გასულ კვირას "ყველა სიახლეში" დაბეჭდილი მასალის (იხ. "ყველა სიახლე" # 31, "ბოსტანი მთავრობის სახლის წინ") შემდეგ ქუთაისში, მშენებარე პარლამენტის გვერდით, მთავრობის სახლისა და კონტროლის პალატის წინ, მუშების მიერ გაშენებული ბოსტანი ხელისუფლებას თვალში არ მოუვიდა და რამდენიმე თვის წინ დარგული პომიდორი და წიწაკა მუშებსვე ამოათხრევინეს. ამ ამბავს მუშების ნაწილი - უკმაყოფილებით, ნაწილი კი იუმორით შეხვდა. თუმცა, კითხვაზე - ვისი დავალებით ამოთხარეს დარგული მცენარეები - არ გვიპასუხეს.
"თავიდანვე ხუმრობა-ხუმრობით დავრგეთ, ვიცოდით, რომ არ მოეწონებოდათ, ან რა მოსაწონია, მთავრობის ფანჯრებიდან პომიდორი და წიწაკა რომ ჩანდეს? თუმცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ეს თემა აიტაცეთ, მოვიდნენ და გვითხრეს, საღამოს ეს ბოსტანი აქ აღარ იყოსო და მოვთხარეთ კიდეც, მართლა ამ ბოსტანზე კი არ ვიყავით დამოკიდებული!" - ამბობენ მუშები.
"რა მოხდებოდა, ეს ბოსტანი დროებით მაინც ყოფილიყო? ბიჭები მონდომებით ვუვლიდით და ცოტაც ეცლიათ, მოისხამდა და თვითონვე მოვთხრიდით. ნეტა მთავრობის სახლის გვერდით ბოსტნის გაშენებაზე ცუდი არაფერი კეთდებოდეს ქვეყანაში და ბოსტნის განადგურებას როგორმე ავიტანდით", - განაცხადა ერთ-ერთმა მუშამ, რომელმაც გასაგები მიზეზის გამო ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა.
შევეცადეთ, ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებისგან შეგვეტყო, ვისი დავალებით ამოთხარეს მცენარეები და ამის გამო რამე საჯარიმო სანქცია ხომ არ განხორციელებულა. ამისათვის კი ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროს ლევან ჭანჭალეიშვილს დავუკავშირდით.
- ბატონო ლევან, რამდენიმე დღის წინ ჩვენთან საუბრისას აღნიშნეთ, რომ მთავრობის სახლის წინ ბოსტნის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ გქონდათ, თუმცა შემდეგ მუშებს მოსთხოვეს, რომ ბოსტნიდან მცენარეები ამოეძირკვათ. ეს თქვენი დავალება ხომ არ იყო?
- ვიმეორებ, მაგ ბოსტნის შესახებ არაფერი ვიცი. ჩვენ არ გაგვიცია ბრძანება, რომ ბოსტანში მცენარეები ამოეთხარათ.
P.S. ქუთაისში, მთავრობის სახლის წინ ბოსტნის "დემონტაჟის" შედეგად გათავისუფლებულ მიწის ნაკვეთზე რამდენიმე დღეში მწვანე საფარი დაიგება.
სტატია: "ბოსტნის "დემონტაჟი" ქუთაისში"
ირაკლი ვაჩიბერაძე, ქუთაისიდან
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)