რუსთავში, ჟიული შარტავას მოედანზე შეკრებილმა "ქართული ოცნების" აქტივისტებმა კოალიციის სიმბოლიკიანი მაისურები "ვერ გაიყვეს".
ავტომანქანას, რომლითაც "ქართული ოცნების" ბრენდირებული მაისურები შემოიტანეს, აქციის მონაწილეებმა გზა გადაუკეტეს, რის შემდეგაც მათ თვითნებურად დაიწყეს მაისურების ამოღება ავტომანქანიდან. აღნიშნულ ქმედებას თავად "ქართული ოცნების" აქტივისტებს შორის შელაპარაკება და მცირე ინციდენტი მოჰყვა, თუმცა, დაძაბულობა მალევე განიმუხტა, რადგან ბრენდირებული მაისურები ყველასთვის საკმარისი აღმოჩნდა.
რუსთავში, შარტავას მოედანზე "ქართული ოცნების" აქციისთვის სამზადისი დასრულებულია. სცენის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ ბიძინა ივანიშვილის პირადმა დაცვამაც დაათვალიერა.
"ქართული ოცნების" აქტივისტები შარტავას მოედანზე მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით ორგანიზებულად მიიყვანეს. ამ დროისთვის აქციაში მონაწილეთა რაოდენობის გამო შარტავას გამზირზე საავტომობოლო მოძრაობა შეუძლებელია.