ვესაუბრებით სახელოვან ქართველ ფეხბურთელს, ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანსა და "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს კახი კალაძეს, რომელიც ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციებისა და ბინძური პროპაგანდის განსაკუთრებული სამიზნე გახდა.
- კახი, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება თავისი ზონდერების მეშვეობით ძალიან ცდილობდა გორის აქციის ჩაშლას, 15 ივლისს მაინც უამრავი ხალხი გამოვიდა "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების ზონდერებს უკვე ხალხის დაშინებაც აღარ შეუძლიათ?
- ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ როგორი სისასტიკით და არაადამიანური მოპყრობით გამოირჩეოდნენ ეს ე.წ. ზონდერები, მაგრამ 15 ივლისს გორში გამართულმა ხალხმრავალმა აქციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველები არ უშინდებიან არც ხელკეტებს, არც მხუთავ გაზს, არც რეზინის ტყვიებს და არც ქვებს. მინდა, მივმართო ზონდერებს - მათი არაადამიანური, დანაშაულებრივი ქმედებები დაფიქსირებულია და ისინი, ვინც საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გამოდიან, აუცილებლად გასამართლდებიან და დაისჯებიან! დიახ, ყველა ზონდერი ქართველი ხალხისა და კანონის წინაშე აგებს პასუხს.
- ზონდერების აგრესიის მთავარი სამიზნე, განსაკუთრებით კარალეთში, პირადად იყავით. პროვოკაციაც მოგიწყვეს, როცა თქვენს ძმასთან დაკავშირებით ბინძური რეპლიკა ისროლა ერთ-ერთმა ზონდერმა. როგორ ფიქრობთ, რატომ გახდით ხელისუფლებისათვის ასე გამაღიზიანებელი?
- ფეხით შემოვიარე გორის რაიონის სოფლები. ყველგან ჰყავდა ხელისუფლებას თითო-ოროლა პროვოკატორი, რომლებიც ცდილობდნენ შეხვედრის ჩაშლას, თუმცა მათ თავად მოსახლეობა სცემდა პასუხს. მთელ რიგ შემთხვევებში ირკვეოდა, რომ ეს პროვოკატორები ადგილობრივები არ იყვნენ ან თუ იყვნენ, ხელისუფლების წარმომადგენელთა ოჯახის წევრები გახლდნენ. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ და თავად განსაჯეთ:
სოფელ ახალდაბაში ყოფილი გამგებლისა და მისი ვაჟიშვილის აგრესიულმა ქმედებამ გამოიწვია დაპირისპირება. მამა-შვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შვილმა ჟურნალისტი სცემა კიდეც და ვიდეოკამერა დაუმტვრია.
სოფელ ნაწრეტში ქარელის რაიონის პოლიციის უფროსის ლაშა გოგნიაშვილის ბიძა გელა გოგნიაშვილი პროვოცირებდა და მოგვამრთავდა უშვერი სიტყვებით.
სოფელ ნიქოზში კი გამგებელმა, ვინმე ილია მინდიაშვილმა დაგვახვედრა თავისი მეუღლდე, და, ცოლისდა, ბიძაშვილი, რომლებიც გაჰკიოდნენ ბოლო ხმაზე, შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩემს მეგობრებსა და ჟურნალისტებს.
სოფელ კარალეთში ნაციონალმა დეპუტატმა, ვინმე ბადრი ბასიშვილმა მოახდინა მის დაქვემდებარებაში მყოფ ზონდერთა მობილიზება, რომლებიც ლურსმნიანი ფიცრებით, ბასრი საგნებითა და ქვებით შეიარაღებულნი თავს დამესხნენ პირადად მე და კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ მისდევდნენ და ესროდნენ ქვებს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს. ზონდერებმა სასტიკად სცემეს ჟურნალისტები, დაუმტვრიეს და ჩამოართვეს ვიდეო-კამერები. ქვებით და ხელკეტებით დააზიანეს ჩვენი მანქანები. კარალეთის ინციდენტის შემდეგ 14 ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით მოხვდა საავადმყოფოში.
აღარაფერს ვამბობ იმ საზიზღარ პროვოკაციაზე, რაც ერთმა ადამიანმა იკადრა. ჩემი და ჩემი ოჯახის ლანძღვა-გინების შემდეგ, მიცვალებულსაც მიაყენა შეურაცხყოფა. მე ვერ წარმომიდგენია, რომ პოლიტიკურ ოპონენტს ასე ებრძოლო. არსებობს ზნეობა, მორალი, კაცობა და ამის შემდეგ არის პოლიტიკა, თუმცა ნაციონალებს რა ზნეობასა და კაცობაზე უნდა ელაპარაკო?
- ბადრი ბასიშვილმა და პალიკო კუბლაშვილმა თქვენ დაგაბრალეს არეულობის მოწყობა და თქვეს, ზონდერები თვითონ კალაძეს ჰყავსო, ხოლო, როცა თქვენი დაცვის წევრი დააკავეს, ბასიშვილმა განაცხადა, თავად კალაძე უნდა დაეჭირათო. რა პასუხს გასცემთ ამ ადამიანებს?
- (იცინის) რატომ ღმერთი არ გაიცინებს, როდესაც ბასიშვილი ჩემზე ამბობს, ზონდერები ჰყავსო, ანდა, ბასიშვილი რომ მითითებას გასცემს, კალაძე დაიჭირეთო, ეს ხომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! რაც შეეხება პალიკო კუბლაშვილს, მოგეხსენებათ, ხელისუფლებას ჰყავს ხერხემალი - მერაბიშვილი, ტვინი - ბოკერია, გული - სააკაშვილი, ხოლო პალიკო კუბლაშვილი სხეულის რა ნაწილია, ამას დიდი მიხვედრა და დაკონკრეტება არ სჭირდება!
აქვე გეტყვით, რომ გორის აქციაზე ჩემთან მოვიდა რამდენიმე კარალეთელი ქალბატონი, რომლებიც საოცარ წუხილს გამოთქვამდნენ იმ ფაქტზე, რაც ამ ულამაზეს სოფელში რამდენიმე ათეულმა ბარბაროსმა ჩაიდინა.
- შინდისში ერთ-ერთ ნაციონალ აქტივისტთან შელაპარაკებისას სააკაშვილს ნაგავი უწოდეთ. ცხელ გულზე წამოგცდათ თუ მართლა ფიქრობთ, რომ სააკაშვილი ნაგავია?
- სააკაშვილი თავისი მიზანმიმართული დანაშაულებრივი ქმედებების გამო ქართველი ხალხისგან ბევრად მძიმე შეფასებას იმსახურებს, ვიდრე არის ნაგავი!
- გამოქვეყნდა NDI-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც, "ნაცმოძრაობას" არჩევნებში 36 პროცენტი მისცემს ხმას, "ქართულ ოცნებას" კი - 16 პროცენტი. თქვენი აზრით, რამდენად ასახავს რეალობას ეს ციფრები?
- ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ ზემოაღნიშნული ორგანიზაციის კვლევის შედეგები და საქართველოს მოსახლეობის განწყობა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მე მოსახლეობის უფრო მჯერა, ვიდრე კონკრეტულად ერთი, თუნდაც პატივსაცემი ორგანიზაციის.
- "ქართული ოცნების" მორიგი აქცია 5 აგვისტოს ბათუმში გაიმართება. ელოდებით აჭარელთა მხარდაჭერას? ბათუმი ხომ "მიშას ქალაქად" ითვლება? თუ გახსოვთ, ერთხელ თქვა, ბათუმი ჩემი ქალიშვილიაო...
- ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ბათუმს ნუ გაუკეთებენ პრივატიზებას, რადგან ეს ქალაქი ნამდვილად არაა მიშასი. ბათუმზე შეიძლება ითქვას, რომ გენერალ მაზნიაშვილის ქალაქია, მაგრამ არა სააკაშვილის. რაც შეეხება 5 აგვისტოს აქციას, აუცილებლად გამოვლენ აჭარლები, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს სააკაშვილის კარიკატურული რეჟიმის სიბოროტე! მთელი ბათუმი გამოვა! გახსოვთ, ალბათ, რომ თავის დროზე თეთრგვარდიელებსა და პანთურქისტებს ერთდროულად უნდოდათ ბათუმის ხელში ჩაგდება, ამგრამ არ გამოუვიდათ, რადგან ერთად დადგა აჭარის ქრისტიანობა და მუსლიმობა. ზუსტად ასე დადგება ახლაც მთელი აჭარა "ქართული ოცნებისა" და პირადად ბიძინა ივანიშვილის გვერდით. ძალიან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს აჭარასთან. 15 წელი ვიცხოვრე საზღვარგარეთ და ერთი წელი არ ჩამიგდია, რომ ბათუმში ან ქობულეთში არ ჩავსულიყავი. ეს არის ღირსეული ხალხის მხარე და ვამაყობ იმით, რომ უამრავი აჭარელი მეგობარი მყავს.
- როგორ ფიქრობთ, მიჰყავს თუ არა ხელისუფლებას საქმე სამოქალაქო დაპირისპირებისა და არჩევნების ჩაშლისაკენ?
- ზემოთ იმ ფაქტების მეხუთედიც კი არ ჩამომითვლია, რაც დაახლოებით ერთ კვირაში მოხდა. ყველგან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ან თავად ხელისუფლების ადგილობრივი მაღალჩინოსნები გამოირჩეოდნენ პროვოკაციებით, ანუ ეს იყო ზევიდან მიღებული დირექტივა, რომელიც ნამდვილად არ ასახავს მიზნად ქართველი ხალხის ერთიანობას და არ უწყობს ხელს იმას, რომ წყნარ გარემოში ჩატარდეს არჩევნები. თუმცა რა პროვოკაციებიც უნდა მოგვიწყოს ხელისუფლებამ, ისეთი მძლავრი სახალხო ეროვნული მოძრაობა დაიწყო, რომ "ქართული ოცნებისა" და, შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის გამარჯვება გარდაუვალია!
ჯაბა ხუბუა
გაზეთი "ასავალ დასავალი"