ბეთქილ შუკვანი საერთაშორისო სასამართლოში ჩივილს აპირებს

ბეთქილ შუკვანი საერთაშორისო სასამართლოში ჩივილს აპირებს

ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ლონდონში დაბრუნდა და საერთაშორისო სასამართლოში ჩივილს აპირებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბეთქილ შუკვანმა აცნობა და შესაბამისი განცხადებაც მოგვაწოდა. ბეთქილ შუკვანის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"სამწუხაროდ, არაჯანსაღმა ქართულმა პოლიტიკამ სპორტშიც შეაღწია. მე მისი ერთ-ერთი მსხვერპლი ვარ. საზოგადოებამ კარგად იცის ლონდონის ოლიმპიადის მსვლელობისას ჩემს თავს გადახდენილი ისტორია. თუმცა, ის უმსგავსობა, რაც დღეს ქართულ სპორტში ტრიალებს, მხოლოდ ჩემი ამბით არ შემოიფარგლება. მე ახლა კვლავ ვიმყოფები ლონდონში, გავდივარ იურიდიულ კონსულტაციებს და ვაპირებ, საერთაშორისო სასამართლოს მივმართო. მე ბოლომდე ვიბრძოლებ სიმართლისთვის, გამოვააშკარავებ იმ მძიმე რეალობას, რაც დღეს ქართულ სპორტში არსებობს და ქართულ საზოგადოებას დროულად შევატყობინებ პროცესის მსვლელობის შესახებ", - აღნიშნულია ბეთქილ შუკვანის განცხადებაში.

ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ლონდონის ოლიმპიადიდან საქართველოში დროზე ადრე დაბრუნდა. მან 2 აგვისტოს "ქართული ოცნების" ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ოლიმპიური სოფლიდან საქართველოში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საფრთხე იგრძნო და ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქართული დელეგაციის წევრმა, გია უდესიანმა მასთან შეხვედრა გადაწყვიტა.

"მირჩიეს, რომ არ შევხვედროდი და ამიტომ გამოვერიდე იქაურობას. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ცხოვრობს ხორვატიაში და მას ვთხოვე დახმარება ბილეთის აღებაში. მან დამიჯავშნა ბილეთი, მითხრა მისამართი სად უნდა მივსულიყავი და წამოვედი", - განაცხადა შუკვანმა.

შუკვანის თქმით, პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ოლიმპიადაზე მე მივდიოდი, არ შეეძლოთ რაიმე შეეცვალათ და სხვა წაეყვანათ. 22 ივლისს შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, გადავიღე მასთან სურათები და ვუთხარი, რომ ვდგავარ თქვენს გვერდით, დიდი სიმპათიები მაქვს თქვენი და ვარ ქართველ ერთან ერთად მეთქი", - განაცხადა ძიუდოისტმა 2 აგვისტოს.

შუკვანის ცნობით, აეროპორტში, ოლიმპიადაზე გამგზავრებისას, ქართული დელეგაციის წევრებმა მას უცენზურო სიტყვებით მიმართეს.

"ფსიქოლოგიურად მომშალეს. ვეცადე, რომ ფსიქოლოგიურად მაგრად ვყოფილიყავი. გამომივიდა კიდეც და კარგ ფორმაში ვიყავი", - განაცხადა შუკვანმა.

ძიუდოისტმა ოლიმპიადაზე ასპარეზობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 12 წელი სპორტშია და მსგავსი მსაჯობა არ ახსოვს. შუკვანის თქმით, მან არაობიექტურ მსაჯობაზე რეაგირებისთვის მიმართა სპორტის მინისტრ ლადო ვარძელაშვილს, თუმცა მან პასუხი საერთოდ არ გასცა.

საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით 2 აგვისტოსვე განაცხადა, რომ ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის ბრალდებები უსაფუძვლოა.

ასევე იხილეთ: სკანდალი ოლიმპიურ გუნდში: ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ლონდონიდან გამოიქცა

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"