2003 წლიდან დღემდე ხელისუფლებას კრედიტის სახით 6 მილიარდი აქვს აღებული, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტყიბულის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, აქედან მაქსიმუმ, 4 მილიარდი დოლარი დაიხარჯა სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე. ივანიშვილის განცხადებით, აშენდა დაახლოებით, 17 იუსტიციის სახლი, ქუთაისის პარლამენტი, პრეზიდენტის სასახლე, გაკეთდა რამდენიმე გზა. როგორც "ქართული ოცნების" ლიდერი აცხადებს, ეს დანახარჯები 4 მილიარდზე მეტი ვერ იქნებოდა და აინტერესებს, სად წავიდა დანარჩენი 2 მილიარდი.
ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ აღებულმა ახალმა კრედიტებმა საქართველოს საგარეო ვალი 2-ჯერ გაზარდა, რაც მოსახლეობის გადასახდელია.
"რას გვამადლიან, ჩვენს მიერ ჩვენი გასასტუმრებელი ფულით აშენებულ გზებს გვამადლიან? რაიონების შიდა გზები ბევრი აშენდა, მაგრამ საეჭვოა, რომ ეს თანხებიც მიზნობრივად არის გახარჯული", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ის დაპირდა მოსახლეობას, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, აღდგება სამართლიანობა ქვეყანაში.
"ამას სჭირდება ნება და მე ეს ნება გამაჩნია. ათასობით ჩვენი მოქალაქე გამოკეტილია ციხეებში უსამართლოდ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიზნესი ზეწოლისგან გათავისუფლდება, რაც საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს. ივანიშვილის განცხადებით, სირცხვილია, როცა ქართველი დედები საზღვარგარეთ მცირე ანაზღაურების ფასად დაბალკვალიფიციურ სამუშაოს ასრულებენ.
"ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, დღეს საქართველოში სოციალური დახმარება ძირითადი შემოსავლის წყაროა და კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დასაქმება პროფესიის მიხედვით მოხდება. მისივე განცხადებით, დღეს საქართველოში პენსია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ყველაზე დაბალია.
"ევროპასთან შედარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, ჩვენ პირველი ვართ ევროპაში ბავშვების სიკვდილიანობით და არა იმით, რითაც სააკაშვილი ყელყელაობს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით უნდა დამთავრდეს სიცრუეზე, სიყალბეზე და ფასადურობაზე დაფუძნებული პოლიტიკა. ივანიშვილის განცხადებით, სააკაშვილი ბევრს საუბრობს, რომ კორუფცია აღმოიფხვრა, თუმცა საქართველოში ელიტარული კორუფცია მძვინვარებს.
"ვერავინ გაბედავს კორუფციაში ჩაერთოს ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. დღეს ერთი ჯგუფი იყოფს საქართველოს მთელ შემოსავალს. ბობოქრობს და მძვინვარებს დღეს ელიტური კორუფცია", - განაცხადა ივანიშვილმა.