სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მეზობელ აზერბაიჯანს "იძულების" შემთხვევაში ომით ემუქრება. სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სარგსიანმა აზერბაიჯანში რამილ საფაროვის შეწყალების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთს ომი არ სურს, თუმცა, თუ აიძულებენ, მზად არის ბრძოლისა და გამარჯვებისთვის.
რამილ საფაროვის შეწყალებას, რომელმაც სომეხი ოფიცერი გურგენ მარგარიანი მოკლა, სარგსიანმა საშინელება უწოდა და აზერბაიჯანი მისი ჰეროიზაციის გამო გააკრიტიკა.
სომხეთი აზერბაიჯანს მკვლელის შეწყალების გამო ეუთო-ს მინსკის ჯგუფშიც უჩივლებს.
აზერბაიჯანელი ოფიცერი რამილ საფაროვი 2004 წელს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების გასავლელად უნგრეთში იმყოფებოდა, სადაც სომეხი ოფიცერი გურგენ მარგარიანი ნაჯახის ჩარტყმით მოკლა. საფაროვმა განაცხადა, რომ მკვლელობის მომენტში შეურაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა. კონფლიქტი კი იმის გამო მოხდა, რომ მარგარიანმა აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა შეურაცხყო.
2012 წელს აზერბაიჯანმა საფაროვის სამშობლოში ექსტრადირებას მიაღწია, სადაც ვადამდელი გათავისუფლების უფლება მას დაპატიმრებიდან 25 წლის შემდეგ მიეცემოდა, თუმცა ბაქოში ჩასვლის დღესვე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რამილ საფაროვი შეიწყალა.