ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა გიგა ლიპარტელიანმა გამოსცა წიგნი სათაურით: "სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს", სადაც ის ბიძინა ივანიშვილზე წერს. ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გიგა ლიპარტელიანის გამოსვლამ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია და სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", გიგა ლიპარტელიანის გამო, გვარი ლიპარტელიანი მეტად უსიამოვნო კონტექსტში მოიხსენია მრავალმა მომხმარებელმა... გვესაუბრება ვეტერანი მორაგბე, საბჭოთა კავშირის 1977 წლის ვერცხლის მედლის პრიზიორი ნოდარ ლიპარტელიანი:
- ჩვენი გვარის კაცმა, გიგა ლიპარტელიანმა, გამოსცა წიგნი ბიძინა ივანიშვილის ვითომ კრიმინალური წარსულის შესახებ. ამის შემდეგ კი "მაესტროს" ეთერში სამარცხვინოდ გამოვიდა. ეს ჩვენს გვარს არ ეკადრება. ამიტომაც გადავწყვიტე, ქართველ ხალხს ვუთხრა სიმართლე, რომ გიგა არ არის ლიპარტელიანი და მისი ნამდვილი გვარი ფოცხიშვილია. ის გრიშა ლიპარტელიანმა, კეთილშობილმა და მშრომელმა ადამიანმა გაზარდა და დასანანია, რომ მისგან კაცობა და სიკეთე ვერ ისწავლა. როცა გიგა 18 წლის გახდა, საკუთარი გვარი ფოცხიშვილი, ლიპარტელიანად ოფიციალურად გადაიკეთა. ეტყობა, მოეწონა. ფოცხიშვილის გვარის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მათ შორის ბევრია დიდებული პიროვნება, უბრალოდ, სჯობს, ამ ადამიანმა ცუდი საქმეები საკუთარი გვარითა და სახელით აკეთოს. მერე, ალბათ, თავისი მოგვარეები გასცემენ საკადრის პასუხს.
- რას ითხოვთ მისგან?
- მე, ნოდარ ლიპარტელიანი, მივმართავ გიგას: გიგა, შენ არ ხარ ლიპარტელიანი, შენ ხარ ფოცხიშვილი და ჩვენ, ლიპარტელიანები, დაგეხმარებით ნამდვილი გვარის დაბრუნებაში. შენ არ იმსახურებ იმ კეთილშობილი კაცის, შენი მამობილის, გრიშა ლიპარტელიანის სიკეთით ბოძებული გვარის ტარებას. შენ, ჩემს გვარს ამოფარებულმა, გინდა, ცუდი საქმეების კეთებით იშოვო ფული, მაგრამ არ გამოგივა... ფულის შოვნას შრომა უნდა და არა ინტრიგანობა. ხომ იცი, კარგად გიცნობ და ვიცი, ვინც ხარ. ჩვენს გვარს შენი საქციელით ჩირქი მოსცხე, რასაც ლიპარტელიანები არ გაპატიებთ! - აი, ეს მინდოდა მეთქვა მისთვის.
გიგამ ყველა ლიპარტელიანს საქვეყნოდ ბოდიში უნდა მოუხადოს, შემდეგ მიმართოს საჯარო რეესტრს და იცის, რაც უნდა გააკეთოს. ამისთვის მას დროს მივცემთ ლიპარტელიანები. არც გაბედოს პასუხის გაცემა, როგორც მას სჩვევია ხოლმე, თორემ ვეჭვობ, რეესტრამდე მისვლასაც ვერ შეძლებს, ისე არიან მასზე გაბრაზებული ლიპარტელიანები.
- მასთან შეხვედრა და დალაპარაკება არ სცადეთ?
- სვანები ტრადიციებისა და წესების მიმდევარი ხალხი ვართ. რამდენჯერმე ვცადე დავკავშირებოდი და ვერ შევძელი. სხვა ლიპარტელიანებსაც სურდათ, შეხვედროდნენ მაგრამ ვერ მოახერხეს. ვიდრე "ყველა სიახლის" რედაქციას დავუკავშირდებოდი, გიგას მამობილის, გრიშა ლიპარტელიანის ძმისშვილს, როინ ლიპარტელიანს დავეკითხე, ხომ არ გამიბრაზდები, პრესის მეშვეობით რომ მივმართო გიგას-მეთქი? მხოლოდ მაშინ მოვედი თქვენთან, როცა მისგან მივიღე ნებართვა. ასეთი ხალხი ვართ ჩვენ, ლიპარტელიანები, ერთმანეთს პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით.
- როგორც ჩანს, თქვენ გიგა ლიპარტელიანის წიგნში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოქვეყნებულმა ბრალდებებმა უფრო გაგაბრაზათ.
- დიახ, სწორედ ივანიშვილის გამო გავბრაზდი. ისეთ პიროვნებას, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, გიგასნაირმა კაცმა მსგავსი რამ არ უნდა აკადროს. ვეტერანი მორაგბე ვარ და რა უფლება მაქვს, ბიძინა ივანიშვილის მიმართ პატივისცემით არ ვიყო გამსჭვალული იმ სიკეთის გამო, რაც მან ქართულ რაგბის და სრულიად საქართველოს გაუკეთა?! უბრალოდ, სირცხვილია უმადურობა, უფრო ზუსტად, ყველაზე დიდი ცოდვა უმადურობაა! ეს კაცი ჩემს გვარს რომ ატარებს, სიკეთის მთესველ ადამიანს ერჩის და უკაცრავად, მაგრამ ეს ჩემი და ჩემი გვარის, ლიპარტელიანების ღირსებას ლახავს.
დარეჯან ლიპარტელიანი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)