სამშაბათს "ალიამ" გამოაქვეყნა ფოტომასალა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სტიქიური უბედურების, 5 ადამიანის (მათ შორის ორი ბავშვის) დაღუპვისა და უამრავი თქვენი თანამოქალაქის უსახლკაროდ დარჩენის შემდეგ, ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად წასული, პრეზიდენტი, მეორე დღეს, ანუ 15 მაისს, სლოვენიიდან მილანში გადაფრინდა და "იშოპინგა"!!!
გამოქვეყნდა თუ არა "ალიაში" ეს ფოტოები, ატყდა ერთი ამბავი. მიშისტების ერთი ნაწილი ამტკიცებდა, ეს ფოტოები სხვა დროსაა გადაღებულიო, ხოლო მეორე ნაწილი დედაზე იგინებოდა, ფოტომონტაჟიაო!!!
ჩაატარა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი, ვერ გაექცა ამ საკითხს და აღიარა, რომ ფოტოები ნამდვილია და სააკაშვილი მილანში მართლაც იმყოფებოდა, მაგრამ თქვა: პრეზიდენტი ამერიკაში რომ ჩაფრინდა, ეს რეისი მილანში რამდენიმესაათიან გაჩერებას ითვალისწინებდაო. მანჯგალაძეს რომ ჰკითხეს, ბატონი პრეზიდენტი "საშოპინგოდ" იყო თუ ოფიციალუარი ვიზიტითო, მარჯვენა წარბი გაკვირვებულმა აზიდა და შეკითხვის დამსმელს ჭკუა დაარიგა: ძალიან გთხოვთ, ცოტა კორექტულები ვიყოთო(!).
ამ ბოლო დროს სააკაშვილისა და მისი ადმინისტრაციისთვის ხშირად გვიწევს ელემენტარული ჭეშმარიტების ახსნა, მაგრამ ეგ არაფერი. "შოპ" ინგლისური სიტყვაა და "ყიდვას", "მაღაზიას" ნიშნავს. სწორედ აქედან მოდის სიტყვა "შოპინგი" და ეს საყიდლებზე სიარულს ნიშნავს. ამას გრამატიკულად ბარბარიზმი ჰქვია და, თუ ზოგად პრაქტიკას გავითვალისწინებთ, ის ადრე თუ გვიან ქართულ ენაშიც დამკვიდრდება. ასე რომ, ამ სიტყვაში არაფერია არაკორექტული. აი, რაც შეეხება იმას, რომ ქვეყანაში სტიქიური უბედურებისა და 5 ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ამ ქვეყნის პრეზიდენტი საყიდლებზე წასვლით იქარვებს დარდს, არაკორექტულთან ერთად, არაეთიკური და არანორმალურია. ესეც თუ არა იცით, ამასაც გეტყვით, რომ ასეთი უბედურების დროს ნორმალური პრეზიდენტები და ქვეყნის პირველი პირები ოფიციალურ ვიზიტებსაც წყვეტენ და საკუთარ ხალხთან სამშობლოში ბრუნდებიან.
თუმცა პრეზიდენტის პრესსპიკერის რეაქცია სად შეედრება საპარლამენტო უმრავლესობის თვალსაჩინო სახეების, აკაკი ბობოხიძისა და ლაშა თორდიას რეაქციებს. ბობოხიძემ: "პრეზიდენტს შოპინგებზე სასიარულოდ სჭირს რამეო?" ხოლო თორდიამ საერთოდ დაგლიჯა: "ზუსტად რომ ამორალურია ესეთ საკითხებზე ესეთი საუბარი. პრეზიდენტი იყო საქართველოში მაგ დროს, როცა სტიქია მძვინვარებდა და ჩვენ გვყავს 5 გარდაცვლილი ადამიანი. პრეზიდენტმა მოახდინა რეაგირება და ასევე იყო იმ ადგილას, სადაც ამ სტიქიამ დააზარალა ოჯახები".
აჰა, ესე იგი, ამორალური ყოფილა ის, რომ "ალიამ" ეს ფოტოები გამოაქვეყნა. ანუ, თორდიას რომ ვკითხოთ, ამორალურია ის, რომ სააკაშვილს ნამუსი არ შევუნახეთ და ვამხილეთ იმაში, სტიქიიდან და 5 ადამიანის გარდაცვალებიდან მეორე დღეს "საშოპინგოდ" რომ წავიდა. სამაგიეროდ ამორალური არაა სააკაშვილის საქციელი. პირიქით, თორდიასთვის და ზოგადად ნაციონალებისთვის სააკაშვილი მორალის ეტალონია!!!
აი, ბობოხიძეს კი შეიძლება ნაწილობრივ დავეთანხმოთ - რა სჭირს მიშას საყიდლებზე სასიარულო? საერთოდ, რად უნდა რამეს ყიდვა? ისეა გაგიჟებული, მალე შიშველმა და ჯოხის ცხენზე გადამჯდარმა რომ ირბინოს რუსთაველზე, აღარც ეს უნდა გაგვიკვირდეს!!!
ახლა კი რაც შეეხება ტყუილებს, რომელშიც პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ალიამ" გამოიჭირა და რომელსაც ძველთან ერთად ახალი სურათებიც ადასტურებს!!! მანჯგალაძეს რომ დავუჯეროთ, სლოვენიიდან მიშა საქართველოში დაბრუნდა (ეს ფაქტია, რადგან 15 მაისს, 17 საათზე, საგანგებო თათბირი ჩაუტარა ქალაქის მერსა და ფინანსთა მინისტრს, რაც ნაციონალური ტელევიზიებითაც გადაიცა) და ამის შემდეგ გაფრინდა მილანის გავლით ამერიკაში. ეს აშკარა ტყუილია, რადგან ყველა ფოტოზე, მენიუში მითითებულია გადაღების თარიღი. ეს ფოტოები კი 15 მაისს, მილანის დროით 10 საათსა და 10 წუთიდან 10 საათისა და 25 წუთის, ანუ 15 წუთის ინტერვალითაა გადაღებული. მილანისა და თბილისის დრო 2 საათით განსხვავდება ერთმანეთისგან. იქ რომ 10 საათია, ჩვენთან არის 12 საათი. შესაბამისად, სააკაშვილი 17 საათზე თათბირის ჩატარების შემდეგ 12 საათზე მილანში ვერ აღმოჩნდებოდა. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ მილანში სლოვენიიდან ჩაფრინდა, "იშოპინგა", მერე (ვთქვათ, 16 საათზე) ჩამოფრინდა საქართველოში და ჩაატარა თათბირი (მილანიდან საქართველოში ჩამოფრენისთვის 3 საათი სრულიად საკმარისია).
ახლა რაც შეეხება იმას, მართლაც "იშოპინგა" თუ არა სააკაშვილმა მილანში...
ჩვენ ის ინფორმაციაც გვაქვს, რომ სააკაშვილი მონტე ნაპოლიზე, ანუ მილანის ყველაზე ძვირადღირებულ უბანში, სადაც მილიარდერები ვაჭრობენ, მაღაზიებში მანამდეც დადიოდა, სანამ მას ფოტოობიექტივი დააფიქსირებდა, მაგრამ, მოდით, იმაზეც ვისაუბროთ, რის დოკუმენტური დასაბუთებაც გვაქვს:
ახალ ფოტოებში, რომელიც ამ ნომერშია წარმოდგენილი, კარგად ჩანს, რომ სააკაშვილი შესულია საათების მაღაზიაში "Officine Panerai"- ში. ესაა მაღალი კლასის შვეიცარიული საათების მაღაზია, რომლის მფლობელიც "Cartier"- ის და “Vacheor"- ის ფირმების მფლობელიცაა. "Officine Panerai"- ის საათების ფასი, რომლებიც, სხვათა შორის, შეზღუდული რაოდენობით იწარმოება, მინიმუმ 2000 აშშ დოლარიდან იწყება და 50 ათას დოლარამდე, ან კონკრეტულ შემთხვევებში 100 ათას დოლარამდეც ადის და ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც - "Officine Panerai"- ის ფირმის საათს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ატარებს.
თუ ეს "შოპინგი" არ იყო, საათების მაღაზიაში სააკაშვილი საქართველოს განვითარების, ან ნატოში ინტეგრაციის მიზნით შევიდა?
არ გაგიკვირდეთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ესეც იკადროს...
ჩვენ კი ჩვენს საქმეს გავაგრძელებთ. როგორც ჩვენი იტალიელი და ამერიკელი "აგენტები" დაგვპირდნენ, ფოტომასალას კიდევ მოგვაწვდნიან და ორშაბათის "კვირის ქრონიკაში" ამ "შოპინგის" ამსახველ ფოტორეპორტაჟს სრულად შემოგთავაზებთ!!!
გაზეთი "ალია"