შვედეთი, სმოლანდის ოლქი, ქალაქი ვიმერბიუ. ნამდვილი შვედური ზაფხულის დღე - წვიმს, გადაიღებს, წვიმს... და ასე გრძელდებოდა მთელი გზა ქალაქამდე. როცა წვიმა გადაიღებდა, მზე ცხოველად აჭერდა და ირგვლივ ყველაფერი ძვირფასი თვლებივით იწყებდა ბზინვას: ვაშლისა და არყის ხეები, მარწყვით სავსე მდელოები, ყაყაჩოშერეული სათიბები, ტბები, გზის პირას ჩარიგებული პატარა, ფერად-ფერადი სოფლები და ჩემი გულღია, მხიარული მასპინძლებიც კი...
"ყველაფერი 1907 წლის ნოემბერში დაიწყო, როდესაც ვაშლებით გარშემორტყმულ ძველ, წითელ სახლში დავიბადე. სამოელ ავგუსტ ერიქსონისა და ანა იონსონის ოჯახში მეორე შვილი ვიყავი. ფერმას, რომელშიც ვცხოვრობდით, ეწოდებოდა ნესი და პატარა ქალაქ ვიმერბიუს მახლობლად მდებარეობდა. ოჯახში სულ ოთხი ბავშვი ვიყავით, ჩვენი ცხოვრება ნესში მეტ-ნაკლებად ჰგავდა "ბულერბიუელი ბავშვების" ბედნიერ ბავშვობას, მაგრამ ჩვენც, როგორც ის ბავშვები წიგნიდან, გავიზარდეთ და დადგა დრო, გვენახა სამყარო..." - ასე იწყებს თავისი ბიოგრაფიის მოყოლას ერთ-ერთ ჩანაწერში ცნობილი შვედი მწერალი ასტრიდ ლინდგრენი. ვიმერბიუში შესულებს ქალაქის კარიბჭესთან გვხვდება უზარმაზარი ტრაფარეტი მწერალი ქალის სურათით და წარწერით, რომ სწორედ ამ ქალაქში გაატარა ბავშვობა და რომ მისი ზღაპრებისა და მოთხრობების გმირები დიდწილად სწორედ აქაურები არიან. გზა ორად იყოფა, ისრები გვიჩვენებს, რომ ერთ მხარეს მსოფლიოში ცნობილი "ასტრიდ ლინდგრენის სამაყაროა", ყველა შვედი პატარას, და არა მხოლოდ მათი, საოცნებო ადგილი, მეორე მხარეს კი გზა ქალაქს გარს უვლის და პატარა გორაკისკენ მიდის, სადაც ფერმა ნესია. აქ მწერლის მუზეუმი და ბიბლიოთეკაა მოწყობილი. საერთოდ, საოცარი ფენომენია შვედური ბიბლიოთეკები: პატარა კოპწია შენობები თითქმის ყველა სოფელსა და ქალაქში ჯადოსნურ სამყაროსავით იზიდავს მკითხველს. აქ განსაკუთრებული წესია გამეფებული: ყველა პატარა კითხვის სწავლამდე იწყებს ფერად-ფერადყდიან წიგნებთან ურთიერთობას, სპეციალურად გამოყოფილ საათებში მშობლებს პატარები სამკითხველო ოთახებში მიჰყავთ, სადაც მათ საყვარელ ზღაპრებსა და მოთხრობებს ხმამაღლა უკითხავენ.

ვილა "ყიყლიყო", სადაც პეპი თავისი ცნობილი შარადებით გელით
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ასტრიდ ლინდგრენი ყვება, ბავშობაშივე გამოირჩეოდა წარმოსახვის განსაკუთრებული უნარითა და წერის ნიჭით. თურმე სკოლაში ხშირად ეუბნებოდნენ, რომ მისგან კარგი მწერალი დადგებოდა, თუმცა რომ არა მისი ქალიშვილი კარინი, მის გასართობად მოყოლილი სახალისო ისტორიები და სტოკჰოლმური ცივი ზამთრის ერთი თოვლიანი დღე, დღეს იქნებ არც პეპი გრძელიწინდას ამბავი გვცოდნოდა, არც კარლსონის ოინებზე გვეცინა და არც კუნძულ სალტკროკას ვწვეოდით და შეგვყვარებოდა ასე ძლიერად... ყველაფერი მართლაც იმით დაიწყო, რომ სტოკჰოლმში ერთ ზამთარს დიდი თოვლი მოვიდა. ერთი ჩვეულებრივი შვედი დიასახლისი ასტრიდ ლინდგრენი ქუჩაში წაიქცა, ფეხი იტკინა და ლამის მთელი ზამთრის საწოლში გატარებამ მოუწია. ლოგინში უსაქმოდ წოლა ქალბატონ ლინდგრენს მალე მოჰბეზრდა და დროის მოკვლის მიზნით წიგნის წერა დაიწყო. ეს წიგნი არ იყო დასაბეჭდად განკუთვნილი: ასტრიდი თავისი ქალიშვილის დაბადების დღისთვის საჩუქარს ამზადებდა.

ბიჭუნას სახლი, რომლის სახურავზეც კარლსონის სამფლობელოა
მისი პირველი ნაწარმოები "პეპი გრძელიწინდა" იყო, რომელმაც მართლაც ფურორი მოახდინა. ქალაქ ვიმერბიუში, რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმულია საბავშვო-გასართობი პარკი "ასტრიდ ლინდგრენის სამყარო", რომლის კარიბჭის გამოჩენისთანავე მიხვდებით, რომ უმთავრესი მასპინძელი აქ სწორედ პეპია. შვედებს განსაკუთრებულად უყვართ ეს პერსონაჟი. პეპია გამოსახული პარკის ემბლემაზე, შესასვლელშივე დგას ტრაფარეტი, რომელიც გზას მიგასწავლით ვილა "ყიყლიყოსკენ", რომლის სიახლოვესაც ადვილად შეიძლება გადაეყაროთ პეპის, ანიკას და ტომს... შეიძლება მეკობრეებთან ჩხუბსაც კი შეესწროთ, ან ამ ახტაჯანა გოგონას გოლიათთან ორთაბრძოლაში უგულშემატკივროთ, ბოლოს კი მისი ცნობილი შარადების გამოცნობამაც კი მოგიწიოთ. ეს მართლაც ჯადოსნური სამყაროა, რომელიც ასტრიდ ლინდგრენის წიგნების მიხედვითაა აგებული. პატარა, მოკირწყლული ქუჩები, პატარა სახლებით, ადმინისტრაციული შენობებითა და გმირებით. აგერ, თქვენ თვალწინ, სულ ახლახან შეხვდნენ ერთმანეთს პატარა მაწანწალა რასმუსი და ოსკარი, მერე კი ერთად გასწიეს ბედნიერების საძებნელად. ეს კი ლიონბერგელი ონავარი ემილია, თავისი განუყრელი კეპუკათი... ეს "ბიულერბიელი ბავშვების" სამფლობელოა, სამი ერთნაირი წითელი სახლი, გარშემორტყმული ვაშლის ხეებით, იმ ფერმის პატარა მოდელია, სადაც მწერალმა გაატარა ბავშვობა. ეს წარწერა კი გიჩვენებთ, რომ გემსაბმელთან ჩამომდგარია "სალტკროკა 1", რომელიც საცაა გავა შორეული მხარეებისკენ და ამ საოცარ კუნძულზე ვირტუალურად გამოგზაურებთ. ამ ქუჩაზე კი დიდი გამომძიებელი კალე ბლუმკვისტი ცხოვრობს, შენობის პირველ სართულზე წარწერაა: "ვიქტორ ბლუმკვისტის სავაჭრო", ცოტა მოშორებით საფუნთუშეა, იქვე კი მეწაღის ფარდულიდან ძველმანი ფეხსაცმლის ჭვინტები ჩანს...

ლიონბერგელი ონავარი ემილი
ცოტა მოშორებით რონიას ყაჩაღური ცხოვრების ეპიზოდებია გაცოცხლებული. გზად შეიძლება ფულესა და რულესაც გადაეყაროთ, რომელთა დანაშაულის გამოძიების კვალში მსოფლიოში ყველაზე "ზომიერად ფერხორციანი მამაკაცი" კარლსონი მეგობარ ბიჭუნასთან ერთად ჩამდგარა. ეს ის სახლია, რომელშიც ბიჭუნა ცხოვრობს, სადაც სასრიალოები ისე მოუწყვიათ, რომ პატარებთან ერთად დიდებიც გაერთონ. საკვამურს უკან კი კარლსონის სამფლობელოა, ჩვეულებისამებრ, არეულ-დარეული... პარკში ყველა შენობა ისეა აგებული, რომ ბავშვებს - ძალიან დიდად, უფროსებს კი ძალიან პატარად არ მოეჩვენოთ. ისე კი, თითქმის ყველგან შეგიძლიათ შეხვიდეთ, მაგალითად, შეგიძლიათ პეპის სახლი მიულაგოთ ან მის დაწინწკლულ ცხენთან გადაიღოთ სურათები. ყველაზე საინტერესო ამ საოცარ სამყაროში ის ურთიერთობაა, რაც მასპინძლებსა და სტუმრებს შორის სუფევს. მთელი პარკის ტერიტორიაზე ხან რომელ გმირს გადაეყრებით, ხანაც - რომელს, ისინი გესალმებიან, პასუხობენ თქვენს კითხვებს, დახმარებას გთავაზობენ... ბანკის წინ, ღია კაფეში, სადაც, სავარაუდოდ, კალე ბლუმკვისტი ერთ-ერთ ეჭვმიტანილს უთვალთვალებდა, შეგიძლიათ დააგემოვნოთ პეპის საყვარელი მაჭკატები, ან კარლსონის საოცნებო გუფთები და თაფლაკვერები. ყავასაც გემრიელს მოგიდუღებენ და შვედურ კარამელსაც შემოგთავაზებენ. თუ გაგიმართლათ, შესაძლოა, რასმუსისა და ოსკარის იმპროვიზებულ კონცერტსაც კი შეესწროთ. აქვე ჩამწკრივებული მაღაზიები სავსეა ტკბილეულით, ლინდგრენის წიგნებით, მისი სამყაროს ატრიბუტიკით გაფორმებული საბავშვო ტანსაცმლითა თუ სუვენირებით. ეს უკვე ცალკე ინდუსტრიაა, შეგიძლიათ - არც მეტი, არც ნაკლები - ამ სამყაროში ღამეც კი გაათიოთ, თქვენს სამსახურშია პარკის განაპირას მდგარი სასტუმრო.

ამ ქუჩაზე კი დიდი გამომძიებელი კალე ბლუმკვისტი ცხოვრობს
"ასტრიდ ლინდგრენის სამყაროს" მშენებლობა 1981 წელს დასრულდა, მისი მფლობელი ადგილობრივი მუნიციპალიტეტია. როგორც პარკის ადმინისტრაციაში გვითხრეს, შარშან ლინდგრენის სამყარო რეკორდულად ბევრმა მნახველმა - 460 604-მა ადამიანმა მოინახულა, მათგან 125 ათასი უცხოელი ტურისტი იყო. შევედეთის ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების სააგენტოს პარკის მიმართ უფრო დიდი გეგმებიც აქვს. სურთ, მწერლის დაბადების ადგილი მსოფლიო ტურისტული მნიშვნელობის ობიექტად აქციონ. ამისთვის სახელმწიფო უახლოესი სამი წლის განმავლობაში 60 მილიონი შვედური კრონის სუბსიდირებას აპირებს. ამბობენ, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში მწერალი ქალი ხშირად სტუმრობდა პარკს, იჯდა სადმე პარკის განაპირას და ღიმილით უყურებდა მის სამყაროში მოგზაურ უბედნიერეს ბავშვებს და მათზე არანაკლებ ბედნიერ უფროსებს. "არ მინდა უფროსებისთვის წერა!" - ძალიან კატეგორიულად განუცხადა თურმე ერთხელ ჟურნალისტს, თუმცა ვფიქრობ, არ გამოუვიდა... ის წერდა ბავშვებისთვის, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენენ, რომ უკვე უფროსები არიან, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვებათ მისი სამყაროდან გამოყოლილი სითბო, სიყვარული და სიცოცხლის ხალისი...

სულ ახლახან შეხვდნენ ერთმანეთს პატარა მაწანწალა რასმუსი და ოსკარი, მერე კი ერთად გასწიეს ბედნიერების საძებნელად
P.S. ხომ გახსოვთ, ერთხელ ბიჭუნასაც კი შეეპარა ეჭვი კარლსონის არსებობაში და ჰკითხა: - მართლა თუ არსებობო? კარლსონმა უპასუხა: - ნეტა, მართლა არ ვარსებობდე, მაშინ ჩემზე უკეთესი გამოგონება ქვეყანაზე არ იქნებოდაო!..
მართლაც!
ნათია დოლიძე
თბილისი-ვიმერბიუ-თბილისი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)