რუის-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის ქადაგება ბოლო დროის უმთავრესი მოვლენა გახდა. ამ ქადაგების "მთავარი" სიტყვა, რომელშიც ის ბრძანებს, რომ "თუ ეს ხელისუფლება დარჩა, საქართველომ შესაძლოა აღარც იარსებოს", საზოგადოების იმ ნაწილს, რომლისთვისაც ეკლესია და რწმენა მხოლოდ სალანძღავი ობიექტია (სავარაუდოდ, მსუყე გრანტების წყაროც), პირდაპირ ემცხეთა და ატყდა ვაი-უშველებელი: "როგორ ბედავს... უფლება ვინ მისცა... რატომ ერევა ეკლესია სახელმწიფოს საქმეებში..."ნაწილს ახლა გაახსენდა სინოდის განჩინება სასულიერო პირების პოლიტიკაში ჩაურევლობის შესახებ, მაგრამ არავის გახსენებია საქართველოს ისტორია, რომელიც სავსეა ასეთი მაგალითებით. არ ყოფილა მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი სამშობლოს მატიანეში, როდესაც ერის ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიეღოს ეკლესიას და სასულიერო იერარქებს.
მასმედიის ზოგიერთი საშუალება იქამდეც მივიდა, რომ დაუფარავად დაიწყო მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის განკითხვა და ლანძღვა. ურიგო არ იქნებოდა, "ქართლის ცხოვრებისთვის" გადაევლოთ თვალი, რათა დარწმუნებულიყვნენ, ამ ქვეყანას ერის გარდა ბერიც ჰყავს და ის მხოლოდ მაშინ არ უნდა გაგახსენდეს, როცა წუთისოფლის ტკივილებით გათელილ ტაძარში მუხლზე დაეცემი და "ღმერთო, მიშველეო!" აღავლენ.
როდესაც ქვეყანას უჭირდა, მის გადარჩენაში ავანგარდის როლი უპირობოდ ეკავა დედაეკლესიას. ამის მაგალითად მარაბდის ომის გახსენებაც კმარა, როდესაც შაჰ-აბასის აურაცხელი არმიის წინაშე სამკვდრო-სასიცოცხლოდ დადგა ერი და ბერი. ბრძოლის ველზე დაცემულთა შორის მრავლად იყვნენ სისხლით გაჟღენთილ ანაფორაზე ხმალშერტყმული ბერებიც, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე მამულს შესწირეს. მათ შორის იყო ორი ეპისკოპოსიც(!) - მროველი და ხარჭაშნელი... ასეთი მაგალითების მოყოლა მრავლად შეიძლება.
გასაგებია, რომ ეს საგარეო მტერთან ბრძოლის მაგალითებია, რომელიც ზოგიერთისთვის საკმარისი არ არის და ისინი აუცილებლად მოიყვანენ არგუმენტს იმის დასამტკიცებლად, რომ ძმათა შორის დაპირისპირებაში საეკლესიო პირმა რომელიმეს მხარე არ უნდა დაიჭიროს, მაგრამ ბოლო პერიოდში ეპისკოპოსების და სხვა სულიერი მამების მიერ არაერთხელ გამოხატული შეშფოთება, რომ სახელმწიფო უხეშად ერევა ეკლესიის საქმიანობაში, საგანგაშოა და ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას, რათა ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა საკუთარი ამბიციები დროულად მოთოკოს და განკითხვის მაგიერ თავმდაბლობას მოუხმოს.
ნურავის ავიწყდება, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის მოსაგვარებლად, დაწერილი თუ დაუწერელი კანონების გარდა, ერის სულიერ მამებს უპირველეს მსაჯულად და წინამძღვრად ჰყავთ უზენაესი ფასეულობა უფლის სახით და მისადმი მორჩილება განუზომლად აღემატება ნებისმიერ ამქვეყნიურ მითითებას თუ გადაწყვეტილებას.
იხილეთ ვიდეო: თუ არსებული ხელისუფლება დარჩა, გარწმუნებთ საქართველო აღარ იარსებებს - მეუფე იობი