დავით ბეგიაშვილი: "უდესიანი ჯერ დამემუქრა, მერე მაყუჩიანი იარაღი ამოიღო და გადატენა..."

დავით ბეგიაშვილი: "უდესიანი ჯერ დამემუქრა, მერე მაყუჩიანი იარაღი ამოიღო და გადატენა..."

"საქართველოში ბიზნესს სახელისუფლებო ბიზნესსტრუქტურები აკეთებენ, ქვეყანაში ბიზნესტერორია და რანაირად არის საქართველო ბიზნესის კეთებით მოწინავე ქვეყანა?" - გვითხრა ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმა, რომელიც დღეს შვეიცარიაში პოლიტდევნილის სტატუსით ცხოვრობს:

- 2011 წლის 23 მაისს (ამ დროს ბურჯანაძე მართავდა მიტინგებს თბილისში) გამოვედი ჩემი ერთ-ერთი მაღაზიიდან - "ალბატროსი", რომელიც ჭავჭავაძის პროსპექტზე მდებარეობს და ფეხით გავაგრძელე გზა. მოულოდნელად თავს დამესხნენ სამოქალაქო პირები, რომელთაც არც განმარტება მომცეს, არც საბუთები წარმომიდგინეს და მანქანაში ჩამტენეს. ჯერ საფინანსო პოლიციაში წამიყვანეს, მერე თავი ამომაყოფინეს კუდ-ში, მოდულის შენობაში. ბიზნესმენთან საფინანსო პოლიციას შეიძლება კითხვა ჰქონოდა, მაგრამ მოდულის შენობასთან რომ მიმიყვანეს, ვიკითხე, აქ რა მინდა-მეთქი. თქვენთან ერთ-ერთ მაღალჩინოსანს უნდა გასაუბრებაო. სოსო თოფურიძის ოთახში შემიყვანეს. იქ გიორგი უდესიანი დამხვდა. კამუფლაჟში იყო ჩაცმული და ვიფიქრე, ალბათ, აქ მუშაობს და უფლება აქვს, კითხვები დამისვას-მეთქი.

უდესიანი თოფურიძის სავარძელში ჩაჯდა და მითხრა, ხელისუფლებაში კარგი თვალით არ გიყურებენ, ქონების გამო პრობლემები გაქვს ხელისუფლებასთანო. რა ქონებასა და პრობლემებზე მელაპარაკებით-მეთქი? რაღაცას მიედ-მოედებოდა. ისიც კი თქვა, რომ ოპოზიციასთან მაქვს კავშირი. უნდოდა, გავლენის ქვეშ მოვექციე. ვუთხარი, აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ, არც ბურჯანაძეს ვიცნობ და არც რომელიმე ოპოზიციონერს-მეთქი. მაინც განაგრძო, ხომ იცი, ეგენი რუსეთის ხალხია, რუსები მართავენო. არც ვიცი და არც მაინტერესებს-მეთქი. მერე მუქარა დაიწყო, მაყუჩიანი იარაღი ამოიღო და გადატენა. ძალიან გაურკვევლად მელაპარაკა. მითხრა, შენს ძმასაც პრობლემები აქვს ხელისუფლებასთანო. კარგის მეტი არავისთვის არაფერი გამიკეთებია და დაშავება ხომ გამორიცხულია, თუ რამე პრობლემაა, პირდაპირ მითხარით-მეთქი. უდესიანმა ამის მერე კეთილი ადამიანის როლის თამაში დაიწყო. მამის სული იფიცა, შენ აქ არავინ შეგეხება, მაგრამ აქ უნდა დარჩე, სანამ ვითარება გაირკვევაო. ვუთხარი, ადვოკატთან დავრეკავ-მეთქი. არ გინდა, მე მოგიგვარებ ყველაფერსო. თოფურიძის კაბინეტს მოსასვენებელი ოთახი ჰქონდა და იქ სამი ღამე მეძინა (!). ჩემთან ერთად იყო ერთი კუდ-ის თანამშრომელი, რომელიც თოფურიძის თანაშემწედ გამეცნო. წუთითაც არ მცილდებოდა, საჭმელი მოჰქონდა.

- თოფურიძე არ გინახავთ იმ სამ დღეში?

- მნახა თავის კაბინეტში. მითხრა, ყველაფერი მოგვარდებაო და წავიდა. უდესიანთან საუბრის მერე, ღამით მოვიდა საფინანსო პოლიციის გამომძიებელი და ბრალდების ფურცელი მომიტანა. წავიკითხე და ისეთი აბსურდი ეწერა, გამეცინა. პროკურატურა მედავებოდა, თითქოს 17 წლის წინ თაღლითური გზით შევიძინე ქონება სახელმწიფოსგან (ფართი ჭავჭავაძის ქუჩაზე). არადა, ეს ქონება 1995 წელს ყველა პირობების დაცვით ვიყიდე ქონების მართვის სამინისტროსგან იმ ფასად, რაც გამოცხადდა და საკუთრების მოწმობაც მქონდა.

ამ ბრალდებაზე გამეცინა, ცოტა მეტი ინტელექტი გამოგემჟღავნებინათ და რამე უკეთესი მოგეფიქრებინათ-მეთქი. ეს იმდენად სასაცილო ბრალდება იყო, მეგონა, ვინმე გონიერი გაერკვეოდა საქმეში და მალე დასრულდებოდა ეს გაუგებრობა. გამომძიებელმა მითხრა, არ შეიძლება თქვენი აქ ყოფნა. მოდულის დროებითი დაკავების იზოლატორში უნდა ჩაგიყვანოთო. ჩამიყვანეს. ღამის სამი საათი იქნებოდა. ამასობაში ექიმიც მოვიდა და დამათვალიერა. დაახლოებით 1 საათი დავყავი იქ და ისევ ამაბრუნეს თოფურიძის ოთახში. იქ ისევ უდესიანი დამხვდა. უჩემოდ ვინ ჩაგიყვანა იზოლატორში, ეს როგორ გაგიბედესო? კარგ ტიპს თამაშობდა. თან ცინიკურად მეხუმრა, მამაკაცმა ერთხელ მაინც უნდა გამოცადოს ციხე, არა უშავს, ხვალ დილით გაგათავისუფლებენო. პასუხისმგებელი პირები, ვისაც ამ საკითხის გადაწყვეტა ეხება, აქ არ არიანო. იგივე გაგრძელდა მეორე დღესაც. არავინ გამოჩენილა, ისევ თოფურიძის ოთახში ვიყავი მის თანაშემწესთან ერთად. შევწუხდი, ჩემ გამო აქ ღამეს ათევთ-მეთქი. აქ იმდენი ვინმე ყოფილა, მიჩვეული ვარო. საღამოს მოვიდა უდესიანი და ხვალ გიშვებთო. ბრალი რომ წამიყენეს-მეთქი? ფეხებზე დაიკიდე, როგორც მოიტანეს, ისე წაიღებენო. როცა ოთახში მძევლად ვიყავი, ლადო ვარძელაშვილი შემოვიდა. არ ვიცი, ამას დაადასტურებს თუ არა...

მესამე დღეს, დილის 7 საათზე, ისევ საფინანსო პოლიციის გამომძიებელი მოვიდა და მითხრა, სასამართლოში წავიდეთ, გათავისუფლებთო. საქალაქო სასამართლოში წამიყვანეს. მოიყვანეს ნამძინარევი მოსამართლე და მდივანი. მოვიდა პროკურატურის თანამშრომელიც. სტაჟიორი ვარო, გამოაცხადა და წაიკითხა, რომ ბრალი მედებოდა 17 წლის წინ ქონების შეძენისას ჩადენილ თაღლითობაში და გამოძიების დასრულებამდე მოითხოვა გირაო 100 ათასი და არა დაპატიმრება. უდანაშაულო ვარ, რა გირაოზეა ლაპარაკი, გაუგებრობაა-მეთქი. მოსამართლემ დაამთქნარა და გამოაცხადა, ვეთანხმები პროკურატურის შუამდგომლობასო. მოკლედ, დარბაზიდან გამიშვეს იმ ვალდებულებით, რომ 100-ათასიანი გირაო 10 დღეში გადამეხადა.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა