თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებულებისთვის 2 000 000-მდე ლარი გამოიყოფა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, 19 აგვისტოს დედაქალაქში მოსული უხვი ნალექისა და სეტყვის გამო, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ქალაქის ცელკეული რაიონები, დღეს თბილისის მერიაში მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, სტიქიის შედეგად ზარალი მიადგა დიდგორის რაიონში მდებარე სოფლებს: კოჯორი, კიკეთი, დიდება, წავკისი, ტაბახმელა, შინდისი და ისანი-სამგორის რაიონს, მათ შორის შემოერთებულ ტერიტორიებსაც. დაზიანდა სახლის სახურავები, ავტომობილები, სასათბურე მეურნეობები და სოფლის მეურნეობის სავარგულები.
როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისის მერიის თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ზარალის დათვლას და თითოეული ოჯახის მდგომარეობის ადგილზე შესწავლას. ამ ეტაპზე დიდგორის რაიონში აღწერილია დაზარალებული 203, ხოლო ისანი-სამგორის რაიონში 163 ოჯახი. წინასწარი მონაცემებით, ზარალის რაოდენობა ზუსტდება და ის დაახლოებით 2 000 000-მდე ლარს შეადგენს.
ამასთან, თბილისის მერის გიგი უგულავას გადაწყევტილებით, აღნიშნული თანხა გამოიყოფა მერიის სარეზერვო ფონდიდან, რათა უახლოეს მომავალში დაიწყოს დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება.
მოხდება თითოეული დაზიანებული სახლის აღდგენა და ასევე ყველა ის ოჯახი, რომელსაც სტიქიის შედეგად სოფლის მეურნეობის სავარგულები დაუზიანდა, მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას.