კობა ხაბაზი: "ჩემზე ბევრს ჭორაობენ, მაგრამ შეყვარებულს არასოდეს ვღალატობდი"

კობა ხაბაზი: "ჩემზე ბევრს ჭორაობენ, მაგრამ შეყვარებულს არასოდეს ვღალატობდი"

სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, არჩევნების გამო, ამ ზაფხულს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი გამორჩეული წევრი კობა ხაბაზი დასასვენებლად ვერ იცლის - სხვადასხვა კუთხეში მოსახლეობას ხვდება, თბილისში ყოფნის პერიოდში კი დილაობით, ან ფეხბურთს თამაშობს, ან - ვარჯიშობს. ბატონ კობას ზღვა ძალიან უყვარს. საკრეისერო ნავებით რბოლაში საქართველოს ჩემპიონიც გახლავთ...

- ქობულეთელებმა არ ვიცით, დასვენება რას ნიშნავს: როგორც კი ზაფხული დგება, უმალ მასპინძლები ვხდებით, რადგან ძალიან ბევრი ახლობელი გვსტუმრობს. მასპინძლობა საპატიო ფუნქციაა, მაგრამ მაგალითად, 3 წლის წინ ისე დაემთხვა, რომ ქობულეთში დაახლოებით 15 ჩემი ახლო მეგობარი ერთდროულად ჩამოვიდა. ყველაზე შოკის მომგვრელი ის იყო, რომ მათ შორის 2 ადამიანიც ვერ ვიპოვე, რომელსაც ერთნაირი სურვილი ექნებოდა: ერთს ღამის კლუბში წასვლა უნდოდა, მეორეს - მდინარეზე, მესამეს - რესტორანში, მეოთხეს - ხულოს მთების დათვალიერება და ა.შ. ის 15 დღე დილიდან საღამომდე "გადარბენებზე" ვიყავი... ზაფხულში ქობულეთელი დასასვენებლად თუ წავა, მის შესახებ იტყვიან, - ცუდი კაცია, სტუმრებს დაემალაო. ჩემთვის პირადად, ზამთარში დასვენება გაცილებით უკეთესია, ვიდრე - ზაფხულში. ვცდილობ, ზამთარში მთაში ვიყო, თხილამურებზე ვიდგე. ჩემი და თხილამურების "ურთიერთობა" ძალიან სასაცილოა: ბაკურიანში ჩემს ახლო მეგობარს - გია კოპალეიშვილს სასტუმრო აქვს. იქ ვისვენებდი, მაგრამ მაშინ თხილამურებზე არასოდეს ვმდგარვარ. მთის ძირას ვიყავი. ვხედავდი, რომ ყველა სრიალებდა: მოხუცი, ახალგაზრდა, ბავშვი, მოზარდი... თურმე მეორე დღეს საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა და ყველანი სპორტსმენები ან ყოფილი სპორტსმენები ყოფილან, მე კი ვიფიქრე, - რადგან ყველა თხილამურებით სრიალებს, ე.ი. იოლია-მეთქი, თუმცა სრიალის სურვილი არ გამჩენია. ამასობაში ნაცნობი ჟურნალისტი გოგო შემხვდა. მკითხა: - სრიალებ, კობაო? ამხელა კაცმა "არ ვიცის" თქმა ვერ ვიკადრე, გავიბღინძე და ვუპასუხე: - კი, როგორ არა-მეთქი. - კარგი, მაშინ წავიდეთ, დავეშვათო, - მითხრა. ეს "დავეშვათ" ცოტა არ მომეწონა, მაგრამ ვიფიქრე, - ყველა თუ სრიალებს, მეც დავდგები თხილამურებზე, რა იქნება-მეთქი?!. მთის წვერზე ავედით. თურმე ჟურნალისტი გოგოც სპორტსმენი ყოფილა. ჯერ ის დაეშვა, შემდეგ - მე... დავეშვი და დავეშვი: ამოვიგდე ლავიწი, დავიმტვრიე, დავიმსხვრიე... გავბრაზდი: რას ჰქვია, ვერ ვისრიალე-მეთქი?! ჟურნალისტს მივუბრუნდი: რატომ არ მითხარი, თუ თხილამურებით სრიალი რთული იყო-მეთქი? გაოგნებული თვალებით მიყურებდა. გოგო მივატოვე, ტრავმატოლოგიურში ჩავედი, ლავიწი გავისწორე და საღამოს, გადახვეული ხელით, მთის წვერიდან დაშვება მარტომ ვცადე. პირველად 5-ჯერ წავიქეცი, მეორედ - 3-ჯერ, მესამედ - ერთხელ... ახლა პროფესიონალურ დონეზე ვერ ვსრიალებ, მაგრამ რაც მთავარია, აღარ ვეცემი ხოლმე. მაგალითად, შარშან გუდაურში ვიყავი. იქ ერთი ნაცნობი მწვრთნელია, რომელიც ბავშვებს ამეცადინებდა და თან, ეტყობა, ცალი თვალით მაკვირდებოდა. ბოლოს მომიახლოვდა და გაკვირვებულმა მითხრა, - ასეთი არაფერი მინახავს: ყველაფერს არასწორად აკეთებ, მაგრამ რაც მთავარია, არ წაქცეულხარ და ისრიალე, ჯანდაბას შენი თავიო (იცინის)!

- ქობულეთელმა კაცმა ალბათ, ცურვა კარგად იცით.

- შემიძლია, საათობით ვიცურაო და არაფერი მომივა, მაგრამ "ცურვის ცოდნას" სხვა რამეს ვეძახი: ჩემს ძმას შეუძლია, ქობულეთიდან ბათუმში ცურვით ჩავიდეს. თან, ძალიან კარგად და სწორად ცურავს. მე თუ დავიღლები, შემიძლია, წყალზე "წამოვწვე", დავისვენო და მერე ისევ ცურვა განვაგრძო. გია კოპალეიშვილს მცირე საკრეისერო ნავი ჰყავს. მე და გია საკრეისერო ნავებით რბოლაში საქართველოს ჩემპიონები ვართ - შარშანწინ მოვიგეთ. ჩემპიონატი 7 ეტაპისგან შედგებოდა. 5-ში პირველი ადგილი დავიკავეთ, 2-ში - მეოთხე და მეორე... ზღვა სიგიჟემდე მიყვარს! როცა მასზე ვფიქრობ, ხშირად ბოდლერის ლექსი - "ნაოსნობა" მახსენდება, რომელშიც, თუ არ ვცდები, ეს სიტყვებია: "ზღვა მოუხმობდა მხოლოდ მცირედთ, მხოლოდ უგუნურთ". ასე რომ, გარკვეულწილად, ვისაც ზღვა ძალიან ეძახის, უგუნურია, რადგან ხშირად ზღვა ისე "იხუტებს", რომ უკან აღარ აბრუნებს.

კობა ხაბაზი - ცურვა დამოუკიდებლად ისწავლეთ?

- ქობულეთთან ახლოს, სოფელ აჭყვისთავში ვცხოვრობ. ჩემს სახლთან მდინარე ჩამოდის. სახლიდან 200 მეტრის მოშორებით, ძალიან ლამაზი ჩანჩქერია, ჩანჩქერის ძირში პატარა ტბასავითაა. კამკამა წყალია. 4 წლიდან ბავშვები დროს იქ ვატარებდით. ცურვა როდის ვისწავლე, ვერც მივხვდი. ჩანჩქერი საკმაოდ მაღალი კლდიდან ეცემა. შეჯიბრება იყო - წყალში ვინ უფრო მაღლიდან გადმოხტებოდა. მეშვიდე-მერვე კლასში ვიყავი, როცა გავრისკე და იმაზე მაღლიდან გადმოვხტი, ვიდრე ის, ვინც ჩემამდე "რეკორდი" დაამყარა. შემდეგ ერთმა მომბაძა. მერე კლდის წვერიდან ვხტებოდით. ბოლოს ასეთი ავანტიურა ჩავიდინე: კლდის თავზე ხე იყო, იმ ხეზე ავძვერი და წყალში იქიდან გადავხტი. დღემდე "რეკორდსმენად" ვითვლები. განა იმიტომ, რომ ხიდან გადმოხტომა ვერავინ გაბედა, - უბრალოდ, ის ხე მოჭრეს (იცინის).

- თქვენი ძმა პროფესიონალი მოცურავეა?

- პროფესიონალურ დონეზე ცურავს, მაგრამ შეჯიბრებებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია. ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია. 20-25 წელია, რაც ბოდიბილდინგში, ძალოსნობასა და ცურვაში ყოველდღიურად ვარჯიშობს. მაგრამ თავის გამოჩენა არ უყვარს. ზღვაზე ყოფნისას, ტანზე რომ გაიხდის, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდება ხოლმე - ანტიკური აღნაგობა აქვს. სპორტის სასახლესთან რომ ქანდაკება დგას, დაახლოებით ისეთი კუნთები აქვს "ჩაწიკწიკებული" და ყველას ყურადღებას იპყრობს, მაგრამ არ უყვარს, როცა აკვირდებიან. შეიძლება, ამ ინტერვიუს გამო მეც "შავ დღეში" ჩამაგდოს (იცინის)... როცა პლაჟზე მიაჩერდებიან, მივა და შეეკითხება ხოლმე: სანამ გავცურავ, ტანსაცმელს მიმიხედავთო? გახარებული გოგონებიც პასუხობენ: - კიო! ის კი არ იციან, დილის 11 საათზე რომ გაცურავს, მხოლოდ საღამოს გამოჩნდება სადღაც ჰორიზონტზე... დაღლილი, მზით დამწვარი, გათანგული გოგონები დაინახავენ და გაუხარდებათ. ჩემი ძმა ტანზე ჩაიცვამს, გოგონებს მადლობას გადაუხდის და წავა. ყველა გაოგნებული რჩება... ბევრჯერ კურიოზული შემთხვევა ყოფილა: დიდხანს რომ აღარ გამოჩენილა, გოგონები განერვიულებულან, მაშველები გამოუძახიათ. ადრე მაშველები მის დასახმარებლად სპეციალური კატერებით მიდიოდნენ, ახლა კი ჯერ კითხულობენ: ასეთი და ასეთი აღნაგობის ხომ არ იყოო? გოგონები რომ უდასტურებენ, მაშველები ამბობენ: აა, ეგ ჯემალ ხაბაზია; დაანებეთ თავი, არ დაიხრჩობა, წყალში თევზივითააო. იმდენჯერ მოუხდათ მის "დასახმარებლად" ზღვაში გასვლა, რომ უკვე ყველა მაშველი იცნობს (იცინის).

- საკურორტო რომანებზე რა აზრის ხართ?

- ქობულეთელებს საკურორტო რომანების მიმართ ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს. წინათ რუსი დამსვენებლები რომ ჩამოდიოდნენ, მათთან რომანებს არ აბამდნენ, ძირითადად, ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ საკურორტო რომანი კურორტზე ყოფნის პერიოდს საოცრად ალამაზებს, თუმცა სამწუხაროდ, მყარი სიყვარულით ან ოჯახის შექმნით ძალიან იშვიათად მთავრდება.

კობა ხაბაზი ვარდით- საკურორტო რომანი გქონიათ?

- არასოდეს, რადგან ყოველთვის შეყვარებული ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე საკმაოდ ბევრს ჭორაობენ, შემიძლია ვთქვა - როცა შეყვარებული მყავდა, მას არასოდეს ვღალატობდი. თუ ადამიანი გიყვარს, სხვასთან ყოფნა რატომ უნდა მოგინდეს, ვერ ვხვდები.

- განსაკუთრებული საზაფხულო თავგადასავალი გაიხსენეთ.

- ჩემი საქორწინო მოგზაურობა ყველაზე განსაკუთრებული იყო: თურქეთში ვიყავით. მანქანა ბათუმში დავტოვეთ და ფეხით ვიარეთ. ოშკი, ხახული, პარხალი, იშხანი, ოპიზა ფეხით მოვიარეთ. დილის 7 საათზე ვდგებოდით და ღამის 2 საათზე ტყეში კარავს ვშლიდით, ვიძინებდით. თაფლობის თვე არ გამოგვივიდა - ისეთი დაღლილები ვიყავით, რომ არაფრის თავი აღარ გვქონდა (იცინის). დოლისყანის ეკლესია დავათვალიერეთ. იქ მეწყერი ჩამოწვა და ცალი მხრიდან შეანგრია. შენგრეულ მიწაზე ფიცარნაგი "გადააგეს". ჯამეში ქართველი მოლა დაგვხვდა. ჩვენი მისვლა ძალიან გაუხარდა. გვითხრა: დოლისყანის ეკლესია ქრისტიანულ სალოცავებს შორის იმდენად უძველესია, რომ ჩვენთან იაპონიიდან, ამერიკიდან, კანადიდან, გერმანიიდან მეცნიერები ჩამოდიან და აქაურობას ათვალიერებენ; აქ ქართველი პირველად ვნახე, ამიტომ რაღაც უნდა გაჩვენოთო. ქვემოთ ჩაგვიყვანა, სადაც მეწყერი იყო ჩამოწოლილი. გვირაბში შეგვიყვანა. ქვემოთ ყველაფერი გაწმენდილი დაგვხვდა. ფრესკები ვნახეთ, რომელზეც მოლამ გვითხრა: გერმანიიდან რესტავრატორი ჩამოვიყვანე და საკუთარი სოფლის ხარჯებით აღვადგენინეო. წარმოიდგინეთ - მოლას რესტავრატორი ღვთისმშობლის და მაცხოვრის ფრესკების აღსადგენად ჩამოჰყავს. ეს ხომ სუფთა ქართული სულის ყივილია! სრული ბედნიერების განცდა დამეუფლა...

- მორწმუნე ხართ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც არ მიყვარს: ვამბობთ, რომ მორწმუნეები ვართ, მაგრამ - ცუდი აღმსარებლები. ზაფხულში, ზღვაზე ქალები პარეოს შემოიხვევენ და დადიან. როგორ არ გავიფიქრო, - რა ლამაზია, რა სასურველი!.. ერთხელ ზაფხულში მოძღვართან მივედი და ვუთხარი: - შემიძლია, ცოდვა არ ჩავიდინო, მაგრამ როგორ არ გავიფიქრო-მეთქი?.. მიპასუხა: ყველანი ცოდვის შვილები ვართ, ამიტომ, როცა ასეთ რაღაცას გაიფიქრებ, მთლად ხმამაღლა - არა, მაგრამ თქვი: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". ეს ის პერიოდია, როცა ასლან აბაშიძის წინააღმდეგ მიტინგები იმართებოდა. ყველას გიჟი ვეგონე: ხან მცემდნენ, ხან - მიჭერდნენ, რა აღარ გადამხდენია... ერთი კვირის შემდეგ მოძღვართან ისევ მივედი და ვუთხარი, - არაფერი გამოვა-მეთქი. - რატომო? - მკითხა. ვუპასუხე: ამ მიტინგების გადამკიდე, ხალხს ისედაც გიჟი ვგონივარ, მე კიდევ, მთელი დღე ქუჩაში დავდივარ, აქეთ-იქით ვიყურები და "უფალო, შემიწყალეს" ვიმეორებ; იტყვიან, - კობა ხაბაზი გაგიჟდა, ქუჩაში ლაპარაკი დაიწყოო (იცინის).

კობა ხაბაზი- უცხოეთში დასასვენებლად არ მიემგზავრებით ხოლმე?

- უამრავ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ დასასვენებლად - არასოდეს. ყველა ქვეყანა საოცარია - თავისი წარსულით, რეალობით, ისტორიული ნაგებობებით, ხალხის შრომის შედეგით, მაგრამ მაგალითად, საბერძნეთში, რომელიც აკროპოლისის სამშობლოა, გავოგნდი, როცა იქაურ "ბუზუკში" ვიყავი. მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, ავხსნი: "ბუზუკი" იგივეა, რაც ჩვენთან - ღამის კლუბი. მოკლედ, ჩვენს ელჩთან ერთად, წავედი "ბუზუკში", რომელიც კულტურული ცხოვრების "ქვაკუთხედია": ცნობილი შემსრულებლები გამოდიან, ცეკვავენ, მღერიან... პირველად მაშინ გავოგნდი, როცა გარკვეული თანხა გადავიხადე და "ბუზუკში" შევედი. სასმელი მოგვიტანეს; საჭმელი არ იყიდება. გამიკვირდა: ამ დაწესებულების შემოსავლის წყარო რა არის-მეთქი? გოგონები დადიოდნენ, რომლებსაც ხელში 10-10 თეფში ეჭირათ; თეფშებზე ყვავილები ეწყო; თითოეული თეფში 10 ევრო ღირდა. ყვავილები უნდა აგეღო და ვინც მოგეწონებოდა, იმისთვის გესროლა, მაგალითად - მომღერლისთვის, გვერდით მჯდომისთვის... უცებ წარმოვიდგინე, ეს რომ საქართველოში გააკეთო: ბიჭი გოგოსთან ერთად შემოდის, ვიღაც ბიჭს ეს გოგო მოეწონა და ყვავილებს ესვრის - ხომ ჩხუბი ატყდება?!. იქ აბსოლუტურად პირიქითაა: თუ ბარში გოგოსთან ერთად შეხვალ და მას ყვავილებს არავინ ესვრის, თავს უხერხულად იგრძნობ და შეიძლება, ისიც კი იფიქრო, - რა მახინჯთან ერთად შემოვსულვარო!.. ის კი არა, გოგონები "ბუზუკში" შეყვარებულთან ერთად რომ მიდიან, ახლობლებს, ნათესავებს ფულს აძლევენ და აფრთხილებენ: ყვავილები ყველამ მე მესროლეთო. ცხადია, ასეთ დროს ბიჭი ფიქრობს: რა მაგარი გოგო მყოლია, ყველას მოსწონსო... ვიჯექი ბარში, სიტუაციას ვაკვირდებოდი, უეცრად მომიახლოვდა ერთი გამყიდველი გოგონა, რომელსაც ხელში 10 თეფში ანუ 100 ევროს ღირებულების ყვავილები ეჭირა, და ყველა ყვავილი მე დამაყარა თავზე. ვიფიქრე, - მიხვდა, რომ უცხოელი ვარ და უნდა, ამ ამბავში "ჩამითრიოს", ყვავილები მაყიდვინოს-მეთქი, მაგრამ ჩვენმა ელჩმა მითხრა: კობა, ასე არ ხდება, მაგ გოგოს ხელფასი 100 ევროზე მეტი კი არ არის; ყვავილები შენ რატომ დაგაყარა, ვერ ვხვდებიო. ამასობაში, მეორე გამყიდველი გოგო გაჩერდა და მანაც 100 ევროს ყვავილები სათითაოდ დამაყარა თავზე. ვიფიქრე, რომ გოგონას მოვეწონე. მალე მესამე გოგოც მოვიდა და ყვავილები დამაყარა. ვიფიქრე, რომ ისეთი აღნაგობა მაქვს, რომელსაც ქართველი ქალები ვერ აფასებენ, სამაგიეროდ, ბერძენი გოგონები გიჟდებიან. გარკვეული პოზების მიღებაც კი დავიწყე - აქეთ-იქით ვტრიალებდი, თავს აპოლონს ვადარებდი, ვფიქრობდი, რა მაგარი ვყოფილვარ, საბერძნეთში ხომ არ დავრჩე-მეთქი?.. ამ დროს პირველი გოგო, ვინც ყვავილები დამაყარა, მოვიდა და ქართულად მითხრა: ჩვენ ქობულეთელები ვართ; დიდი ხანია, საქართველოდან წამოვედით, ტელევიზიით გიცნობთ, პირადად პირველად გნახეთ და ძალიან გაგვიხარდაო. ასე დავრჩი გაწბილებული (იღიმის).

- თბილისში ზაფხულის სიცხეს თავს სად აფარებთ? შვებულებაში არ გადიხართ?

- მეეჭვება, რომ წელს რომელიმე პოლიტიკოსმა დასასვენებლად მოიცალოს. ყველანი ამომრჩევლებთან შეხვედრებზე დავდივართ. დასვენებისთვის არ გვცალია. როცა თბილისში ვარ, დილით ფეხბურთს ვთამაშობ ან ფიტნესკლუბში ვვარჯიშობ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"