"იმ ბიჭებს მივმართავ, ოლიმპიურ ჩემპიონებს, რომლებიც ლონდონში გამართულ ოლიმპიადაშიც მონაწილეობდნენ - თქვენ ხომ თქვენი ღირსება და ვაჟკაცობა გაგაჩნიათ, ნუ ენდობით და ნუ დაუჯერებთ ამ ყველაფერზე წამსვლელ ხელისუფლებას. მათ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სჭირდებით და საკუთარი აზრი და პოზიცია უნდა გქონდეთ", - მიმართავს ვეტერანი ძიუდოისტი და მწვრთნელი შოთა ხაბარელი იმ სპორტსმენებს, რომელთაც სპორტის ისტორიაში პირველად, ოლიმპიადაში მონაწილეობის საშუალება კიდევ ერთხელ მისცეს. მისი თქმით, ხელისუფლება მათი გულის მოგებას ცდილობს, რადგან ახლა მათი მხარდაჭერა სჭირდება. ვის და რას უკავშირდება ლონდონის ოლიმპიადაში მონაწილე ქართველი გულშემატკივრების იმედგაცრუება, ამის შესახებ სპორტიდან პოლიტიკაში წასული შოთა ხაბარელი გვესაუბრება.
- ბატონო შოთა, ამ ოლიმპიადის შედეგებით ქართული გულშემატკივარი ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული დარჩა...
- დიახ, ვიცი, ეს ბიჭების ბრალი არ არის. სპორტსმენები ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ. შეჯიბრი მხოლოდ ფიზიკური მომზადება კი არა, ნერვების გამოცდაა. სპორტსმენს რომ მთელი გზა ემუქრები და უკაცრავად და, ყველას წინაშე ეკაჩავები, - "ქართული ოცნებისკენ" არ გაიხედო, თორემ ყველაფერი ცუდად დამთავრდებაო, - ასეთი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების შემდეგ, სპორტსმენს წარმატების ნაკლები შანსი აქვს, რადგან მორალურად დათრგუნულია. ნორმალურ ქვეყანაში სპორტში მოღვაწე ადამიანები მხოლოდ თავიანთი საქმით უნდა იყვნენ დაკავებული, რათა ქვეყნის სახელი ღირსეულად წარმოაჩინონ, მაგრამ ჩვენთან მათ, ვინც სააკაშვილის რეჟიმს არ უჭერს მხარს, მუდმივი ზეწოლის ქვეშ უწევთ ყოფნა.
არ მინდა ლონდონის ოლიმპიადის დეტალებს ჩავუღრმავდე, მაგრამ მწვრთნელმა, პიტერ ზაიზენბახერმა, მოსამზადებელი პერიოდი არასწორად დაგეგმა, სპორტსმენების ფიზიკური მომზადების კურსში უხეში შეცდომები დაუშვა, გუნდის წევრები ზედმეტად დატვირთა და ხანგრძლივი მოგზაურობითა და არაფრისმომცემ ტურნირებზე გამოსვლით გადაღალა. ეს არის როგორც მწვრთნელის, ისე ოლიმპიური კომიტეტის, ფედერაციისა და სამინისტროს პასუხისმგებლობა. არ ვიცი, პიტერ ზაიზენბახერს ურეკავდა თუ არა ვინმე და ახდენდნენ თუ არა მასზე პოლიტიკურ ზეგავლენას, მაგრამ ერთი წლის წინ თავად მწვრთნელის მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შევაფასეთ. თუმცა არაფერი შეცვლილა და მივიღეთ კიდეც ლოგიკური შედეგი... ასე რომ, წარუმატებლობის ბევრი მიზეზი შეიძლება დასახელდეს, მაგრამ აწი რაღა დროსია.
35 წელია სპორტში ვმოღვაწეობ და ასეთი რამ, სპორტსმენების პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება, მათი საქმისა და პროფესიონალიზმის უპატივცემულობა, კომუნისტების დროსაც კი არ მახსოვს. 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ქვეყანაში შიდა არეულობა დაიწყო და ქართველი საზოგადოება მხარეებად დაიყო, სპორტსმენებმა ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება შევინარჩუნეთ.
- ახლა რატომ ვერ მოხერხდა სპორტისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა?
- იმიტომ, რომ 2004 წლიდან "ნაციონალებმა" ყველაფრის პოლიტიზება განიზრახეს და დღემდე ამ პრინციპით მუშაობენ. მათთვის სპორტი არაფერს ნიშნავს, მთავარია, სკამები შეინარჩუნონ. საპასუხისმგებლო თანამდებობზე სპორტსმენები კი არა, ნაციონალები დაინიშნენ, რომელთაც სპორტის არაფერი გაეგებათ. ამიტომაც თითზე ჩამოსათვლელი დაგვრჩა კარგი სპორტსმენები. ვინც მართლა ღირსეულია, ამ ხელისუფლებას განუდგა, ვინც არა, უბრალოდ საქმე არ იცის. ფსიქოლოგიური სტრესის გარდა, ჩვენი ბიჭების წაგების მიზეზი არაკვალიფიციურობაც გახდა. ვერაფრით დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ბიჭებს მეტი არ შეეძლოთ, საერთაშორისო ტურნირებში თავი ძალიან კარგად წარმოაჩინეს. ახლა, მუქარისა და წნეხის გარდა, დიდი წილი მწვრთნელების ბრალიც არის. ამ ბიჭებმა გააპროტესტეს მწვრთნელის მოსამზადებელი გეგმა, მაგრამ მათ არ დაუჯერეს, - თქვენი საქმე ვარჯიშია, ვისაც არ უნდა, წავიდეს სახლშიო... სხვა რა გზა ჰქონდათ. ხედავთ, სადამდე მიგვიყვანა ამათმა თავაშვებულობამ და თავდაჯერებულობამ? ვარძელაშვილი წყვეტს სპორტში მნიშვნელოვან საკითხებს, კაცი, რომელსაც სპორტზე წარმოდგენაც არ აქვს. როგორ უნდა წარმოადგენდეს ავტორიტეტს ვარძელაშვილი სპორტსმენებისთვის, მან შუკვანზე თქვა, მაღაზიაში რაღაც მოიპარა, მაგრამ მაშინ შემეცოდა და ხელი დავაფარეო, როცა დასჭირდა, წამოაძახა. ეს არის უღირსი ადამიანის საქციელი, - ჯერ ერთი, ვერ დავიჯერებ, რომ შუკვანი ამის გამკეთებელია, მაგრამ თუ მართლა ასე მოიქცა, დამნაშავე ყოფილა და რატომ დააფარა ხელი? მაგრამ ვინ უყურებს ახლა ამას, მთავარია, ხელისუფლების ინტერესებს იცავს. გაოგნებული ვარ, ამ პატარა ბიჭებს ასეთი საძაგლობების თქმა და გაკეთება როგორ შეუძლიათ?..
- ოლიმპიადის გარშემო ატეხილ სკანდალში გია უდესიანიც იყო ნახსენები, რომელიც ყოფილი სპორტსმენია...
- ვინ ნახა ამ კაცის სპორტსმენობა? უდესიანი არის "ფუნქციონერი", მაგრამ ნაციონალების მარჯვენა ხელია და მზად არის საკუთარ კეთილდღეობას შესწიროს ყველაფერი, მათ შორის ქართული სპორტიც. არ შეიძლება, ასეთი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი წამყვანი ფიგურა იყოს. გული მწყდება იმ ბიჭებზე, რომლებიც ამ ხელისუფლებამ ზონდერებად აქცია და თავიანთი ბინძური საქმის შესასრულებლად იყენებენ. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და თავიანთი საქციელის შერცხვებათ. რა ფულად და პირად კეთილდღეობად უნდა ღირდეს შენი ხალხის წინააღმდეგ წასვლა. მთელი ცხოვრება ვიღაცის დავალების შემსრულებელი ვერ იქნები, მით უმეტეს მაშინ, როცა ასეთ საქმეს ემსახურები. შენი პირადი აზრი ხომ უნდა გქონდეს ადამიანს?.. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხელისუფლებამ ძალზე უგუნური გადაწყვეტილება მიიღო და სპორტის აკადემია გააუქმა, ვთქვი, რომ ქართული სპორტის ნგრევა იწყებოდა. ამიტომაც ამითვალწუნეს. თანამდებობიდან ჩემს გათავისუფლებას წინ უძღოდა სპორტის აკადემიის დახურვასთან დაკავშირებული კრიტიკული გამოსვლა - არანორმალური იდეის ავტორებს შევეწინააღმდეგე, საქართველო სპორტული ტრადიციების ქვეყანაა - 33 ოლიმპიური, 100-ზე მეტი მსოფლიო და ვერ დავთვლი, იმდენი ევროპის ჩემპიონი გვყავს და აკადემია, რომელიც ყველა ამ წარმატების საწინდარია, არ უნდა გაუქმდეს-მეთქი. ხელისუფლებისთვის ჩემი კრიტიკული აზრი მიუღებელი იყო და დამსაჯა - მწვრთნელობიდან გამათავისუფლა...
ჩემი პროგნოზი გამართლდა, ახლა სპორტი სულს ღაფავს. ჯერ კიდევ მაშინდელი ინერციით მოვდივართ, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა და არაფერი შეიცვალა, ცუდ შედეგს მივიღებთ. იმედი მაქვს, მათი შავბნელი მმართველობა და საქმეები, რომელიც როგორც სპორტში, ისე ყველა სფეროში აკეთეს, ოქტომბერში წარსულს ჩაჰბარდება.
- ანუ ოქტომბერში გამარჯვებას ელოდებით?
- ჩვენ უკვე გამარჯვებული ვართ, მაგრამ მხოლოდ ჩვენ, "ქართული ოცნება" კი არა, მთელი საქართველო. იმაზე მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს ამ ხელისუფლებას, ვიდრე თავად წარმოუდგენიათ. თუკი ვინმეს რამის კეთება შეეძლო ქართული სპორტის აღორძინებისთვის, ყველა ერთად ვართ და ვის ებრძვიან ეს მართლა პატარა ლაწირაკები, - მე, შოთა ხაბარელს, ლერი ხაბელოვს, ზურაბ ზვიადაურს, მურთაზ ხურცილავას? რომელი ერთი დავასახელო... ჩვენი ქვეყნის დიდებისთვის თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ, ამათსავით ფულზე კი არ გაგვიყიდია ღირსება...
იცით რა ხდება სპორტულ სამყაროში? - მშობლები მიხვდნენ, რომ მათი შვილების სპორტული აღზრდა ან საერთოდ არ ხდებოდა, ან არასწორად მიმდინარეობდა და ბოლო წლებში სპორტულ წრეებში ბავშვების მიყვანა რადიკალურად შემცირდა. ამის მიზეზი კი კვალიფიციური კადრების სიმცირეა. სპორტსმენებმა, რომლებმაც ამ საქმეში თავიანთი სიტყვა თქვეს, აწი მომავალი თაობის სპორტულ აღზრდაზე უნდა იზრუნონ, მაგრამ იმის გამო, რომ ხელისუფლებას ტაში არ დაუკრეს, საყვარელ საქმეს ჩამოაცილეს და სახლში გაუშვეს, ზოგსაც ქვეყნიდან წასვლა აიძულეს.
- პოლიტიკაში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?
- არ შემიძლია ჩემი ქვეყნის ნგრევის პროცესს შორიდან ვუყურო და არ შევაჩერო. მთელი ჩემი ცხოვრება ქართულ სპორტს შევალიე და ნერვიც არ აუტოკდებათ, ისე შეუძლიათ ტალახი მესროლონ... 35 წელია, სპორტში ვარ. აქედან 19 წელი მთავარი მწვრთნელი ვიყავი, მანამდე კი - საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. ამ ხნის განმავლობაში ბევრი დიდება მოვუტანე ჩვენს ქვეყანას და დამსახურებული სპორტსმენების მიმართ ასეთი უპატივცემულობა და ცუდი დამოკიდებულება არასოდეს მინახავს. საბჭოთა წყობასა და კომუნისტებს ნამდვილად არ მივტირი, მაგრამ პატივისცემას ჩინოვნიკებისგან ყოველთვის ვგრძნობდით. ახლა კი, თუ ხელისუფლებას ტაშს არ დაუკრავ, შენს დამსახურებას მნიშვნელობა არ აქვს, გადაგთელავენ. ამ სიტუაციაში მხოლოდ მე არ ვარ. კახი კალაძე ლამის მსოფლიო დონის მაფიოზად აღიარონ, მაგრამ არა უშავს, ცოტასაც მოვითმენთ. "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად თითქმის მთელი საქართველო მოვიარე და მივხვდი, რომ ხელისუფლების მხარდამჭერთა რიგები თანდათან თხელდება. ძალიან დიდი ზეწოლა იყო აჭარის რეგიონზე, მაგრამ ლამის მთელი აჭარა გამოვიდა, ხალხი რამდენიმე საათი თავსხმა წვიმაში იდგა და გვეხვეწებოდა, - თქვენი ჭირიმე, გვიშველეთო...
- თუმცა არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ ხელისუფლებასაც ჰყავს მხარდამჭერები, განსაკუთრებით რეგიონებში...
- დიახ, ე.წ. მკოცნელი ბებოები, რომელთაც სააკაშვილს ხასიათზე მოსაყვანად ახვედრებენ რეგიონებში... არასდროს ვიკადრებ, ვიღაცას ხელაღებით შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ყველამ იცის, რომ ისინი ძალიან ცოტანი არიან. იცით რამდენმა ადამიანმა, მათ შორის სპორტსმენმა მითხრა, ჩუმად ვარ, მაგრამ გულით თქვენთან ვარ და ოქტომბრის არჩევნებს მოუთმენლად ველოდებიო?.. ხელისუფლებამ იცის ეს და ამიტომაც იბრძვის ყველა გზით ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მე არ ვიქადნები, ღმერთმა დამიფაროს, ამათსავით არაადეკვატური და დაბოღმილი ვიყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მათი ბოლო გაბრძოლებაა. ისე იქცევიან ბოლო დროს, ისეთი მექანიზმებით ცდილობენ ხალხის გაჩუმებას და დაშინებას, რომ ჩვენ რომც გავჩუმდეთ, საზოგადოება აღარ მოითმენს.
ლალი პაპასკირი
(გამოდის ორშაბათობით)