თუ "ქართულ ოცნებას" 7 ნომერს ჩამოართმევენ, მას ძალიან სერიოზული ფინანსური და მატერიალური ზარალი მიადგება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა "ქართული ოცნების" ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ცესკო ამ გადაწყვეტილება მიიღებს, ბიუჯეტს სერიოზული მატერიალური ზარალის ანაზღაურება მოუწევს. "ძალიან სერიოზული სააგიტაციო საქმიანობაა გაწეული და მასალაა მომზადებული. მაისურები ყველა 7 ნომრით არის დაბეჭდილი, სააგიტაციო ბუკლეტები ასევე 7 ნომრით არის დაბეჭდილი. ჩვენ გვექნება სერიოზული ზარალი, ფინანსური და მატერიალური, რომელიც "ქართულ ოცნებას" მიადგება, თუ 7 ნომერს ჩამოგვართმევენ", - აღნიშნა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, იმ დღიდან, რა დღიდანაც გაჩნდა სააგიტაციო მასალა, თუ რაიმე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ცესკო-ს, მას ეს მოსაზრება უნდა გამოეხატა და "ქართული ოცნებისთვის" ეცნობებინა. "ჯერ კიდევ 27 მაისს, თბილისის მიტინგზე პირველად გაცხადდა, რომ ჩვენ გამოვიყენებდით 7 ნომერს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.