ირაკლი სესიაშვილი: "როცა ხელისუფლება ამდენს იტყუება, საზოგადოებას აქვს უფლება, არ ენდოს მას"

ირაკლი სესიაშვილი: "როცა ხელისუფლება ამდენს იტყუება, საზოგადოებას აქვს უფლება, არ ენდოს მას"

ახლახან ინტერნეტგვერდ chechencenter.info-ზე გამოქვეყნდა სტატია "ჩეჩნეთი საქართველოში მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს", (Chechnya will investigate the incident in Georgia) რომელშიც ნათქვამია, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის დევნილი ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრ ახმედ ზაკაევის ბრძანებულებით, შეიქმნა სახელმწიფო კომისია საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად. ზაკაევი ამბობს, რომ ეს პირები "ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები იყვნენ". სტატიაში ლოპოტის ხეობაში განადგურებული დაჯგუფების წევრები ჩეჩნეთის განმათავისუფლებელი ძალის მებრძოლებად არიან მოხსენიებული, ასევე ნათქვამია, რომ "მძევალთა აყვანა მათ ინტერესში ნამდვილად არ შედიოდა". ამასთანავე, ჯერ კიდევ დაუდგენელია, შეიარაღებული დაჯგუფება ქვეყანაში შემოვიდა თუ ქვეყნიდან გადიოდა, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ დივერსანტებად მოიხსენიებს. ამ სპეცოპერაციისა და მისი თანამდევი პროცესების შეფასება უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტს, ირაკლი სესიაშვილს ვთხოვეთ.

- ამ ჩავარდნილი სპეცოპერაციის რეალური სურათის, გახმაურება, საზოგადოებისთვის გაცნობა ხელისუფლებას ხელს არ აძლევს. სპეცოპერაციის თაობაზე ბუნდოვანება თავიდან იყო, გავრცელებული ინფორმაცია უმეტესწილად, ფაქტებს არ ემთხვეოდა. თუმცა, სიმართლე მაინც გაირკვა და ხელისუფლებას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. მმართველი გუნდის სურვილი, მოატყუოს საზოგადოება და საზოგადოების სურვილი - იცოდეს სიმართლე, დღესაც უცვლელია. ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული, იყო თუ არა კავშირი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და ამ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის, ან რატომ გადაწყვიტეს მათი ლიკვიდაცია. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ხელისუფლებას ძალზე მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.

- ანუ, მიიჩნევთ, რომ ამ შეიარაღებულ ჯგუფსა და ხელისუფლებას შორის კავშირი იყო?

- შემიძლია გითხრათ, რამდენჯერ მოგვატყუა ხელისუფლებამ მთელი საზოგადოება: პირველად მოგვატყუეს მაშინ, როცა გვითხრეს, რომ ხუთ ლაფანყურელ ახალგაზრდას სიმთვრალეში გზა დაებნა და მოგვიანებით იპოვეს. მეორედ მოგვატყუეს მაშინ, როცა მძევლების სამ ჯგუფზე ალაპარაკდნენ. რეალურად, იქ მძევალი (ყველა იმ ნიუანსით, რასაც მძევლობა ჰქვია) არავინ ყოფილა. ეს ხუთი ახალგაზრდა დაჯგუფების წევრებმა გაიყოლიეს იმისათვის, რომ დრო მოეგოთ და საზღვარი გადაეკვეთათ. არც მესაზღვრეების იქ დარჩენა ნიშნავს მათ მძევლად აყვანას, ისინი იქ იმიტომ დარჩნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონტაქტი დაემყარებინათ. შემდეგ იქ ჩავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იფიცერი, როგორც "მომლაპარაკებელი თავი". ამის შემდეგ, როგორც შსს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი ახცადებს, დაჯგუფება უარს ამბობს განიარაღებაზე (თუმცა, რეალურად, რაზე მიდიოდა მოლაპარაკება, უცნობია) და მოქმედებას შორიახლოს ჩასაფრებული სპეცდანიშნულების რაზმი იწყებს. ანუ, ხელისუფლება მოლაპარაკების წარმოებით, სისხლის ღვრის აცილებით თავიდანვე არ იყო დაინტერესებული. ხელისუფლებამ მოგვატყუა მაშინ, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო თავგამოდებით ამტკიცებდა, "ბოევიკთა" შორის საქართველოს მოქალაქე არც ერთი არ არისო. მაშინ, როცა მეორე დღესვე დაიწყეს ვაჭრობა მიცვალებულებით მათ ოჯახებთან პანკისის ხეობაში - გარდაცვლილები არ იგლოვოთო. ან სად წავიდა ალყაში მოქცეული 6 დივერსანტი, რომლის თაობაზეც ძალოვანი უწყებები საუბრობდნენ? ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია კითხვა: დასრულდა სპეცოპერაცია? როცა ხელისუფლება ამდენ ტყუილს ამბობს, საზოგადოებას აქვს უფლება, არ ენდოს მას. ამ სპეცოპერაციამ გამოაჩინა ქვეყნის უშიშროების სისტემის უსუსურობა; შეიარაღებულ რაზმს ასეულობით სპეცრაზმელი, ძალოვანი დასდევდა და ჩვენი მხრიდან სამი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები. მიხეილ სააკაშვილი და დავით ბაქრაძე კი ამაყობენ, რომ ქვეყანა დაცულია. სამი მიმართულებიდან რომ შემოვიდეს 17-კაციანი დაჯგუფება, მთელი არმია უნდა მივმართოთ მათ წინააღმდეგ?

- რა გავლენას მოახდენს ეს სისხლიანი მოვლენა საქართველოს ურთიერთობაზე ჩრდილო კავკასიელ ხალხებთან?

- ეს ინციდენტი უარყოფითად აისახება არა მხოლოდ ჩრდილოკავკასიელებთან, არამედ ქისტებთან ურთიერთობაზეც, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან, და რომლებშიც მძაფრი პროტესტი გამოიწვია იმან, რაც მოხდა. ახლა დიდი მნიშვნელობა ექნება ქართველი საზოგადოების პოზიციას.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა