"ბეტა მაქსის" დირექტორის განცხადებით, კრედიტის მიღების პირობა ივანიშვილისგან მიიღო

 "ბეტა მაქსის" დირექტორის განცხადებით, კრედიტის მიღების პირობა ივანიშვილისგან მიიღო

სამშენებლო კომპანია "ბეტა მაქსის" დირექტორის მალხაზ მირცხულავას განცხადებით, საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის გაუქმებასაც "ქართუ ბანკის" ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი ითხოვს , საბანკო პროცედურების დაცვით გაფორმდა.

როგორც მირცხულავამ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განმარტა, 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის გაცემაზე "ქართუ ბანკთან" შეთანხმება ბანკში დროებით მმართველობის შესვლამდე იყო მიღწეული. მისი თქმით, უნდა გაცემულიყო სპეციალური დანიშნულების კრედიტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, სამშენებლო კომპანია "კავუნიტექსის" პროექტების შეჩერების შედეგად დაზარალებული კლიენტების დაკმაყოფილებას მოხმარდებოდა.

მირცხულავას განცხადებით, კრედიტის მიღების პირობა მან 7 აპრილს, ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო, ამის შემდეგ "ქართუ ბანკთან" 10 ივლისს გაფორმდა გენერალური, საბაზისო ხელშეკრულება, რომელსაც ნოდარ ჯავახიშვილმა მოაწერა ხელი.

"ბეტა მაქსის" ხელმძღვანელის თქმით, მას შემდეგ, რაც "ქართუ ბანკში" ხელმძღვანელობა შეიცვალა, მანამდე არსებული საბაზისო ხელშეკრულების საფუძველზე, ახალ გენერალურ დირექტორთან მოხდა საბოლოო შეთანხმება და 10 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო.

რაც შეეხება ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებებს, "ბეტა მაქსის" დირექტორი მიიჩნევს, რომ არსებული შეთანხმების მიუხედავად, "ქართუ ბანკის" პრეზიდენტს კრედიტის გაცემა არ სურდა.

"როგორც ჩანს, არც ის ეგონა, რომ ბანკს ისევ სათავეში ჩაუდგებოდა და თავისი დადებული პირობების შესრულება მოუწევდა. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი მისთვის, რომ პროცედურების სრული დაცვით დამტკიცებული კრედიტი გასცეს", – აცხადებს მალხაზ მირცხულავა.

"ბეტა მაქსის" დირექტორის განცხადებით, მის კომპანიას ამ დრომდე ბანკისგან არანაირი თანხა არ მიუღია.

"ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომელშიც ბანკის დროებითი მმართველობის პერიოდში ოთხი კომპანიისთვის გაფორმებული 50 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხელშეკრულებების გაუქმდბას ითხოვს.

ჯავახიშვილმა ის კომპანიებიც დაასახელა, რომლებზეც ბანკში ვლადიმერ უგულავას დროებითი მმართველობისას 50 მილიონი ლარის ოდენობის საკრედიტო ხელშეკრულებები გაფორმდა - "ბეტა მაქსი", "აქსისი", "ტიფლის დეველოპმენტი" და "ფროფერთი ინვესტი".

მისი განცხადებით, ამ 4 კომპანიიდან გენერალური ხელშეკრულება მხოლოდ "ბეტა მაქსთან" არსებობდა, თუმცა გენერალური ხელშეკრულება არანაირ ვალდებულებას არ წარმოადგენს ბანკისთვის, რომ მან კრედიტი პირობების გარეშე გასცეს.

ამასთან, ჯავახიშვილის განმარტებით, ბანკს კრედიტების გაცემის რესურსი არ გააჩნია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა