შალვა თადუმაძე - ფინანსური მონიტორინგის სამსახური კალაძეს საბანკო გადარიცხვებზე დოკუმენტაციის წარდგენას სთხოვს

შალვა თადუმაძე - ფინანსური მონიტორინგის სამსახური კალაძეს საბანკო გადარიცხვებზე დოკუმენტაციის წარდგენას სთხოვს

სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახური "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერ კახი კალაძეს საბანკო გადარიცხვებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის წარდგენას სთხოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კალაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა, ნათია მოგელაძის უწყებისგან შესაბამისი წერილი 4 აგვისტოს მიიღეს.

"ნათია მოგელაძე კახი კალაძეს სთხოვს, წარუდგინოს ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის თანხები ჩაირიცხა მის პირად ანგარიშებზე, რამდენი გაიტანა და სად დახარჯა 2011 წლის 1-ელი ნოემბრიდან ამ დრომდე. ამისთვის სამდღიანი ვადა იყო განსაზღვრული, რომელიც დღეს ამოიწურა. მოგელაძის სამსახურს არ აქვს უფლებამოსილება, კალაძეს ნოემბერ-დეკემბრის ანგარიშები მოითხოვოს, რადგან იმ პერიოდში აღნიშნული სამსახური საერთოდ არ არსებობდა. სამსახური 29 დეკემბერს დაფუძნდა, შესაბამისად მისი უფლებამოსილებები ამ პერიოდიდან განხორციელებულ ქმედებებს ეხება. ამასთან, კანონი ამბობს, რომ მონიტორინგის სუბიექტი შეიძლება გახდეს საარჩევნო მიზნების მქონე პოლიტიკური პირი. მიუხედავად იმისა, რომ კახი კალაძეს პოლიტიკური მიზანი აქვს, ჯერ საარჩევნო მიზანი ვერ ექნება, რადგან როგორც კანდიდატი, ცესკო-ში ჯერ რეგისტრირებული არ არის. ასევე, კანონის მიხედვით, უკვე რეგისტრირებულმა პირმა საარჩევნო ხარჯის ფონდი უნდა შექმნას და მონიტორინგის სუბიექტიც სწორედ ის ფონდი ხდება და არა პირადი ანგარიშები", - აღნიშნა თადუმაძემ.

მისივე განმარტებით, დღეს კახი კალაძემ მოგელაძის სამსახურის წერილს წერილით უპასუხა, სადაც ის საბანკო გადარიცხვებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების მზადყოფნას მხოლოდ გარკვეული წინაპირობების შემთხვევაში აცხადებს.

"დღეს ჩვენ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ინფორმაციის ნაცვლად წერილი გავუგზავნეთ, სადაც კალაძე აფიქსირებს, რომ მზადაა ინფორმაციის წარსადგენად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნათია მოგელაძე მიუთითებს კონკრეტულ მუხლს, რომლის საფუძველზეც მის სამსახურს უფლება აქვს, კალაძეს ნოემბრის თვიდან მოსთხოვოს საბანკო გადარიცხვების შესახებ ინფორმაცია. ასევე, კალაძე მოითხოვს, დაკონკრეტდეს კანონის ის მუხლიც, რომელიც ავალდებულებს ნებისმიერ ორგანოს პირადი მოხმარებისთვის, პირადი ანგარიშიდან გატანილი ნაღდი ფულის ხარჯვითი ნაწილი წარუდგინოს. კალაძეს შემოსავლებიც და ხარჯვითი ნაწილიც ლეგალური აქვს, თუმცა ის ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს კაპრიზით ვერ იმოქმედებს", - განაცხადა ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა