მას შემდეგ, რაც ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის სისასტიკით შეწუხებულმა 700-მა პატიმარმა ომბუდსმენის სახელზე განცხადება დაწერა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძის თქმით, "მათ მიმართ სადამსჯელო ოპერაციები ჩატარდა. გაჩნდა ეჭვი, რომ რამდენიმე პატიმარი გარდაიცვალა და მათ გვამებს თანდათან აჩენენ. თუმცა მანამდე იმას ადგენენ, ჰყავს თუ არა გარდაცვლილს "პატრონი".
- ოთხმა პატიმარმა ადვოკატს გამოატანა ჩვენება, რომელშიც წერენ, როგორ გამძაფრდა მათი წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა მას შემდეგ, რაც 700-მა პატიმარმა ომბუდსმენის სახელზე შეიტანა განცხადება. პატიმრები წერენ, რომ ცინიკურად ეპყრობიან და შეურაცხყოფენ, თავი გადაპარსეს, კარცერში ჩააგდეს... სამწუხაროა, რომ ომბუდსმენის მხრიდან არავითარი მონიტორინგი არ ხდება, თორემ პატიმრებს ასე ვერ მოეპყრობოდნენ.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზედიზედ სამი პატიმარი გარდაიცვალა საეჭვო ვითარებაში, სამივე ქსნის დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს - ბაზაზიანი, ჩიხრაძე და გელაშვილი. ადმინისტრაციის მტკიცებით, გარდაცვალების მიზეზი სამივე შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა დაავადება იყო. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
- როცა ეს ამბავი შევიტყვეთ, გიორგი გელაშვილი და თამაზ ჩიხრაძე უკვე დაკრძალული იყვნენ. მიხეილ ბაზაზიანის ფოტოები კი გადაღებული გვაქვს. ჩიხრაძისა და გელაშვილის ოჯახები ამბობენ, რომ გარდაცლილებს ცხვირები მოღრეცილი ჰქონდათ, თითები კი დაკბენილი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ტკივილს ვერ უძლებდნენ. მათ ეტყობოდათ სისხლჩაქცევები სახეზე. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს პატიმრები აწამეს. თუმცა მასალის მოპოვების საშუალება არ მოგვეცა იმის გამო, რომ ეს ამბავი გვიან შევიტყვეთ.
ვფიქრობ, გარდაცვლილი მეტია და ამას, სავარაუდოდ, მალავენ. ალბათ, იმას იკვლევენ, ჰყავთ თუ არა მათ პატრონი. მაგალითად, ვიდრე ბაზაზიანის ოჯახს შეატყობინებდნენ, რომ პატიმარი გარდაცვლილია, მისი ბიძა დაიბარეს კუდ-ში. რატომ ჩაერია კუდ-ი, რა საერთო აქვს მას სასჯელაღსრულებასთან, გაუგებარია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საპყრობილეებში შექმნილი ვითარება ერთიანი სისტემისა და პოლიტიკის შედეგია და არა რაღაც შემთხვევა. წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა პენიტენციური სისტემის მართვის ფორმაა, რომელშიც კუდ-იც ჩართულია და ყველა უწყებაც.
- რატომ დაიბარეს კუდ-ში ბაზაზიანის ოჯახის წევრი?
- კუდ-ში დაიბარეს ბაზაზიანის ბიძა და ჰკითხეს, ჰყავს თუ არა პატრონი გარდაცვლილ პატიმარს, ვინაიდან იცოდნენ, რომ მას მამა არ ჰყავდა, დედა კი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ აქცევდა შვილს სათანადო ყურადღებას. როდესაც ბიძამ უთხრა, უპატრონო არ არის, ამ ბიჭს მამიდა და მე ვზრდითო, ამის შემდეგ განუცხადეს, რომ პატიმარი გარდაცვლილია. მათ რომ დაედგინათ, ბაზაზიანს პატრონი და მომკითხავი არ ჰყავდა, შესაძლოა, ეს ამბავი არც გაემხილათ. ჩვენ მივმართეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რომ მოეცათ ინფორმაცია ამ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მოგვწერეს, რომ მას არასოდეს მიუმართავს ექიმისთვის. თუ არასოდეს მიუმართავს ექიმისთვის, მაშინ რით გარდაიცვალა, უცებ შეაწუხა გულ-სისხლძარღვებმა? ხომ უნდა თქვან, რა არის გარდაცვალების მიზეზი? ვითომ პასუხს გაძლევენ, მაგრამ რეალურად, ეს არის პასუხისთვის თავის არიდება, რადგან აშკარაა, რომ გარდაცვალების მიზეზი ის არ არის, რასაც აცხადებენ. ოფიციალური დასკვნაც კი არ გამოუქვეყნებიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარაა პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელობის დანაშაული. ამიტომაც არ იძლევიან დასკვნას. რომ თქვან, ჯანმრთელი იყოო, მაშინ როგორ მოკვდა? თუ იტყვიან, ავადმყოფი იყოო, მაშინ ქსანში რა უნდოდა და ა.შ. ჩვენ მოვითხოვეთ გარდაცვლილი პატიმრების საქმის გამოძიება. რომც არ მოგვეთხოვა, პროკურატურა ვალდებულია, საქმე აღძრას, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია ისევე, როგორც სხვა ძველ საქმეებს. ან გინახავთ სასჯელაღსრულების დამნაშავე თანამშრომელი დასჯილი?
- "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ ქსანში პროტესტი მოჰყვა 4 პატიმრის გაუპატიურებას. თუ დადასტურდა ეს ინფორმაცია და თუ ჩაატარა მონიტორინგი ომბუდსმენის აპარატმა?
- სახალხო დამცველი პრეზიდენტივით ძნელად მისაწვდომია. ის, ფაქტობრივად, არ იღებს მოქალაქეებს, არც სატელეფონო ზარს პასუხობს. თუ ვინმემ გიპასუხა მისი აპარატიდან, ტექსტი საზოგადოდ ასეთია: ვერ ვგებულობ, რა გინდათ. თუ ვერ იგებს, რას ეკითხებიან და რა უნდათ, მაშინ იქნებ ისეთი ადამიანი დასვან იმ ადგილას, ვინც გაიგებს. სახალხო დამცველის ფუნქციაა, მიიღოს მოქალაქეები და გასცეს პასუხი. შეიძლება ყველა მოქალაქის მიღებას ვერ ახერხებდეს, მაგრამ უნდა ჰქონდეს მიღების დღეები, ხალხი იყოს ჩაწერილი და იცოდეს, რიგითობით, როდის უწევს მიღება. ჩვენი ომბუდსმენი სრულიად იზოლირებული და მიუწვდომელი მზეთუნახავია, ეს კი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მისი მონიტორინგიც შესაბამისია... მეც იგივე ინფორმაცია მაქვს, რაც ლორთქიფანიძეს. გაუპატიურებულ პატიმრებს არ სურთ, რომ მომხდარზე საჯაროდ ილაპარაკონ. მოგეხსენებათ, ციხეებში არ უშვებენ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მეთვალყურეებს, მათთან რომ გაიხსნან ეს ადამიანები, მოუყვნენ, როგორ და რა სახის ზემოქმედება ხორციელდება მათზე. მხოლოდ ომბუდსმენს აქვს ციხეში შესვლის უფლება და თუ როგორია მისი აქტიურობა, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ.
- რით ხსნით გიორგი ტუღუშის პასიურობას?
- ამას რა ახსნა უნდა? ტუღუში ცდილობს, არც მწვადი დაწვას და არც - შამფური. ხელისუფლება მასზე რომ არ განაწყენდეს, იქცევა ისე, რომ ხელისუფლებისთვის მისი მოქმედება არის მისაღები და ასატანი, მაგრამ რაღაცებს მაინც აღნიშნავს, საერთაშორისო ორგანიზაციებმა რომ არ თქვან, ეს ომბუდსმენი არაფერს აკეთებსო. ის სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც ფინანსდება და საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც. თუ საერთაშორისო ორგანიზაციები დარწმუნდებიან, რომ ომბუდსმენი არაფერს აკეთებს, ბუნებრივია, არავინ დააფინანსებს მას. ამიტომ ტუღუში სიმართლეს ბოლომდე არ ამბობს.
ნანა ფიცხელაური
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)