კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს დღეს, ბათუმში ირაკლი ალასანიას შესახებაც ჰკითხეს, კერძოდ - ხომ არ ამზადებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს კოალიცია საპრეზიდენტო კანდიდატად.
როგორც ივანიშვილმა კითხვის პასუხად განაცხადა, ალასანია პრინციპული და გამოცდილი პოლიტიკოსია და შესაძლოა, მომავალში საქართველოში უმაღლეს პოსტზე დაინიშნოს.
"ირაკლი ალასანია არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი. მას კარგად იცნობენ ამერიკაში. ძალიან პრინციპული და საინტერესო პიროვნებაა. შესაბამისად, სიამოვნებით გავიმეორებ, რომ ირაკლი ალასანია მომავალში შეიძლება ვიხილოთ უმაღლეს პოსტზე საქართველოში", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანია ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად გუშინ წარადგინა.
დღეს კი, ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ხულოში კოალიციის კანდიდატი იქნება ამირან მამულაძე; შუახევში - ჯემალ ფუტკარაძე; ქედაში - ნოდარ ძნელაძე; ხელვაჩაურში - თემურ კახიძე; ქობულეთში - ანზორ თხილაიშვილი; ბათუმში - აკაკი ძნელაძე.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.
იხილეთ ვიდეო: ალასანია მომავალში შეიძლება, ვიხილოთ უმაღლეს პოსტზე საქართველოში - ბიძინა ივანიშვილი