საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ექიმი მერაბ ჯანელიძე წარადგინა.
"დღეს აქ არის 12 ათასი ადამიანი, ეს არის აბსოლუტური რეკორდი სამტრედიის ისტორიაში. ამაზე მეტი პაციენტი ჰყავს მორჩენილი ჩვენი დეპუტატობის კანდიდატს. ის არის ძალიან მაგარი სამტრედიელი და საქართველოს ძალიან მაგარი მოსამართლე. ევროპელები და ამერიკელები თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმიტომ ჩამოდიან, რომ ერთი კაცი ნახონ - ესაა მერაბ ჯანელიძე, აკეთებს იმას, რასაც ვერ აკეთებენ ამერიკასა და ევროპაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.
მისივე განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობისთვის" დიდი პატივია, რომ მერაბ ჯანელიძე მმართველი გუნდის წინადადებას დათანხმდა. "დიდი პატივია, რომ ის დათანხმდა ჩვენს წინადადებას, წარმოგვადგენდეს სამტრედიაში, სამტრედია უკვე ქუთაისში, ახალ პარლამენტში წარმოადგინოს. თავის კარებში გოლის გამტანების ავტორებს ერთ-ერთი რაც უნდათ, პარლამენტის უკან გადატანაა. ვისაც პარლამენტის ხელახლა უკან გადატანა უნდა, სამტერდიდან შორს, მას უნდა გაიტანოს გოლი საკუთარ კარში - სამტრედიელების კარში. თუ კარში ეს მეკარეა, ამას ვერ გააკეთებენ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე განმარტებით, ყველაზე კარგად სწორედ მან იცის, რომ საქართველო ჯერ არც სინგაპურია და არც ჰონგკონგი, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს რათა ხვალინდელი დღე გუშინდელი აღარ გახდეს.
"წყვდიადში დაბრუნებაა ის მოწოდება, რომ თავზე ნაცარი დავიყაროთ და რაც მტერმა ვერ გვიქნა, ის გავაკეთოთ - ჩვენ თვითონ ჩავბარდეთ. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა, რომ არ გამოჩენილიყო სერგო ორჯონიკიძე და მისი დამქაშები. ასეთი ხალხი დღეს ხელახლა მოადგა საქართველოს. ხვალინდელი დღე გუშინდელი აღარ უნდა გახდეს. ის ხალხი, ვინც ბიუჯეტს ყოველდღიურად ამცირებდა, დღეს ხელისუფლებაში მოიწევს, ის ხალხი, ვინც კრიმინალით, ქურდებით გაავსო ქვეყანა, დღეს უკან დაბრუნებას ცდილობს, ხელისუფლებაში. 1-ელი ოქტომბერი არის მათი უკანასკნელი შანსი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ეს შანსი ვეღარ გამოიყენონ და ერთხელ და სამუდამოდ მოგვწყდნენ", - მიმართა სააკაშვილმა სამტრედიელებს.
ამ კონტექსტში მან ისიც აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ახალი ხალხის მოყვანაა და მას "ნაფტალინიდან არ იღებს". "ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ყოველთვის მოგვყავს ახალი ხალხი. ნაფტალინიდან კი არ ამოვიღებთ ხოლმე მას, ერთი და იგივეს - ასჯერ დავიწყებულს და ასჯერ რომ გამოძვრებიან ისევ ჯობოებივით, ახალი ხალხი მოგვყავს. ჩვენი ამოცანა ის კი არაა, რომ ძალაუფლება ჩევინარჩუნოთ ან მე ან რომელიმე ჩვენგანმა, გავა დრო და მთავრობები შეიცვლებიან, ეს ჩვეულებრივი პროცესია, ჩვენი ამოცანაა, ახალი სისხლი მოდიოდეს ყოველთვის საქართველოში. ამ მხრივ ჩვენი დეპუტატობის კანდიდატები განსაკუთრებული პატივია ჩვენთვის. ჩვენი ამოცანაა, ხელისუფლება უკან კი არ გადავაგოროთ შევარდნაძისტების ხელში, კორუმპირებულებისა და კრიმინალისტების ხელში, არამედ, ხელისუფლება ესტაფეტით გადავცეთ იმ წესიერ ადამიანებს, რომლებიც არასდროს აქამდე არ ყოფილან ხელისუფლებაში და მასთან ერთად ახალ თაობას, რომელიც ნამდვილად შექმნის ახალ საქართველოს და არასდროს უკან არ დაიხევს", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.