სოსო ცისკარიშვილი: "რით განსხვავდება მარკ მალენი შაშკინისგან?"

სოსო ცისკარიშვილი: "რით განსხვავდება მარკ მალენი შაშკინისგან?"

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აფასებს:

- აშკარაა, რომ ქვეყანაში სერიოზულად იმღვრევა წყალი. რაც დრო გადის, მით მეტი ადამიანი ერთვება ამ პროცესში - ვინ კიდევ უფრო ამღვრევს, ვინ კიდევ - დაწმენდას ცდილობს. მღვრიე წყალში თევზის ჭერა კი სწორედ იმ პოლიტიკური ძალის ოცნებაა, რომელსაც "ოცნება" ყველაზე მეტად აშინებს. ვიმედოვნებ, ამას მოსახლეობა კარგად ხედავს და ბევრ რამეს დაარქმევს თავის სახელს ოქტომბერში. დაწყებული კანონმდებლობის უკანონობად ქცევიდან, დასრულებული ამ უკანონო კანონების ინტერპრეტაციის უკიდეგანო თავისუფლებით, ხელისუფლებას საქმე მიჰყავს არა რაიმე ტიპის პოლიტიკურ ხედვათა დაპირისპირებისკენ, არამედ სრულიად მკაფიო სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. აშკარაა მცდელობა, პროცესები გავიდეს ქუჩაში, სადაც ხელისუფლება მართლაც ძლიერია იმ ყველაზე პრიმიტიული ინსტრუმენტით ხელში, რასაც ძალადობა ჰქვია. სხვა რაიმე ხერხი თავის არსენალში "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს - არც დიალოგი, არც დისკუსია, არც დებატები ან განსხვავებული აზრის გაზიარების უნარი. ხელისუფლების უკიდურესად ხისტი და პრიმიტიული პოლიტიკა არ იძლევა საშუალებას, ოპტიმიზმით ვუყუროთ მომავალს.

- ყოფილი კონტროლის პალატის, ამჟამად კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგა ლევან ბეჟაშვილი.

- როგორც ჩანს, ლევან ბეჟაშვილი, რომელმაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" თავისი სასიყვარულო ისტორიებით სახელიც გაიტეხა და თავიც, მის დამქირავებელ პატრონს უკვე აღარ აინტერესებს და აღარც სჭირდება. შესაძლოა, მაჟორიტარული სავარძლისთვის ცოტა კიდევ აწვალონ. ისე, "ნაცმოძრაობა" ამგვარ უხერხემლო და უპრინციპო ადამიანს არაერთს მოძებნის თავის წიაღში. თანამდებობის დატოვების ფორმა გარეგნულად ცივილიზებული ჩანს, თუმცა შინაარსით ეს არის პრიმიტიული სიცრუე, რაც სჩვევია "ნაცმოძრაობას". როგორც წესი, ამ ხელისუფლების პირობებში საკუთარი ნებით ამგვარი თანმდებობიდან არავინ მიდის, რადგან ეს პოლიტიკური ძალა დაკომპლექტებულია არა თანამოაზრეებით, არამედ თანამზრახველებით. თანამზრახველები კი სხვაგვარად ვერ შორდებიან ერთმანეთს: ან ამგვარად უნდა დაემორჩილონ "ზემოთ" მიღებულ გადაწყვეტილებებს, ან ღალატის გამო დაისაჯონ ასე. ღალატის გამბედაობა ბეჟაშვილს ვინ მისცა - მან თითიდან გამოწოვილი რამ დაასახელა თანამდებობიდან წასვლის მიზეზად. თურმე ის ყოფილა ყველაზე გულმხურვალე კახელი და მას ყველა კახელზე მეტად ადარდებს მშობლიური კუთხის ბედი. ბეჟაშვილის განცხადება, უპირველეს ყოვლისა, იდიოტის როლში აყენებს იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, ვისგანაც ერთი საგულშემატკივრო სიტყვაც ვერ მოვისმინეთ კახეთში დატრიალებული სტიქიის შემდეგ. ბეჟაშვილის ამ ნაბიჯის ერთ-ერთი ავტორი სწორედ ადეიშვილი მგონია, რომლისთვისაც კახეთი კი არა, მთელი სამყაროც არ არის საკუთარ თანამდებობაზე დიდი ღირებულება.

- სამოქალაქო დაპირისპირება ახსენეთ, მართლაც საგანგაშოა დაპირისპირების ის ფაქტები, რაც ვნახეთ რამდენიმე რეგიონში და რომლის შემოქმედნი ძირითადად ხელისუფლების მომხრეები არიან ხოლმე. ორიოდე დღის წინ კახეთში გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე საკმაოდ პროვოკაციულად მოიქცა, როდესაც ივანიშვილთან მიახლოებას ცდილობდა. როდესაც მინისტრი ასე იქცევა, ეს ხელისუფლების რიგითი მომხრეების მხრიდან ამგვარი პროვოკაციის ფაქტებს კიდევ უფრო ხომ არ წაახალისებს?

- ამხანაგი მინისტრის, უფრო ზუსტად, "ნორჩი ლენინელის" ქცევა, მართლაც სცილდება ყოველგვარ ეთიკურ ნორმას და უფრო ისტერიული ნევროზის გამოვლინებას ჰგავს, თანაც - საჯაროდ. ვფიქრობ, მეტად სიმპტომატური შემთხვევა "ნაციონალურ-ნევროზული" მდგომარეობისა, ეს სიტყვების თამაში არ გეგონოთ, ჩვენდა სამწუხაროდ, რეალობაა. გული მწყდება, რომ ხაჩიძემ ამგვარ ვითარებაში ჩაიგდო თავი, არადა, მის კეთილ თვისებებზეც მსმენია ბევრი რამ. სამწუხაროდ, ეს ფაქტი მაგალითია იმისა, თუ როგორ ნადგურდება პიროვნება "ნაციონალური" წნეხის ქვეშ. მისი ქცევა ნამდვილად არ წაადგება ისედაც საკმაოდ დაძაბულ პოლიტიკურ ფონს.

- საერთაშორისო ორგანიზაცია "ემნისტი ინტერნეიშენელი" გამოეხმაურა საქართველოში მომხდარი ბოლოდროინდელი დაპირისპირებისა და ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტებს. გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ: "ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ყველა პირის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა და კუთვნილებისა, და სამართალში მისცეს ბოლოდროინდელ ძალადობრივ შეტევებზე პასუხისმგებელი პირები, რასაც წინ უნდა უძღოდეს ზედმიწევნითი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება."

- დაკვირვებით წავიკითხე ეს დოკუმენტი, ეს ავტორიტეტული ორგანიზაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ კარგად რომ არის ინფორმირებული, ამ გამოხმაურებიდანაც ჩანს, რაც საქართველოში მოღვაწე სამოქალაქო სექტორის რიგი წარმომადგენლების მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის დამსახურებაა. მიხარია, რომ ამ სექტორში არიან ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ თვალსაზრისს და არაფერს უშინდებიან. ამის გათვალისწინებით, განსაკუთრებით სამწუხაროდ მიმაჩნია ის, რაც ამ ორიოდე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" მოხდა: სრულიად გაურკვეველი მიზეზით, ბოკერიას რომელიღაცა ბოკვერმა სამსახურიდან გაათავისუფლა ქალბატონი ნინა ხატისკაცი. ეს ისეთი ფაქტია, რომელზეც დუმილი ავნებს ჩვენს საზოგადოებას. ჟურნალისტების პროფესიული და მოქალაქეობრივი ვალდებულებაა კონკრეტულად დადგინდეს იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. არსებობს ეჭვი, რომ ეს არის მარკ მალენი, რომელიც ამ ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ყოფილა და რომელიც წლების წინ ენ-დი-აის ოფისს ხელმძღვანელობდა საქართველოში. ეს თუ ასეა, სირცხვილი მას. რით განსხვავდება მარკ მალენი შაშკინისგან, რომელმაც მაია მიმინოშვილი მოხსნა? - არაფრით. ეს ის მარკ მალენია, რომელსაც ობიექტურობაზე პრეტენზია აქვს და ცდილობს, ინტერნეტსივრცე საკუთარი გონებამახვილური შეფასებებით დაიპყროს. გამოდის, ის "ნაცონალური მოძრაობის" კიდევ ერთი მხარდამჭერია, რომელსაც იმის უნარიც კი არა აქვს, საჯაროდ ახსნას თავისი პოზიცია.

- ბატონო სოსო, მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილმა იმ ჯარიმიდან, რომლის გადახდასაც არ აპირებდა, 10 მილიონი ლარი სტიქიური უბედურებით დაზარალებულ ადამიანთა დასახმარებლად ჩარიცხა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს წინასაარჩევნო პიარია და ივანიშვილი სხვისი უბედურების გამოყენებას ცდილობს.

- კარგა ხანია, ჩვენი ხელისუფლება იქცევა პრინციპით: "ჩემი შენ გითხარიო.." რაც ეს უბედურება მოხდა, მიხეილ სააკაშვილი საერთოდ ჩასახლდა ნაციონალურ არხებში, ის თუ მისი მთავრობის წევრები პიარკამპანიას აგებენ ადამიანების უბედურებაზე, კახეთში აგური არ გადაადგილებულა, იქვე სააკაშვილიც რომ არ გამოჩნდეს ტელეკამერებთან ერთად. კარგია, რომ ხელისუფლება აქტიურია, მაგრამ შეიძლება სულ ტელეკამერები მოგყვებოდეს უკან? ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, დაეხმაროს სტიქიისგან გაჭირვებულებს. თანაც სასაცილოა გაუთავებლად ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე არსებობს ქვეყანაში ადამიანი, რომელსაც ქვეყნის საბჭოთა კავშირში დაბრუნება სურს. უპასუხონ ერთ მარტივ კითხვას: - რა დარჩენია ბიძინა ივანიშვილს საბჭოთა კავშირში ისეთი ძვირფასი, რომ იქ დაბრუნება უნდოდეს? იქნებ, ბაბუა ჰყავდა რომელიმე უნივერსიტეტის რექტორი, ან იქნებ ბიძა ჰყავს მაღალჩინოსანი კა-გე-ბე-შნიკი ან იქნებ, დედამისს აქვს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი ხელში ლარად ჩაგდებული? ვის უფრო უნდა უნდოდეს საბჭოთა კავშირში დაბრუნება: საბჭოთა პრივილეგირებული ოჯახის პირმშოს, რომელსაც უკიდეგანო ძალაუფლება აქვს და ნებისმიერ ფასად სურს მისი შენარჩუნება თუ ადამიანს, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს არაფერი გააჩნდა, მაგრამ საკუთარი ჯაფით, ნიჭითა და შრომით შექმნა ის ყველაფერი, რაც დღეს მთელი "ნაციონალური მოძრაობის" შურის საგანია. ხელისუფლების ლაპარაკსა და მოქმედებებში ლოგიკის მოძებნას ტყუილად დავიწყებთ: ეს არის ლენინიზმის სულით განმსჭვალული პოლიტიკური ძალა, თანაც დროდადრო პუტინისეული გამოვლინებებით. რუსული "ედინაია რასია" და ქართული "ნაციონალური მოძრაობა" თავიანთ სულიერ მამად გულში ვლადიმერ ილიჩ ლენინს მიიჩნევენ. ისიც მაინტერესებს, რატომ არაფერს ამბობს ჩვენი ხელისუფლება სირიაში მიმდინარე სისხლისღვრაზე. თუ გაიხსენებთ, სააკაშვილი არც ეგვიპტის, ლიბიისა და ტუნისის ამბებზე იღებდა ხმას. ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭომ, მათ შორის რუსეთმაც, არ მიიღო რეზოლუცია მუბარაქის წინააღმდეგ, ჩვენს ხელისუფლებას არაფერი უთქვამს. მოკლედ, ვიდრე პუტინი და მისი ჩინელი კოლეგა მედგრად დგანან სირიის ბარბაროსის მხარდასაჭერად, ჩვენი ხელისუფლებაც მანამდე ჩუმად იქნება.

- ანუ, გინდათ თქვათ, რომ სააკაშვილი პუტინის პოზიციას ითვალისწინებს?

- ითვალისწინებს კი არა, ემორჩილება და მართლაც განიხილავს ვარიანტს, რომ თუ სავარძლის შენარჩუნებაზე მიდგა საქმე, პუტინის ევრაზიულ კავშირში ამოყოს თავი. დღეს ამაზე კატეგორიულ უარს ამბობენ, მაგარამ, აბა, ასე დადგეს საკითხი - ქვეყნის ევროინტეგრაცია თუ თქვენი სავარძლებიო, მაშინვე საკუთარ სავარძლებს აირჩევენ და ევრაზიულ ტლაპოში აღმოჩნდებიან.

ინტერვიუ: "რით განსხვავდება მარკ მალენი შაშკინისგან?"

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა