაზე მდებარე ხევში მიატოვეს.

2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაცია სწორედ ლევან კალაძის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება. ევგენი აფრასიძის ოჯახზე თავდასხმის შემდეგ გამოძიებამ საქმე გახსნილად გამოაცხადა. როგორც შემდგომ გაირკვა, სოფელ ეცერში გათხრილი სამარხიდან ამოღებული ძვლები არა ლევან კალაძის, არამედ XIX საუკუნეში გარდაცვლილების იყო. პოლკოვნიკმა ბათუ საღინაძემ, რომელიც იმხანად შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის უფროსად მუშაობდა და ლევან კალაძის გატაცების საქმეს იძიებდა, თავისი ვერსიები გაახმაურა, კერძოდ ის, რომ ლევან კალაძის გატაცებას კავშირი მისი ძმის, კახა კალაძის ტრანსფერსა (ლევანის გატაცებამდე 4 თვით ადრე კახა იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა "მილანმა" იყიდა და კალაძის ტრანსფერიდან 600 ათასი დოლარი უნდა მიეღო. გამტაცებლებმა გამოსასყიდად სწორედ ეს თანხა დაასახელეს) და სვანურ დაჯგუფებასთან ჰქონდა. მისივე მტკიცებით, გატაცებაში ძალოვანი ჩინოსნები მონაწილეობდნენ და იგი საზოგადოებას მათი ვინაობის გამხელას დაჰპირდა.

2005 წელს ლევან კალაძის საქმე მეორედ "გაიხსნა", როდესაც მუხათგვერდში აღმოაჩინეს უცნობის გვამი, თუმცა არ დადასტურდა, რომ ის კალაძეს ეკუთვნოდა. 2006 წლის იანვარში ვაზისუბნის ხევში ნაპოვნი გვამი (ადგილი ამისულაშვილმა მიუთითა) სამართალდამცველთა მტკიცებით, ლევან კალაძის იყო. ეს ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებულმა დნმ-ის ტესტის პასუხმაც დაადასტურა.

"დრო მოვა, საღინაძე ამ საქმეს ნათელს მოჰფენს"

გელა ნიკოლაიშვილი, იურისტი:

ცნობილია, რომ ბათუ საღინაძემ ლევან კალაძის გატაცების საქმეში შსს-ს მაღალჩინოსნების მონაწილეობა გაშიფრა და ისინი საჯაროდ ამხილა. სწორედ ამის გამო საღინაძე სასწრაფოდ ციხეში გამოამწყვდიეს. პატიმარი საღინაძე დღესაც ამტკიცებს, რომ გამოძიებაში ხელი შეუშალეს. ამით, პირველ რიგში, ირაკლი ოქრუაშვილი იყო დაინტერესებული, რომელმაც საკმაოდ დიდი თანხა აიღო, დამნაშავეების კვალზე არავინ რომ არ გასულიყოო. შეთანხმებულად მოქმედებდნენ როგორც უშუალოდ გამტაცებლები, ასევე, შსს-ს მაღალჩინოსნები, რომლებიც შემდეგ ამ ხელისუფლების მაღალჩინოსნებადაც გადაიქცნენ და სწორედ ოქრუაშვილის ინიციატივით დაიწყეს საღინაძის დევნა. იმის გამო, რომ დღეს ბევრი მაღალჩინოსანი ისევ თანამდებობაზეა, არ სურთ, ეს კვალი მათთან მივიდეს, თორემ ისინი თანახმა იქნებოდნენ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოეყენებინათ ბათუს ჩვენებები. დღეს დევნილია კალაძეების ადვოკატი ზურაბ დგებუაძე, რომელიც გადაურჩა დაპატიმრებას და თავს უცხოეთს აფარებს. საღინაძე ბევრ საინტერესო დეტალზე არ ლაპარაკობს, რადგან ჯერ საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება არ აქვს. თუმცა, ამბობს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამ საქმეს აუცილებლად მოჰფენს ნათელს. საღინაძის თქმით, ლევან კალაძე თბილისში არ მოუკლავთ, ის ერთ-ერთ რაიონში წაიყვანეს, იქ გამოასალმეს სიცოცხლეს (ზოგადად, სვანეთს ასახელებს, თუმცა ეს არ ეხება აფრასიძეებს) და შესაძლოა, საფლავიც იმავე რაიონში იყოსო.

"ქალი ვარ, მაგრამ იქ რომ ვყოფილიყავი, იმ გარეწარს ტყვიას მივაჭედებდი შუბლში"

რუსუდან კალაძე, კახა კალაძის მამიდა:

კარალეთში მომხდარი ინციდენტის კადრების ნახვის შემდეგ საშინელ განწყობაზე დავდექი. კახამ ფული არ გადაიხადაო, გადაიხადა კი არა, რაც მოითხოვეს, ორი იმდენი წავიდა ჩვენგან. ჩემი ძმა გიჟივით დარბოდა და ვერაფრით მიაღწია, ფული გამტაცებლებს აეღოთ. ვინ აღარ სძალავდა ფულს ჩემს ძმას... სამართალდამცველებმა აგვირიეს გზა-კვალი, სად არ ატარეს, ჰპირდებოდნენ, რომ დაუბრუნებდნენ შვილს. ვერ მოვძებნეთ ისეთი ადამიანი, ვისი მეშვეობითაც გამტაცებლებს პირადად დავუკავშირდებოდით. ერთხელაც, დაურეკეს გამტაცებლებმა კარლოს და უთხრეს, 60 ათასი დოლარი მოიტანე ხობის გზაზეო, მაგრამ პოლიციამ დაგვღუპა - 50 მანქანით გამოგვყვნენ და ხელი შეგვიშალეს... გამტაცებლებმა ჩემს ძმას მოსთხოვეს, ტყეში შემოდიო, მაგრამ იმჟამად შსს-ს გენინსპექციის უფროსის მოადგილე დავით კეკუამ, რომელიც კარლოს მანქანაში ეჯდა, უთხრა, არ შეხვიდეო. კარლოს გამტაცებლებთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს.

ვერ გეტყვით, "მილანში" კახას გადასვლას კავშირი აქვს თუ არა ლევანის გატაცებასთან, მაგრამ გამორიცხული არაფერია... მერე ნოდარ გვიჩიანმა 200 ათასი გამოსძალა ჩემს ძმას, სვანეთიდან ჩამოგიყვან შვილსო და სადღაც გაქრა. თურმე ბავშვი მოკლული იყო და წლების განმავლობაში გვატყუებდნენ.

ამბობენ, რომ გატაცება "ზემოდან" იყო დაკვეთილი. მე ვინ მეტყვის სიმართლეს? კახა უცნობ ადამიანებს ეხმარება უანგაროდ და ძმისთვის არ გაიმეტებდა ფულს?! ეს როგორ აკადრა კახას, იმ უნამუსომ! ქალი ვარ, მაგრამ იქ რომ ვყოფილიყავი, ტყვიას მივაჭედებდი შუბლში. რატომ არ მოითმინაო - საყვედურობენ, კიდევ კარგად მოითმინა. რამდენი სიბინძურე აუგორეს - ნარკომანებთან და ქურდებთან ჰქონდა საქმეო, იტალიაში გაყიდული თამაშების საქმეში იყო გარეულიო... მე ხომ ვიცი, ჩემს ხელში გაზრდილი კახა როგორია?! კახა ისედაც განიცდის ამ ამბავს, ვერ მოუნელებია, იცის, რომ არა ის, ლევანს არ გაიტაცებდნენ. კახას ბევრჯერ უთქვამს: 100 წელიც რომ ვიცოცხლო, ეს დარდი გულიდან არ ამოვაო და კიდევ ეს უნდოდა?

ვინ არის გოგიტა გოჩაშვილი, რომელიც კახა კალაძეს ძმობას და ვაჟკაცობას ასწავლიდა?

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში"' კარალეთში მომხდარ ინციდენტს სამაჩაბლოელი ქალბატონი ნინო ზანგალაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, 2004 წელს მანქანაში ჩაცხრილეს გოჩაშვილის ძმა და ოჯახის წევრები, რისი მიზეზიც იყო ის, რომ ნაქურდალი და "ბარიგობით" ნაშოვნი ფული ვერ გაიყვეს და რომ გოჩაშვილი ფულს ნარკოტიკის გაყიდვით შოულობდა. ასევე, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ 2004 წლის სამხედრო აგრესიისას გოჩაშვილი ლიახვის ხეობიდან ბავშვების ავტობუსს გაჰყვა სანატორიუმში, სადაც პატარებთან ერთად ცხოვრობდა და მათ ფაფას მიირთმევდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის მიმოსვლა შეწყდა, გოჩაშვილი მაინც ახერხებდა ტრაილერებით ხილის გატანას საექსპორტოდ. გოჩაშვილი დღეს ლიახვის ხეობის დეპუტატ ბადრი ბასიშვილის მარჯვენა ხელია.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე" - არქივი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ