რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა შოთა მალაშხიამ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დეტალებზე ისაუბრა.
"ის, რომ ჩვენ საომარი მოქმედებები მოგვიწევდა 120 მილიონიან ერთან, რომელიც უკვე მობილიზებული იყო და აპირებდა ინტერვენციას და ჩვენ ამ ომს მოვიგებდით, თეორიულადაც წარმოუდგენელი იყო, მაგრამ როცა შენს მიმართ აგრესიას და ოკუპაციას ახორციელებენ, ამას პასუხობს ნებისმიერი ერი, ნებისმიერი თავმომწონე სახელმწიფო. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ისტორია პრაქტიკულად არ იარსებებდა", - აღნიშნა მალაშხიამ.
მისივე განმარტებით, ომი არის იმისთვის, რომ იბრძოლო, შედეგი კი ამის შემდეგ დგება.
"ამიტომ შედეგს წინასწარ არავინ საზღვრავს. შენ იყენებ შენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.