საქართველოს საგარეო უწყებამ ვლადიმერ პუტინის აღიარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

საქართველოს საგარეო უწყებამ ვლადიმერ პუტინის აღიარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აღიარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პუტინის განცხადება ხაზს უსვამს რუსეთის აგრესიის წინასწარგანზრახულ ხასიათს და რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის სრულ უგულებელყოფას.

"პრეზიდენტმა პუტინმა, რომელიც იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრი იყო, ასევე აღიარა, რომ რუსეთის სამხედრო ექსპერტები წვრთნიდნენ ცხინვალის რეჟიმის შეიარაღებულ ძალებს, სამხედრო აგრესიაში მონაწილეობის მისაღებად", - აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო უწყებას პუტინის ციტატა მოჰყავს:"არსებობდა გეგმა, ეს არანაირი საიდუმლო არაა, რუსული მხარე ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა. გეგმა რუსეთის გენერალური შტაბის მიერ შემუშავდა 2006 წლის ბოლოს - 2007 წლის დასაწყისში. მე განვიხილე და დავამტკიცე ეს გეგმა."

"პრეზიდენტ პუტინის პირდაპირი აღიარება, რომ 2008 წლის აგრესია წინასწარგანზრახული ხასიათისა იყო, კონფლიქტის არსის შეფასებისათვის მნიშვნელოვან საფუძველს იძლევა. განცხადება ადასტურებს საქართველოს მყარ პოზიციას იმის თაობაზე, რომ 2008 წლის აგვისტოს მოქმედებები სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დაგეგმილი ღონისძიება იყო", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ პუტინის განცხადება ასევე ეხმაურება რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის 2011 წლის ნოემბერში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ სამხედრო ჩარევა მიმართული იყო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგ, რაც საქართველოს სუვერენულ არჩევანს წარმოადგენს.

საგარეო უწყების განცხადებაში მედვედევის ციტატა მოჰყავს:"ჩვენ უბრალოდ დავაწყნარეთ ზოგიერთი ჩვენი მეზობელი და მათ ვუჩვენეთ, რომ კორექტულად უნდა მოიქცნენ რუსეთისა და მომიჯნავე მცირე სახელმწიფოების მიმართ, ზოგიერთ ჩვენს პარტნიორს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ჩათვლით ამით გავუგზავნეთ სიგნალი, რომ მათ, პირველ რიგში, გეოპოლიტიკურ სტაბილურობაზე უნდა იზრუნონ. ჩემი აზრით, ეს 2008 წლის მოვლენების მთავარი შედეგია."

"იმის აღიარებით, რომ ცხინვალის რეჟიმის შეიარაღებულ ფორმირებებს რუსეთის ძალები ამზადებდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად, პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა, რომ რუსეთი უგულებელყოფდა მშვიდობისმყოფელის ვალდებულებებს. ამგვარად, რუსეთის მოქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სამშვიდობო შეთანხმებებს და ურცხვად ხელყოფდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტ პუტინის განცხადების ფონზე, საქართველო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას განაგრძოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მან გაიყვანოს საოკუპაციო ძალები საქართველოდან და პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"ეს მით უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც რუსეთი განაგრძობს სამხედრო პოტენციალის განვითარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და კვლავაც იყენებს აგრესიულ რიტორიკას. ყოველივე ეს საქართველოს უსაფრთხოებისათვის პირდაპირ და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მოსთხოვოს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტიები და უნდა შექმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე", აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა