პატარა ერთოთახიან ბინაში შავებში ჩაცმული დიასახლისი და 5 წლის გოგონა მეგებებიან ნახატით ხელში.…"ნახეთ, ეს მამაა საავადმყოფოში, ეს კი მე და დედა ვართ, აქეთ გულები დაფრინავენ და თან ტირიან. ტირიან იმიტომ, რომ მამა საავადმყოფოშია", - მიხსნის 5 წლის ლიზი ხახიშვილი, იმ ჭიათურელი ექიმის ქალიშვილი, რომლის მკველელობის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა იუჯინ პურსომ წინა ნომერში ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა.
ჭიათურელი ექიმი ალექსანდრე ხახიშვილი 28 ივლისს ინციდენტიდან ერთი თვის თავზე მძიმე ტრავმების გამო გარდაიცვალა.
ლელა ნოზაძე, ალექსანდრე ხახიშვილის მეუღლე: - 27 ივნისს დილით ჭიათურიდან დამირეკა ახლობელმა ექიმმა და მაცნობა, რომ ჩემი მეუღლე მძიმედ იყო. აპარატზე ჰყავდათ შეერთებული და თბილისში გადაჰყავდათ. თბილისში უმძიმეს მდგომარეობაში ჩავიყვანეთ, უგონოდ. ერთი თვე აპარატზე იყო შეერთებული. ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, შუბლის ძვალი ჰქონდა გატეხილი. რამდენიმე ხნის შემდეგ თითქოს უკეთ გახდა, გონზეც მოვიდა, რეფლექსებიც დაუბრუნდა, მაგრამ 28 ივლისს გარდაიცვალა, მანამდე კი მოასწრო ჩემთვის ეთქვა, ვინ ჩააგდო ამ დღეში. მან თუთარაშვილები დაასახელა. ინციდენტში მალხაზ თუთარაშვილის მთელი ოჯახი - მამა, ძმა და დეიდაშვილები მონაწილეობდნენ და კიდევ ვინმე ღავთაძე თუ ღვალაძე, რომლის გვარის გამოთქმა კარგად ვერ მოახერხა. მალხაზ თუთარაშვილი ჭიათურის "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრია.
- რა იყო ინციდენტის მიზეზი?
- ჭორი დაყარეს, თუთარაშვილი ქუჩაში ბავშვით მიდიოდა და ალეკოს უთქვამს, ბავშვს მოვეფერებიო. ამის გამო მოხდა თითქოს ჩხუბი. მაგრამ ეს ხომ აბსურდული მიზეზია. როდის იყო ამისთვის კაცს სასიკვდილოდ იმეტებდნენ? ბევრმა დაინახა და გაიგონა, რაც მოხდა, მაგრამ ისეთი შიში აქვთ, რომ ყველამ პირში წყალი ჩაიგუბა. თავად ჩემმა მეუღლემ კონფლიქტის მიზეზის თქმა ვერ მოასწრო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლეოდა. როცა ვკითხე მიზეზი, იმდენად განერვიულდა, რომ იძულებული გავხდი, საუბარი შემეწყვიტა. ამ სისასტიკეში მონაწილეთა სახელები და გვარებიც ძლივს დაასახელა, რადგან ტრაქეოსტომა ჰქონდა ჩადგმული. ჩემს მეუღლეს პირადი შუღლი თუთარაშვილებთან არ ჰქონია, არც ბიზნესით ან სამსახურებრივად ყოფილან დაკავშირებული. მხოლოდ ეგ იყო, ჩემი მეუღელე დაუფარავად გამოთქვამდა თავის ოპოზიციურ შეხედულებებს. მხოლოდ ერთი რამის გარკვევა შევძელი, - ეს არ იყო უეცრად, აღელვების ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული. ჩემს მეუღლესა და მალხაზ თუთარაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მალე თუთარაშვილი მთელი ამალით დაეწია და სასტიკად გაუსწორდა.
ამ საქმის გამოძიებასა და დამნაშავის პასუხისგებაში მიცემას ვითხოვ. თავდაპირველად თუთარაშვილი აიყვანეს, მაგრამ იმავე დღეს გამოუშვეს. რადგან ჩემი მეუღლის უმოწყალოდ ცემასა და მოგვიანებით სიკვდილს რეაგირება არ მოჰყოლია, პოლიციაში განცხადება შევიტანე. მითხრეს, საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობსო. რადგან შედეგი არ მოჰყვა ძიებას, ისევ შევიტანე განცხადება და პირდაპირ მივუთითე, რომ ჩემმა მეუღლემ სიკვდილის წინ მითხრა, ვინ მონაწილეობდა ამ დანაშაულში. დავასახელე მალხაზ თუთარაშვილი და მისი ოჯახის წევრები. მიუხედავად ამისა, თუთარაშვილი თავისუფლია.