საქართველოს ტერიტორიაზე იარაღით გადაადგილების უფლება არც ჩვენს და არც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა ნაჭყებიამ განუცხადა.
მისივე თქმით, თუ შსს-მ იცოდა, რომ ლიკვიდირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, ამაზე განცხადება თავიდანვე უნდა გაეკეთებინა და კატეგორიულად არ უნდა გამოერიცხა, რომ საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ.
თუმცა, ამ ეტაპზე მთავარ პრობლემად მანანა ნაჭყებიას საკმარისი ინფორმაციის არარსებობა მიაჩნია და აცხადებს, რომ შეფასებების გაკეთება რთულია.
"ყველაზე ცუდია, რომ ხელისუფლება ეტაპობრივად იძლევა ინფორმაციას და მომხდარის სრულ სურათს არ ქმნის. წარსულში ჩადენილი შეცდომებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას იმიჯის ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს. მათ მსგავს სიტუაციებში არაერთხელ დაუმალეს საზოგადოებას ინფორმაცია და ამიტომ სრულიად სამართლიანი იყო საზოგადოების მოლოდინი, რომ ხელისუფლება რაღაცას მალავდა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ უნდა გადადგილდებოდნენ შეიარაღებული პირები და მათ მიმართ შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ, ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. არავის აქვს უფლება, არც ჩვენი და არც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, შეიარაღებულებმა იარონ ჩვენს ტყეებში და თავი შეაფარონ საქართველოს ტერიტორიას", - აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ.
საქართველოს შსს-მ დაადასტურა, რომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა - 1990 წელს დაბადებული ასლან მარგოშვილი და 1986 წელს დაბადებული ბაჰაუდინ ქავთარაშვილი.
დანარჩენი 5 პირი კი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან. მათგან ერთ-ერთი - ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი დაბადებულია გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.
დანარჩენი იდენტიფიცირებულები კი არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები - ჩეჩნეთში 1968 წელს დაბადებული დუკვახა დოშუევი, ასევე ჩეჩნეთში 1991 წელს დაბადებული სალამ ზაურბეკოვი, ინგუშეთში 1989 წელს დაბადებული ხაშიევ ჯაბრაილი და გროზნოში 1981 წელს დაბადებული მუსა ადუევი.