"მაესტროს" ერთ-ერთ დამფუძნებელს და ამჟამად არხის გენერალური პროდიუსერის მოვალეობის შემსრულებელ ეკა აკობიას და ვასიკო ოდიშვილს გაცნობიდან ძალიან მალე შეუყვარდათ ერთმანეთი. მათ ყველა ბობოქარ წყვილს ეძახის. ბევრჯერ უჩხუბიათ, მაგრამ მათ ჩხუბს სამსახურში არავინ აქცევს ყურადღებას. იციან, რომ მალე შერიგდებიან. ეკა ფიქრობს, რომ ასეთი ბობოქარი ცხოვრება უფრო საინტერესოა და დარწმუნებულია, რომ ის და ვასიკო ერთად დაბერდებიან.
ყოფილი "კაგებეშნიკი" მამა
- დედას და მამას ეს ბოლო წლებში გადაღებული ფოტო ძალიან მიყვარს და მეცინება, რომ ვუყურებ. დედაჩემი, ნორა ნერგაძე, გარეგნობით ძალან ჰგავს რუსს. სულ ეკითხებოდნენ, რომელიმე წინაპარი ხომ არ ჰყავდა რუსი. ჩემი შვილიც ბავშვობაში ძალიან ქერა იყო. ქართველი ბავშვის გარეგნობა არ ჰქონდა. დედა პროფესიით ქიმიკოსია. წლების განმავლობაში თავისი პროფესიით მუშაობდა. ახლა დედაც და მამაც პენსიონერები არიან. დედა ძალიან მეხმარება შვილის გაზრდაში.
- მამა რა პროფესიისაა?
- ჯემალ აკობია პროფესიით ინჟინერია. "გეპეი" აქვს დამთავრებული. მამა ჩემთვის ეტალონია, განათლებული, უკეთილშობილესი და ჭკვიანი ადამიანია. მისნაირი ადამიანები ხშირად არ გვხვდებიან. მთელი ცხოვრება სწავლობდა, სულ მუშაობდა საკუთარ თავზე. უამრავი ენა იცის. ძალიან რთული ენა, ჩინურიც კი ისწავლა. "კაგებეშიც" მუშაობდა. ხშირად უწევდა საზღვარგარეთ ყოფნა. მოკლედ, ძველი "კაგებეშნიკია". ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციაშიც აქვს ნამუშევარი.
- არ გიყვებათ ხოლმე "კაგებეს" ამბებს?
- რაც მაინტერესებს, ვეკითხები და ყველაფერს მეუბნება. მამა ქვეყნის გარეთ მუშაობდა და უფრო საზღვარგარეთის ამბები იცის, ვიდრე საქართველოს შიგნით.
- ე.ი. "კაგებეს" ბევრი ძველი საიდუმლო შენთვის ცნობილია...
- ძველი "კაგებეშნიკები" ნამდვილ საიდუმლოს არასდროს გათქვამენ.
- როგორც ფოტოებიდან მივხვდი, ერთი და გყავს...
- მაია ჩემზე ექვსი წლითაა უფროსი. უკვე თოთხმეტი წელია, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. იქაური მოქალაქეობა აქვს და ჰყავს შესანიშნავი შვილი ანა-მარია ერინგტონ-სტივენსი. არც მის სახელ-გვარში და არც მის გარეგნობაში არანაირი ქართული არ ჩქეფს. ჩვენ სულ ვცდილობთ, გავაცნოთ ანა-მარიას ქართული კულტურა და ისტორია, მაგრამ ცამეტი წლის ანა-მარია თავიდან ბოლომდე ბრიტანელია.
- დასთან სტუმრად ხშირად ჩადიხართ?
- ერთმანეთთან ხშირად სტუმრობა არ გამოდის. წელს, მაგალითად, ვერც ჩემი და ჩამოვიდა და ვერც ჩვენ ჩავედით. შარშან იყო ბოლოს ჩემი და ჩამოსული. აგვისტოს ომამდეც იყო. ჩვენ აგარაკი გვაქვს თელათგორში და ყველანი იქ ვისვენებდით. ეს ადგილი კასპის ზემოთაა და ხელისგულივით ჩანდა, როგორ ცვიოდა ბომბები. მაიამ მეორე დღესვე დაავლო ხელი ანა-მარიას და საქართველოდან გაემგზავრა. სამი თვით იყო ჩამოსული მაშინ და არ დაგვცალდა ერთად ყოფნა. ჩემი და პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია.
- ბავშვობაში, როგორ ჩანს, არ კამათობდით. ბავშვობისდროინდელი ყველა ფოტო ჩახუტებულებს გაქვთ გადაღებული.
- ამ ფოტოდანაც ჩანს, რომ ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა. მაგრამ შემდეგ იყო პერიოდი, როცა ბევრს ვჩხუბობდით. ჩხუბის დროს სხვადასხვა ნივთსაც ვიყენებდით.
- ძირითადად რის გამო ჩხუბობდით?
- ყოველთვის მინდოდა, მისი ტანსაცმელი ჩამეცვა. ჩვენი ჩხუბის ძირითადი მიზეზი ეს იყო. მაია ტანსაცმელს არასდროს მათხოვებდა. მეც ვიპარავდი და ჩუმად ვიცვამდი.
- შემდეგი ოჯახური ფოტო სადაა გადაღებული?
- ამ სურათს რომ ვუყურებ, სულ მეცინება. ყველანი რაღაცნაირად დამწუხრებულები ვართ. ჩემს ბავშვობაში რამდენჯერმე ესენტუკში ვიყავით დასასვენებლად. დედასა და მამასთან ერთად ბებია ანასტასიაც მოდიოდა. ფაქტობრივად, მისი გაზრდილი ვარ. სურათში თავი გახეთქილი მაქვს. თავი ფოტოს გადაღებამდე ორი დღის ადრე გავიტეხე. ცელქი ვიყავი. ბუნდოვნად მახსოვს კიდეც თავის გატეხის მომენტი. დედა მეუბნებოდა, ეკა, გაჩერდი, ეკა გაჩერდიო, არ დავუჯერე, ტრიალი გავაგრძელე და რკინის საწოლს შევასკდი. წამიყვანეს ექიმთან და რამდენიმე ნაკერი დამადეს. ნაიარევი დღემდე მეტყობა.
- შემდეგ ორ ფოტოზე მითხარით, რომ შინაარსობრივად ერთმანეთს ძალიან ჰგავს. პირველ მათგანზე თქვენ და ბებია ხართ, მეორეზე თქვენი შვილია ბებიასთან ერთად.
- როცა მშობლები ძალიან დაკავებული არიან, შვილების გაზრდაში, როგორც წესი, ბებიები ეხმარებიან. დედა ახალგაზრდობაში ძალიან აქტიური ქალი იყო. ხან დისერტაციას იცავდა, ხან მუშაობდა და სწავლობდა. ამიტომ დროის უმეტეს ნაწილს ბებიასთან ვატარებდი. ბებიასთან ფოტო სოფელში მაქვს გადაღებული. ამ მომენტში დედამ ჩამომაკითხა და უკან თბილისში წამოვიდა, ამიტომ ვტიროდი და რომ გავეჩუმებინე, ყვავილები მომცეს. ამ ორ სურათს რომ ვუყურებ, პარალელებს ვავლებ. დედას მსგავსად, მეც აქტიურად ვცხოვრობ. შეიძლება ითქვას, დედაზე ორჯერ უფრო აქტიური ცხოვრება მაქვს. მე უფრო ბევრი შრომა მიწევს. ტელევიზიამ არ იცის დღე, ღამე და დღესასწაულები. დიდ დროს ვატარებ ტელევიზიაში. ნიცას და დედას ფოტოც აგარაკზეა გადაღებული. მე და ნიცა ვგავართ გარეგნულად. მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება იყო, სწორი თმა მქონოდა და ეს ოცნება ჩემი შვილის სახით ახდა. ნიცას სწორი თმა აქვს. ხვეული თმა რომ ჰქონდეს, მგონი, ერთმანეთს უფრო მეტად დავემსგავსებოდით.
რატომ არჩია ბალერინობას ჟურნალისტობა
- როგორც ფოტოებიდან მივხვდი, ბავშვობაში ბალეტი ძალიან გიყვარდათ და შესაძლებელიც იყო, ბალერინა გამოსულიყავით. რატომ მოხდა ისე, რომ ჟურნალისტი ხართ და არა ბალერინა?
- როგორც მიყვებიან, ფეხი ავიდგი თუ არა, მაშინვე თითის წვერებზე დავიწყე სიარული და ვტრიალებდი. ხუთი წლის ასაკში მიმიყვანეს ხელოვნების სკოლის საბალეტო ჯგუფში. ეს სკოლა საირმის ქუჩაზე მდებარეობდა. იმ პერიოდში უამრავ სპექტაკლს ვდგამდით, ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლებია. შემდეგ ჩემმა პედაგოგმა ირინა სტუპინამ ურჩია ჩემს მშობლებს, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გადავეყვანეთ და ასეც მოხდა. მეოთხე კლასიდან ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გადამიყვანეს და იმ პერიოდიდან სერიოზულად დავკავდი ბალეტით. ბალეტით ვიძინებდი და ვიღვიძებდი. ჩემი ოთახის კედლები ცნობილი ბალერინების ფოტოებით იყო სავსე. ძალიან მინდოდა, ბალერინა გამოვსულიყავი. მაგრამ ყველაფერი იცვლება და რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ მინდოდა, ჟურნალისტიკში მეცადა ბედი. უფრო სწორად, მაშინ ასე ჩამოყალიბებული არ ვიყავი და არ ვიცოდი ზუსტად რა მინდოდა. უბრალოდ, წერა მიყვარდა. ვწერდი ლექსებს, ზღაპრებს, ვაკეთებდი ჩანახატებს. ექვსი წლიდან ვწერდი დღიურებს, რომლებიც დღემდე შენახული მაქვს. ძალიან სასაცილოა ექვსი წლის ასაკში დაწერილი ჩემი დღიურები. მოკლედ, კალამს დავუმეგობრდი და ამ პერიოდში ვიფიქრე, რომ აღარ ღირდა ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლა. თუ გადაწყვეტილი გაქვს, ბალერინა იყო, მაშინ თითქმის მთელი ცხოვრება ამას უნდა მიუძღვნა. ძალიან შრომატევადი და რთული პროფესიაა. ამიტომ ბოლო კლასებში ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში გადავედი. ქორეოგრაფიულმა სასწავლებელმა მომცა ის, რასაც სხვა საჯარო სკოლაში ვერასოდეს მივიღებდი. ამ სკოლაში ყველაფერი იყო, რაც ბავშვს განვითარებისთის სჭირდება. ბევრს ეგონა, რომ ქორეოგრაფიულში სხვა საგნებს კარგად ვერ ასწავლიდნენ, მაგრამ ასე ნამდვილად არ იყო.
- ბავშვობაში ეს ფოტო სად გაქვს გადაღებული?
- ფოტო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გადაგვიღეს მე და ჩემს მეგობარს. ციყვის როლი გვქონდა მიუზიკლში "ტყის სიმღერა". დიდყურებიანი ციყვის ფორმები გვაქვს. ამის გამო სულ ვიცინოდით. რეალურად ციყვს ამხელა ყურები არ აქვს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ციყვები ვიყავით. შემდეგი ფოტო კი სპექტაკლ "მდინარეზე" გვაქვს გადაღებული. ძალიან სახალისო, მაგრამ რთულად შესასრულებელი როლები გვქონდა. თან პუანტები უნდა გვცმოდა. მაშინ არც ისე დიდები ვიყავით, პუანტებზე პროფესიონალურად დგომა რომ შეგვძლებოდა, მაგრამ ჩვენი პედაგოგი ჩვენგან მაქსიმუმს ითხოვდა. სურათი ოპერის თეატრის სცენაზეა გადაღებული. ფოტოში პირველი მე ვდგავარ. იმ პერიოდში ყველაზე მაღალი ვიყავი. მერე ერთ მშვენიერ ზაფხულს ყველანი გაიზარდნენ და მე მაინცდამაინც არ მოვიმატე, თუმცა ბალერინისთვის სიმაღლე სასურველი არაა. მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკურად სიმაღლეში ძალიან გაზრდა არ მემეუქრებოდა, მაინც სულ მეშინოდა, არ გავიზარდო-მეთქი.
- შემდეგ ფოტოზე მითხარი, რომ ძალიან გიყვარს, რადგან მასზე ის მომენტია ასახული, როცა შიში დაძლიე და ცხენზე პირველად დაჯექი.
- სურათი რიწაზეა გადაღებული. აფხაზეთში ზაფხულობით ხშირად ჩავდიოდი, გაგრაში ბევრი ნათესავი გვყავდა. ბიჭვინთაშიც ხშირად ჩავდიოდით. ამ ფოტოს რომ ვუყურებ, აფხაზეთის სუნს ვგრძნობ. იმ დღეს რიწის ტბაზე კვიპაროსის საოცარი სუნი იდგა, წყალი კი უზომოდ სუფთა და ფირუზისფერი იყო.
- შემდეგი ფოტო სტუდენტობისას გაქვთ გადაღებული...
- ფოტო უნივერსიტეტის ბაღშია გადაღებული. ვინც იმ პერიოდში უნივერსიტეტში სწავლობდა, აუცილებლად შეხვდებოდა ფოტოგრაფ ალეკოს. ფაქტობრივად, ყოველდღე ვიღებდით ფოტოებს. რაში გვჭირდებოდა ამდენი ფოტო, არ ვიცი... გადასარევი პერიოდი იყო. სტუდენტობა ყველაზე კარგი წლებია, მაგრამ ჩვენ ცოტა რთული პერიოდი დაგვემთხვა. 90-იან წლებში მთელმა ჩვენმა სტუდენტობამ მიტინგების ფონზე გაიარა, ამიტომაც მეორე კურსზევე ვიფიქრე, რომ მხოლოდ უნივერსიტეტის კედლებში მიღებული ცოდნა არ გამომადგებოდა. მივედი "მეორე არხზე" და დავრჩი ტელევიზიაში.
- შემდეგ ფოტოზე, როგორც ვხვდები, სწორედ ეს პერიოდია ასახული...
- როცა სტუდენტები ხდებიან, ყველა ცდილობს, თავის გარეგნობაში რამე შეცვალოს. მე ვერაფერი მოვიფიქრე გარდა იმისა, რომ თმა შემეღება. წესით, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, რადგან ყველა ჩემი მეგობარი ჩემი თმის ფერს შენატროდა. ახლა მეცინება ჩემს მაშინდელ გადაწყვეტილებაზე. ვერ ვხვდები, რად მინდოდა კვერცხის გულისფრად თმის შეღებვა. ოპერატორი არის ლევან აბულაძე, რომელიც დღემდე ოპერატორად მუშაობს და ვისგანაც ინტერვიუს ვიღებ, ლიკა ყაზბეგია.
- შემდეგი ფოტო კოტე ყუბანეიშვილთან ერთად როდის გაქვთ გადაღებული?
- "მეორე არხზე" ჩამოყალიბდა "მაესტრო" და ყველამ ერთად დავიწყეთ მოგზაურობა სხვადასხვა არხზე. სტუდია "მაესტრო" სხვადასხვა პროდუქციას აწარმოებდა. "პირველ არხთან" დავდეთ ხელშეკრულება და ვაკეთებდით გადაცემას "უცნობი". გადაცემა ეთერში გადიოდა ყოველ შაბათს და მიჰყავდა მაია ლომიძეს. მართლა ძალიან პატარები ვიყავით იმისთვის, რომ ამხელა პროდუქტს შევჭიდებოდით, მაგრამ მაშინ ექსპერიმენტების საშუალება იყო ტელევიზიაში. მახსოვს, რომ კოტე ყუბანეიშვილმა ძალიან თამამად ილაპარაკა და სანამ ეთერიდან გავიყვანდით, უცენზურო სიტყვაც თქვა, რომელიც ეთერში გავიდა. მერე მახსოვს, გაფრთხილება მოგვცეს და გვითხრეს, რომ ასეთი ტიპის სტუმრები ეთერში აღარ მოგვეყვანა.
იტალიური არდადეგების დაუვიწყარი დღეები
- მეუღლე ვასიკო ოდიშვილი, როგორც ვიცი, მაესტროელია...
- ვასიკო "მაესტროში" კასტინგზე მოვიდა. გაცნობიდან მესამე დღეს მითხრა, მიყვარხარო. მე არ მინდოდა დაოჯახება. ოჯახს ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი. 35 წლის ასაკში ვაპირებდი გათხოვებას. ვფიქრობდი, რომ მანამდე ბევრი საქმე მქონდა გასაკეთებელი. მე და ვასიკო გაცნობიდან მესამე წელს დავქორწინდით.
- შემდეგი ფოტო სად გადაიღეთ?
- ცხოვრებაში რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, მოგზაურობაა და მინდა, მსოფლიო მოვიარო, თუმცა, სამწუხაროდ, მოგზაურობისთვის ბევრი დრო არ მაქვს. ორი წლის წინ მე და ვასიკოს რომაული, უფრო სწორად, იტალიური არდადეგები გვქონდა. რვა დღის განმავლობაში შვიდ რეგიონში ვიყავით, რვა ქალაქი ვნახეთ. ვასიკო ბოლოს აეროპორტში ლამის ფეხშიშველი მოდიოდა, სახე წაშლილი ჰქონდა შთაბეჭდილებებისგან და იმ ტემპისგანაც, როგორი ტემპითაც იტალია მოვიარეთ. მგონი, ჩვენ ყველაზე ჩქარი იტალიური არდადეგები გვქონდა. დაღლილობის მიუხედავად, ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება.
- რამდენი წელია, რაც შენ და ვასიკო და ერთად ხართ?
- 13 წელია.
- ალბათ გქონიათ რთული პერიოდებიც...
- ჩვენ იოლი პერიოდები არასდროს გვაქვს. ვართ წყვილი, რომელსაც სულ ბობოქარი ურთიერთობა აქვს. მშვიდები არც არასდროს ვყოფილვართ. ხმაურიანები და ემოციურები ვართ. ასე ცხოვრება უფრო საინტერესოა.
- შემდეგი ფოტო სად გაქვთ გადაღებული?
- ეს ჩვენი ოჯახური ბოლო ფოტოა. ჩემს ნათლულსა და დედამისთან ერთად თურქეთში ვიყავით წასული. ნიცა ზღვის გიჟია. სულ წყალში უნდა ყოფნა. ვეუბნებოდი, კარგად უნდა ვნახო, ლაყუჩები ხომ არ გაქვს-მეთქი. საჭმელი რომ მიგეტანა, წყალშიც ბედნიერად იცხოვრებდა. თურქეთში მე და ვასიკოს ქორწინების ათი წლისთავი შეგვისრულდა. ათი წლის წინ, 15 ივლისს დავქორწინდით და წელს 15 ივლისს თურქეთში მოვხვდით. ვასკამ სიურპრიზი მომიწყო - რესტორანში მხოლოდ ჩვენ გვემსახურებოდნენ და მუსიკოსები ცოცხლად უკრავდნენ. ძალიან კარგი საღამო იყო, ლამაზი და რომანტიკული. ყველანი ბედნიერები ვიყავით.
- მეორე ბავშვის გაჩენას არ აპირებ?
- ძალიან არ მინდა, რომ ნიცა დედისერთა იყოს. მეორე ბავშვს ვგეგმავთ, მაგრამ როდის, ეს ღმერთის ნებაა.
მერი კობიაშვილი
(გამოდის ორშაბათობით)
ასევე იხილეთ: